in

კვლევა: Android მომხმარებლის შესახებ 20-ჯერ მეტ ინფორმაციას აგროვებს, ვიდრე iOS

Google ამ კვლევას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება

დუბლინის ტრინიტის კოლეჯის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტიპური ანდროიდ მოწყობილობა მომხმარებლების შესახებ დაახლოებით 20-ჯერ მეტ მონაცემს აგროვებს, ვიდრე iPhone.

მკვლევარ დაგ ლეითის აზრით, რომელიც ასევე დუბლინის ტრინიტის კოლეჯში, კომპიუტერული სისტემების კათედრაზე მუშაობს, iOs და Android სისტემები მუდმივად აგროვებენ მომხმარებელთა მონაცემებს და Apple-სა და Google-ს უგზავნიან. ეს ინფორმაცია SIM ბარათის სმარტფონში ჩადებიდან გროვდება, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციების გამოყენებას იწყებს.

მონაცემთა შეგროვების რუტინული მოქმედება შესაძლოა, მაშინაც კი გრძელდებოდეს, როდესაც მომხმარებელი სისტემაში შესული არაა – ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ კონფიდენციალურობის პარამეტრებში მონაცემების შეგროვებაზე თანხმობაა მიცემული.

დაგ ლეითმა აღმოაჩინა, რომ iOS მობილური აღჭურვილობის საერთაშორისო პირადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებს, როგორიცაა მოწყობილობის და SIM ბარათის სერიული ნომერი, ტელეფონის ნომერი, მოწყობილობის ID, მათ შორის UDID და რეკლამის ID, ადგილმდებარეობა, ტელემეტრია, ქუქი-ფაილები, ადგილობრივი IP მისამართი და ახლომდებარე Wi-Fi  და Mac მისამართები. 

რაც შეეხება ანდროიდს, ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილის შესახებ აგროვებს მონაცემებს, გარდა ადგილობრივი IP და ახლომდებარე Wi-Fi და Mac მისამართებისა. თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ანდროიდი Google-ს თავიდანვე დაახლოებით, 1 მეგაბაიტ მონაცემს უგზავნის, ხოლო iOS დაახლოებით, 42 კილობაიტს. რის შემდეგაც, ყოველ 12 საათში ადნორიდის მიერ გაზიარებული მონაცემების რაოდენობა ბევრად აღემატება iOS-ისას.

ლეითმა კვლევის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების შემოწმება მობილური ტელეფონის სისტემის რესტარტის შემდეგ დაიწყო და სხვადასხვა ვარიანტები განიხილა – როდესაც მომხმარებელი არ იყენებდა სმარტფონს, როდესაც ადგილმდებარეობა გამორთული იყო, ან პირიქით და როცა ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენება ხდებოდა.

როგორც Google აცხადებს, მსგავსი მეთოდოლოგია არასწორია და დასძენს, რომ მონაცემთა შეგროვება ნებისმიერი დაკავშირებული მოწყობილობის ძირითადი ფუნქციაა. ამიტომაც, კომპანია ეჭვქვეშ აყენებს ექსპერიმენტის ნამდვილობას… “ჩვენ მკვლევრის მეთოდოლოგიაში ბევრი ნაკლოვანება გამოვავლინეთ და არ ვეთანხმებით ნაშრომის მტკიცებას, რომ ანდროიდ მოწყობილობა iOS-ზე 20-ჯერ მეტ ინფორმაციას აზიარებს”.

ამასთან ერთად, კომპანია აღნიშნავს, რომ მათაც მიაწოდეს დაგ ლეითს საკუთარი კვლევა, სადაც სმარტფონების მუშაობის ძირითადი ასპექტებია მოცემული. კვლევის თანახმად, სმარტფონების მუშაობა თანამედროვე მანქანების პრინციპს იზიარებს – ორივე მათგანი უსაფრთხოებისა და მომსახურების გაუმჯობესების პრინციპით აგროვებს მონაცემებს.

ასეთი “თავის მართლების” მიუხედავად, ლეითი ამ აზრს ეწინააღმდეგება და ფიქრობს, რომ მონაცემების შეგროვება არსებითად საშიშია. “ამჟამად რამდენიმე რეალური ვარიანტი არსებობს, ამ მონაცემთა გაზიარების თავიდან ასაცილებლად” – დასძენს ლეითი.

 IN VITRO CLINIC-ის ბაზაზე, მრავალპროფილური კლინიკა „ლიდერმედი“ შეიქმნა 

LinkedIn ქლაბჰაუსის მსგავსი ფუნქციის შექმნაზე მუშაობს!