ეჭვგარეშეა, Google-ის, ChatGPT-ისა და ყველა სხვა ძლიერი მოთამაშის წინააღმდეგ წასვლა თამამი ნაბიჯია, განსაკუთრებით კი სტარტაპისთვის, რომელიც ამჯერად მხოლოდ 2 სრულგანაკვეთიან თანამშრომელს მოიცავს. თუმცა ესეც ამბიციური მისიის ნაწილია, რათა საძიებო სისტემების მომავალი შეცვალონ…
24 წლის ჰუვერი AI-ზე დაფუძნებული საძიებო სისტემის სტარტაპის Andi თანადამფუძნებელია ჯედ ვაითთან ერთად, რომელიც ვეტერანი ტექნიკოსია და თითქმის იმდენი ხანი მუშაობს ამ საკითხებთან, რამდენი წლისაც თავად ჰუვერია. ამჯერად, ისინი ძიების ახალი ეპოქის დაწყებას გეგმავენ.
„უკვე ვიწინასწარმეტყველეთ, როგორი იქნება საძიებო სისტემების შემდეგი თაობა სამეცნიერო ფანტასტიკაში და ჩვენთვის ეს ჰგავს ჯარვისსს ან სამანტას, ან C-3PO-ს ვარსკვლავური ომებიდან“, — ამბობს ჰუვერი.
რაც უნდა ფუტურისტულად ჟღერდეს ეს სიტყვები, ფაქტია, რომ ენდი გვთავაზობს იმას, რაც Google-სა და ChatGPT-ის შორისაა. მიზნად ისახავს, ორივე მათგანიდან საუკეთესო აიღოს და რაღაც ახალი, მაგრამ ამავდროულად ნაცნობი წარმოგვიდგინოს.
ანდის ძიების სტრატეგია
როცა Andi-ს საიტზე პირველად მოხვდებით, იქ საყვარელი ბოტი დაგხვდებათ, რომელიც ელოდება, როდის ჰკითხავთ ან უბრძანებთ რამეს. დიახ, ამ ეტაპზე რაღაც ჩეთის მსგავსია, რომელიც ყოველთვის დაგიბრუნებთ შესაბამის პასუხს, ციტატაც კი შეიძლება მოიყვანოს და გითხრათ, საიდან გაჩვენებთ ინფორმაციას. ეს კი ის არის, რასაც ChatGPT არ აკეთებს, Google-ის DeepMind კი, როგორც ამბობენ, მის დახვეწაზე მუშაობს…
თუმცა, თუ უფრო სიღრმისეული შედეგების ნახვა გსურთ, Full search results-ს უნდა დააკლიკოთ… ამ ეტაპისთვის მას შეუძლია შეასრულოს ისეთი ამოცანები, როგორებიცაა გრძელი სტატიის შეჯამება, თქვენი სახელით ელ.ფოსტის დაწერა ან, თუნდაც, კონკრეტულ თემაზე იდეების მოწოდება LinkedIn-ის პოსტისთვის.
„ჩემი ასაკის ადამიანებს, ანუ ზეტ თაობას, სწყურია ახალი საძიებო სისტემა, სწორედ ამიტომ დავიწყებთ ძებნით, მაგრამ ყველაზე მეტად გვაინტერესებს ის, თუ როგორ შეუძლია AI-ის გახდეს თქვენი ჭკვიანი ასისტენტი“, — განმარტავს ჰუვერი.
საბოლოო მიზანია, ანდიმ ყველა საჭიროება დაგიკმაყოფილოთ, იქნება ეს ძირითადი ინფორმაცია, კონტენტის შექმნის უფრო რთული ფორმა თუ დავალებები, რომლითაც შეგიძლიათ ზუსტად ისე მიმართოთ, როგორც Google Assistant-ს. მაგალითად, დააჯავშნინოთ რესტორანი. მაშინ კი, როცა საქმე ჩვეულებრივ მარტივ საძიებო სისტემას ეხება, ანდი აქ რაღაც განსხვავებულს გთავაზობთ.
სრულიად განსხვავებული ძიების ფილოსოფია
მართალია, Google მილიწამებში გვაწვდის ინფორმაციებს და ეყრდნობა ინტერნეტში არსებულ მთლიან ბაზას, მაგრამ ასე არ იქნება ანდის შემთხვევაში — იგი მოგაწვდით კონკრეტულ საკითხზე უფრო აქტუალურ ინფორმაციას, რისთვისაც დაახლოებით 1 წამამდე დრო დასჭირდება. ძიების პროცესში ახალი საძიებო სისტემა იმასაც დააკვირდება, თუ რას გთავაზობთ Google ან Bing, თუმცა სხვა წყაროებსაც გაითვალისწინებს, რათა რელევანტური პასუხების დროული სია შემოგთავაზოთ.
თუ Google-ს ჰკითხავთ, ვინ არის კონკრეტული პირი, იგი ყველა ვებგვერდს გაჩვენებთ, რომელშიც ეს სიტყვებია ნახსენები:
Andi კი შემოგთავაზებთ აბზაცს, რომელიც კითხვაზე ზუსტ და პირდაპირ პასუხს გაგცემთ. ამასთან, კონკრეტული ინფორმაციისა და სხვა წყაროების ბმულსაც მოგაწვდით:
შესაძლოა, მიღებული პასუხი სრულყოფილი არ იყოს, თუმცა Google-ის ალტერნატივას ნამდვილად წარმოადგენს… ამასთან, ბევრ პრაქტიკულ დეტალს გვთავაზობს, მაგალითად, თუ ლინკიდან სტატიაზე გადასვლა გსურთ, ამისთვის ჩვეულებრივ read ღილაკი უნდა გამოიყენოთ, რის შემდგომაც იგი სტატიას რეკლამებისა და ენდის დატოვების გარეშე გაჩვენებთ. დიდი ალბათობით, ეს ამბავი რეკლამის განმთავსებლებს არ მოეწონებათ და არც ვებგვერდების მფლობელებს, მაგრამ მკითხველის თვალით თუ შევხედავთ, ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.
თუმცა სად შევძლებთ რეკლამების ნახვას? ალბათ, გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ Andi ნულოვანი რეკლამის ფილოსოფიაზეა აგებულიო, მაგრამ ასეა. მეტიც, კონფიდენციალურობის საუკეთესო ვერსიას გვთავაზობს — ჩვენი იდეალური საძიებო სისტემა ჩვენივე პერსონალურ მონაცემებს არ შეაგროვებს, არც ე. წ. ქუქი-ფაილებს მოიცავს, არც IP მისამართებს ინახავს, არც მდებარეობებსა და არც ძიების ისტორიას. პატარა ტექსტსაც კი გაჩვენებთ, რომლითაც ისტორიის წაშლას თავადვე შეძლებთ. მართალია, სამომავლოდ ფულის გამომუშავებას Andi პრემიუმ პაკეტითა და ბიზნეს გეგმებით აპირებს, მაგრამ პირველადი შეთავაზების შენარჩუნებას მაინც გვპირდება.
„ძალიან მოგვწონს ამ სივრცეში არსებული კონკურენცია და ინოვაციები, რაც უბრალოდ გვაიძულებს, გავხდეთ უკეთესები“, — აცხადებს ჰუვერი.