Google I/O 2025 დასრულდა, შესაბამისად, უკვე ვიცით, საით მიიწევს ტექნოლოგიური გიგანტი. ე. წ. დაგუგლვას წარსულში ტოვებს, მომავალს კი ხელოვნურ ინტელექტსა და შერეული რეალობის მოწყობილობებში ხედავს… ბევრს აღარ გავაგრძელებთ და ახლა კიდევ სამ სიახლეს გაგაცნობთ, რომელთა შესახებ სწორედ გუგლის დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენციიდან გავიგეთ:
Android XR-ის ჭკვიანი სათვალე
თუ გასულ კვირას ჩატარებულ Android Show-ზე, გუგლმა Android 16-ის ახალი ფუნქციები გაგვაცნო, I/O-ს კონფერენციაზე დამატებით დეტალებს გუგლის შერეული რეალობის გეგმების შესახებ ამხელს. მოკლედ, Android XR-ის პლატფორმა წარადგინა აუგმენტური, შერეული და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისთვის.
ყველაზე საინტერესო კი ამ ამბავში ახლა Android XR-ის ჭკვიანი სათვალეა, რომელშიც Gemini შეგხვდება, ჩაშენებულ კამერებსა და მიკროფონებთან ერთად. უფრო მოდური ვარიანტების შესაქმნელად კი ტექნოლოგიური გიგანტი Samsung-თან, Gentle Monster-თან და Warby Parker-თან თანამშრომლობს.
Android XR ლაივ რეჟიმში თარგმნას, Google Maps-ის მინი ვარიანტით ნავიგაციაში დახმარებასა და იმერსიული 360-გრადუსიანი ვიდეოების ნახვას ჰპირდება მომხმარებლებს.
Gmail AI Smart Replies
ხელოვნური ინტელექტი თქვენს შეტყობინებების ყუთშიც დაიდებს ბინას. Gmail მალე პერსონალიზებულ პასუხებს შემოგთავაზებთ. თქვენი წერის სტილსა და ძველ ელ.წერილებს გაანალიზებს, რათა თქვენთვის ავთენტური პასუხები შემოგთავაზოთ. სისტემა აკვირდება, როგორ ესალმებით, რა ტონით საუბრობთ, რომელ სიტყვებს ანიჭებთ უპირატესობას, შემდეგ კი მსგავსი ფორმულირებით რელევანტურ პასუხებს გთავაზობთ.
თქვენი ნებართვის საფუძველზე Gemini ინფორმაციებს Gmail-ისა და Google Drive-იდანაც აიღებს პასუხების შესადგენად — თუ, მაგალითად, მეგობარი ელ.ფოსტით თქვენი ბოლო მოგზაურობის შესახებ გკითხავთ, Gemini Docs-ს მიაკითხავს თქვენივე მარშრუტების სანახავად, რათა მისთვის დეტალური პასუხის შედგენაში დაგეხმაროთ.
ფუნქცია ივლისში ინგლისურენოვანი მომხმარებლებისთვის Google Labs-ში ჩაეშვება, როგორც ვებ, ისე iOS და Android პლატფორმებზე.
Google Meet AI Translation
ამასობაში, საზღვარგარეთ მყოფ მეგობრებსა თუ კოლეგებთან ვიდეოზარებიც მარტივდება — Google Meet რეალურ დროში თარგმნის ფუნქციას ამატებს, რაც, რაღა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გახდება შესაძლებელი. იგი თქვენს სიტყვებს პარტნიორისთვის სასურველ ენაზე დაუყოვნებლივ თარგმნის. ეცდება კიდეც, რომ ამ დროს თქვენი ტონი შეინარჩუნოს.
ამ ეტაპისთვის თარგმნა ინგლისურ და ესპანურ ენებზეა ხელმისაწვდომი, მალე კი ჩამონათვალს უფრო მეტი ენა დაემატება. ფიქრობენ, რომ აღნიშნული ფუნქცია საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე ბიზნესებსა და ოჯახებს, რომლებშიც სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.
AI თარგმნის ფუნქცია ბეტა რეჟიმში Google AI Pro-სა და Ultra-ს გამომწერებისთვის ჩაეშვება.
Google I/O 2025-ის სხვა სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს.