29
Mar
2019

რობოტი, რომელიც მღვდელია

29 Mar 2019

veon
veon


იაპონიის ქალაქ კიოტოში, ოთხასწლიანი ისტორიის მქონე ბუდისტურ ტაძარში – კოდაიჯი, რობოტი მღვდელი ქადაგებს. ჰუმანოიდი რობოტი სახელად Android Kannon, ტრადიციულ ბუდისტურ სწავლებაზე დაყრდნობით საუბრობს და მისი მოსმენა 2019 წლის მარტიდანაა შესაძლებელი.

გამოცემა „ტელეგრაფის“ ცნობით, რობოტის შესაქმნელად 692 000 ევრო დაიხარჯა. ის ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორის – ჰიროში იშიგუროსა და ბუდისტური ტაძრის თანამშრომლობის შედეგია. ტაძარმა მიმართა პროფესორს და სთხოვა ისეთი ჰუმანოიდი რობოტის შექმნა, რომელიც ბუდას მოძღვრებას მოყვებოდა და მისცემდა ადამიანებს საშუალებას, ეპოვათ გონებრივი სიმშვიდე. ჰუმანოიდი რობოტის გარდა, ტაძრის სხვა მსახურები იმედოვნებენ, რომ რელიგიისა და ტექნოლოგიების შერწყმა, რობოტ Android Kannon-ის სახით, თანამედროვე ადამიანთან უფრო ახლოს მიიტანს რელიგიურ სწავლებებს.

195 სანტიმეტრის სიმაღლის რობოტს შეუძლია კიდურებისა და თავის მოძრაობა, თუმცა, მხოლოდ ხელები და სახე აქვს დაფარული კანის მსგავსი, პრიალა მასალით. ვიდეოკამერა მის მარცხენა თვალშია ჩამონტაჟებული. ის იაპონურად საუბრობს, თუმცა, ტაძრის არაიაპონელი ვიზიტორებისთვის, მისი საუბარი, სპეციალურ ეკრანზე, ინგლისურად ითარგმნება.

რამდენად მზადაა თანამედროვე რეალიგია თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის? მეორე მხარის პასუხი უკვე გვაქვს – ტექნოლოგია მზადაა თანამედროვე რელიგიის დამხმარედ იქცეს.

განხილვა