in

ანდრო რატიანი – #პირველისამსახური

andro ratiani

ჩემი პირველი სამსახური საქართველოს ბანკი იყო, სადაც 2002 წელს, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში პროტოკოლის სპეციალისტად დავიწყე მუშაობა. 19 წლის ვიყავი, ბიზნესის ადმინისტრაციაზე სწავლა ახალი დამთავრებული მქონდა, როცა ერთ-ერთ საიტზე განთავსებული ვაკანსია ვნახე. პროტოკოლის სპეციალისტს ეძებდნენ. თავიდან კარგად ვერ გავერკვიე რას ნიშნავდა, მაგრამ ძალიან მინდოდა ბანკში სამსახურის დაწყება. მაშინ CV-ის გაგზავნა არ ხდებოდა, ამიტომ ადგილზე თავად მივიტანე. შემდეგ დამიკავშირდნენ – ჯერ უნარებისა და ინგლისური ენის ტესტირება მქონდა, შემდეგ სამი გასაუბრება და დაახლოებით, სამ კვირაში შემატყობინეს, რომ ამიყვანეს.

პროტოკოლის სპეციალისტი ზუსტად სამი თვის განმავლობაში ვიყავი. ჩემს ფუნქციებში შედიოდა კონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება, ბანკების გენერალური დირექტორების მოადგილეების საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება, ადგილზე ან საზღვარგარეთ. სამი თვის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გავხდი. ამ დროს, ჩემს მოვალეობაში შედიოდა კორესპონდენტ ბანკებთან ურთიერთობა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. მახსოვს, ორი პარტნიორი მოვიზიდეთ, ერთი იყო ჰოლანდიური განვითარების ბანკი FMO და World Bank-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია.

არ მავიწყდება პირველი სირთულეც – ეს იყო პრეზენტაციის ჩატარება კონფერენციაზე, რომელსაც დაახლოებით, 50 ადამიანი ესწრებოდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიმუშავე საკუთარ თავზე და საფუძვლიანად მოვემზადე პრეზენტაციისთვის. როცა იცი, რაზე საუბრობ და გაქვს პრაქტიკა, ცოტას მაინც ნერვიულობ, მაგრამ ბევრად თავდაჯერებული ხარ. პირველი სამსახური ზღვაში შეგდებას ჰგავს, ადაპტაციის პერიოდიც არ მქონია. ასეთ დროს, ორი ვარიანტია – ან ჩაიძირები, ან ამოცურავ, მე მეორე ავირჩიე.

ანდრო რატიანი – ,,Digital Area’’-ს გენერალური დირექტორი, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელი

“მოულოდნელ ადგილებში ვაწყდები ისეთ დეტალებს, რაც შემდგომ შთაგონების წყარო ხდება” – ნინა კინწურაშვილი

დროის მენეჯმენტი არ გვიშველის