22
May
2019

აშშ-მა „ჰუავეისთვის“ ლიცენზიის შეჩერების აღსრულება 3 თვით გადადო

22 May 2019

Alta
Alta


Huawei-ს შეეძლება პროგრამული განახლებების მიღება მის მოწყობილობებზე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, მიუხედავად ამერიკაში „ჰუავეის“ სმარტფონების ეფექტური გაყიდვის აკრძალვისა. აღნიშნული გადაწყვეტილება 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, Android-მა „ჰუავეის“ ლიცენზია შეუჩერა – ამ კომპანიის სმარტფონების მომხმარებლებს Android-ის განახლებებზე ხელი აღარ მიუწვდებოდათ. თავის მხრივ, „ჰუავეიმ“ კი საკუთარ, დამოუკიდებელ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობა დაიწყო, უფრო კი, გააგრძელა, რადგან ჩინური კომპანია აშშ-ს მხრიდან მსგავს ნაბიჯს ელოდა.

Huawei-ს სმარტფონები Google-ის აპლიკაციების მაღაზიიდან (Google Play) სისტემურ განახლებებს 3 თვეში ვეღარ მიიღებენ. ხოლო Huawei-ს ახალ სმარტფონებს საერთოდ აღარ ექნებათ წვდომა Google-ის აპლიკაციების მაღაზიაზე და ისეთ აპლიკაციებზე, როგორიც, მაგალითად Gmail-ია.

Huawei-ს ამჟამად ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტისგან დროებითი ლიცენზია აქვს, რომლის მიხედვითაც, მას ექნება საშუალება, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სერვისის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მომსახურება მიიღოს. მათ შორის, პროგრამული განახლებები და პატჩები. თუმცა ეს ისევ, „ჰუავეის“ იმ სმარტფონებს ეხება, რომლის მოხმარებაც 2019 წლის 16 მაისამდე დაიწყეს.

Huawei-სთვის „ანდროიდის“ ლიცენზიის შეჩერების ფაქტი უკავშირდება დონალდ ტრამპის ნაბიჯს – აშშ-ის პრეზიდენტმა, 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის მხრიდან Huawei-ზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა იეჭვა, რომ ჩინეთის მთავრობა Huawei-ს მოწყობილობას ჯაშუშობისთვის იყენებდა. ჯერ კიდევ 2018 წელს, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს Huawei-ს მოწყობილობების გამოყენება აეკრძალათ.

განხილვა