in

ქართველი სტუდენტის მიერ გადაღებული ანდრომედას გალაქტიკა და ასტროფოტოგრაფიის პერსპექტივები საქართველოში

„ღირდა ამის გამო ბიოლოგიური საათის არევა? გაყინვა? ხელებიდან ძალის გამოცლა? მე მგონია, რომ კი. 3 საათის განმავლობაში შეგროვებული სინათლე, რომელმაც 2 მილიონი წელიწადი იმოგზაურა“.

მაშინ, როცა სამყარო მხოლოდ ჩვენი გალაქტიკა გვეგონა, ანდრომედას დიდი ნისლეული ეწოდებოდა და ითვლებოდა, რომ ჩვენს გალაქტიკაში არსებული ნისლეული იყო. თუმცა, ედვინ ჰაბლმა, თავისი ობსერვატორიიდან, ამ ობიექტში ცვალებადი ვარსკვლავები შეისწავლა და დაადგინა, რომ ის ძალიან, ძალიან შორს მდებარეობდა ჩვენგან. შეუძლებელი იყო, ის ჩვენი გალაქტიკის ნაწილი ყოფილიყო. მაშინ რა იყო? დიახ, ცალკეული გალაქტიკა! ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე უფრო გაფართოვდა. ბოლო მონაცემებით კი სამყაროში ორი ტრილიონი გალაქტიკა არსებობს. დღეს კი, ტექნოლოგიები იმ დონემდე განვითარდა, რომ მოყვარული ასტროფოტოგრაფებიც, მათ შორის, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი – ბექა მამუკაშვილიც კი იღებს დედამიწიდან 2 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ „რევოლუციურ“ ანდრომედას გალაქტიკას. აბასთუმნის ობსერვატორიიდან გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და აი, ჩვენც დავინტერესდით საქართველოში ასტროფოტოგრაფიის პერსპექტივებით, ასტროფოტოპროდუქტის შექმნის პროცესითა და ბექას გზით, ასტრონომიის მიმართ ინტერესიდან სამოყვარულო საქმიანობამდე:

M: როდიდან იწყება შენი დაინტერესება ასტრონომიით და როგორ შეძელი, საქართველოში, ამ ინტერესის სამოყვარულო საქმიანობაში გადატანა?
რაც თავი მახსოვს, სულ მხიბლავდა ღამის ცა. დღისითაც ვაკვირდებოდი ხოლმე ცის ფერს, ღრუბლების მოძრაობას, ვცდილობდი, დედამიწის ბრუნვა შემემჩნია, მაგრამ ვერ. გარკვეული დროის მერე ინტერესი გამიქრა, უფრო სწორად, გამინელდა, მიიძინა სადღაც. მამიდაჩემი – ნატა, ფიზიკის მასწავლებელი იყო იმ სკოლაში, სადაც მე დავდიოდი. ფიზიკა მეზიზღებოდა იმ დროს. სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი, ამიტომ, ხშირად მოდიოდა ხოლმე სკოლის მერე ჩემთან სახლში და მელაპარაკებოდა. ერთ დღესაც, ასტრონომიაზე დამიწყო ლაპარაკი. მითხრა, ასტროფიზიკოსობა ან ასტრონომობა თუ მინდოდა, ფიზიკის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი და ისიც მითხრა, რასაც ჩვენ გარშემო ხედავ, ყველაფერი ფიზიკის კანონებს ემორჩილებაო. ასე დაიწყო ჩემი ინტერესი ფიზიკის მიმართ. ინტერნეტთან წვდომამ და ინგლისურის ცოდნამ საშუალება მომცა, ჩემით გავცნობოდი რაღაც სიახლეებს. უფროსი და უფრო მცოდნე მეგობრების დახმარებით, ცხადია.

14 წლიდან მივყვები ასტრონომიის მნიშვნელოვან სიახლეებს, დღეს არ ვაგდებ, რამე ახალი რომ არ გავიგო. არ მიყვარს, როცა რაღაც, თუნდაც წვრილმანი, ვიცი და სხვას არ ვუზიარებ, არ მასვენებს ნამუსი. ამიტომ, ჩემი მწირი ცოდნის გაზიარება ვცადე ჩემი პირადი ფეისბუკგვერდით. საკმაოდ კარგი ხალხი მყავდა იქ, კითხულობდნენ ჩემს დაწერილ ნიუსებს, მელოდებოდნენ, ახალს რას დავუწერდი და ასე თუ ისე, ჩემი მიზანიც მართლდებოდა – ჩემთვის, ეგოისტურად არ ვიტოვებდი მწირ ცოდნას. ამ გვერდის საშუალებით, ვიკიპედიის მთავარი ადმინისტრატორი, ახლა უკვე ჩემი საუკეთესო ძმაკაცი, მიხეილ ჭაბუკაშვილი დამიკავშირდა და ვიკიპედიაზე მუშაობა შემომთავაზა. თავიდან შევიცხადე, რაის ვიკიპედია, სკოლის მოსწავლე ვარ-მეთქი. მიშამ მითხრა, რომ ვიკიპედიაში ყველა მოყვარულის დონეზე იყო და პროფესიონალი არავინ ჰყავდათ. მეც დავთანხმდი. უკვე მეექვსე წელია, ვცდილობ, საქართველოს ყველაზე დიდი ენციკლოპედია მცირედით მაინც გავამდიდრო. ახლა On.ge-ზე ვარ სამეცნიერო ჟურნალისტი. მე და მიშა, თან თანამშრომლები და თან კონკურენტები, ვხოცავთ ერთმანეთს რამე სამეცნიერო აღმოჩენის დროს: ვინ მალე გაუზიარებს ხალხს, ვის უფრო ხარისხიანად ეწერება და ა.შ. ამ კონკურენციის წყალობით კი, მოთხოვნაც გაიზარდა პოპულარულ სამეცნიერო თემებზე და ჩვენს სტატიებს/ნიუსებს საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს.

M: რა გამოცდილება გაქვს ასტროფოტოგრაფიის მხრივ და რა მოლოდინებს გიქმნის შენი თავი ამ სფეროში?
ალბათ, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც ღრმა კოსმოსის ობიექტების დანახვაზე სუნთქვა არ ეკვრება და არ შტერდება მისი სილამაზისგან. მეც ასეთი რიგითი ადამიანი ვიყავი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ მხოლოდ ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპსა და სხვა გიგანტებს შეეძლოთ ასეთი ან ასეთთან მიახლოებული ფოტოების გადაღება და ჩვენ, მოკვდავი ხალხი ამას ვერ შევძლებდით. ასე მეგონა, სანამ დავით დვალი არ აღმოვაჩინე. რომ დავათვალიერე მისი ნამუშევრები, ცოტა ეჭვიც კი მეპარებოდა მის ავთენტურობაში. სხვათა შორის, მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთი სკეპტიკური მისი ნამუშევრების მიმართ: როდესაც National Geographic საქართველოში მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა, მთავარი ოფისიდან მტკიცებულებები მოითხოვეს, რომ ნამდვილად მისი გადაღებულია და არა ჰაბლის ფოტოები. თან თბილისიდან. სინათლის დაბინძურების ქალაქიდან. ოცნებაშიც კი არ წარმომედგინა, რომ ოდესმე დავით დვალს გავიცნობდი, მასეთი, ან მასთან მეათასედით მიახლოებული ფოტოების გადაღებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ჩემმა მეგობარმა, დავით მაღალდაძემ, ტელესკოპი მაჩუქა დაბადების დღეზე. სამოყვარულო დონის იყო. პირველად რომ ჩავხედე და მთვარე დავინახე, ცოტა შემეშინდა, იმდენად ლამაზი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი. შემდეგ იუპიტერიც დავინახე: მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტისა და მისი თანამგზავრების საკუთარი თვალით დანახვა ჩემთვის უდიდესი შოკი იყო, ღამეები არ მეძინა. ამის შემდეგ, გავბედე და დავუკავშირდი დავით დვალს. რჩევები და რეკომენდაციები ვთხოვე ტელესკოპის უკეთ გამოყენებისთვის. მითხრა, ჯგუფის შექმნას ვაპირებ და თუ გინდა, მოდი შენცო. რა თქმა უნდა, დავყარე ყველაფერი, ყველა საქმე მივატოვე და უკან მოუხედავად გავიქეცი. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ასტროფოტოგრაფიაში.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/geoastro.net/videos/494168657631793/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

M: როგორ გადაიღე „რევოლუციური“ ანდრომედას გალაქტიკის ფოტო და რა მნიშვნელობას ატარებს ის მსოფლიო ასტროფოტოგრაფიისთვის?
ანდრომედას გალაქტიკა ჩვენი ირმის ნახტომიდან 2 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული და გრავიტაციის გამო, ჩვენი გალაქტიკისკენ მოემართება. დაახლოებით 2-3 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გიგანტური გალაქტიკა ერთმანეთს შეერწყმება და ერთი დიდი, ელიფსური გალაქტიკა წარმოიქმნება. ვიღაცისთვის ეს ობიექტი უბრალოდ ლამაზი ქმნილებაა, ოდნავ დახრილი, ლამაზ ფერებში, ლამაზი ფორმით. ასტრონომიის მოყვარულისთვისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალ ასტრონომზე, ეს ობიექტი არ არის მხოლოდ ლამაზი. ის არის კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე. რაც შეეხება მსოფლიო ასტროფოტოგრაფიისთვის ამ ფოტოს მნიშვნელობას, დიდი არაფერია. ჩვენს ჯგუფშიც, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, ამაზე ბევრად უკეთესი ფოტოები გადაუღიათ. არც კი შევადარებ დვალის მიერ გადაღებულ ანდრომედას. ეს არის უბრალოდ ჩემი პირადი წინსვლა, სიგნალების დამუშავების სწავლის პირველი ნაბიჯები.

M: როგორია ასტროფოტოპროდუქტის შექმნის პროცესი? რა გიწყობს ან გიშლის ხელს ამ პროცესში?
განსხვავებით დღის ფოტოგრაფიისგან, როცა შეგიძლია ერთ საათში 1000 სხვადასხვანაირი ფოტო გადაიღო, ასტროფოტოგრაფია ამ მხრივ ცოტა ძუნწია. ერთი ხარისხიანი ფოტოს მიღებას საათები, ზოგჯერ კი დღეებიც სჭირდება. გააჩნია ობიექტის სიკაშკაშეს. შედარებით კაშკაშა ობიექტებს არ სჭირდება დიდი ხანი, მაგრამ რაც უფრო დიდხნიანი იქნება, მით უკეთესი.
აი, რა იგულისხმება ხანგრძლივობაში: ადამიანის თვალი გარემოდან არეკლილ სინათლის გარკვეული დროის განმავლობაში აგროვებს. ეს გარკვეული დრო წამზე ბევრად ნაკლებია. ამიტომ მრავალი ობიექტი, ჩვენს ღამის ცაზე, უხილავია ადამიანის თვალისთვის. ადამიანის თვალისგან განსხვავებით, კამერებს ეს დაყოვნების ფუნქცია წამზე მეტი აქვთ. ასტროკამერებით კი შეგიძლია 10 წუთის განმავლობაშიც მოაგროვო სინათლე. რადგანაც დედამიწა ბრუნავს, ღამის ცაზე ობიექტები მუდმივად გადაადგილდებიან. დედამიწის ბრუნვის შედეგად, როდესაც უძრავი შტატივით გადაიღებ 10 წუთის განმავლობაში, სამიზნე ობიექტი კადრიდან გაგექცევა. ამიტომ საჭიროა ისეთი მოწყობილობა, რომელიც ამ ობიექტს ცაზე გაჰყვება: დედამიწის ბრუნვას დააკომპენსირებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სადგარი (mount) ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ასტროფოტოგრაფიისთვის.
კამერა გვაქვს, სადგარი გვაქვს, გვჭირდება ტელესკოპი. მივამაგრებთ კამერას ტელესკოპზე, ტელესკოპს სადგარზე შემოვასკუპებთ და იწყება მილიონობით წლის წინანდელი სინათლის კამერის სენსორზე ჩაჭერა. ცხადია, ეს ძალიან მოკლედ და მარტივად ვთქვი, სინამდვილეში კი საქმე ბევრად რთულადაა, როცა წვრილმანი პრობლემები შემოდის: სადგარის და კამერის კომპიუტერთან დაკავშირება, გიდირების ვარსკვლავის პოვნა, სადგარის პოლარულ ვარსკვლავზე გასწორება და მრავალი სხვა. იდეალურ შემთხვევაში, თუ ღრუბელმა ან ტექნიკურმა პრობლემამ არ შეგვიშალა ხელი, უკვე მზად გვაქვს დასამუშავებელი მასალა. სიგნალების დამუშავება ცალკე მეცნიერებაა.

ორიონის ნისლეული

M: Geo-Astro-ს შესახებ მოგვიყევი.. რა გაერთიანებთ?
Geo-Astro დავით დვალის მიერ დაფუძნებული ჯგუფია, რომელშიც სულ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვერთიანდებით. ჩვენ საერთო ჰობი – ასტროფოტოგრაფია, კოსმოსის სიყვარული და ფოტოგრაფია გვაერთიანებს. ჯგუფში თავიდან დვალი, მე, ტბელ აბუსერიძე და ლევან ვერძეული ვიყავით. შემდეგ კი, ლაშა ებიტაშვილი და დიმიტრი გოდერძიშვილი შემოგვიერთდნენ. დავით დვალისგან განსხავებით, ჩვენ უკვე გამზადებული ინფორმაცია გვქონდა ასტროფოტოგრაფიის შესახებ. დვალს კი, რომელიც პირველი ასტროფოტოგრაფია საქართველოში, უამრავი წიგნით, საიტით, ფორუმებითა თუ ვიდეო ტუტორიალებით მოუწია იმ ყველაფრის შესწავლა და დამუშავება, რასაც ჩვენ გამზადებულს გვაწვდის. რადგან თბილისის ცა საშინელებაა და რამდენიმე ვარსკვლავი ჩანს მხოლოდ, ხშირად დავდივართ ხოლმე ქალაქგარეთ, სინათლისგან შორს, თითქმის სრულ სიბნელეში. ჩვენთვის აზრი არ აქვს ტემპერატურას, ასტროფოტოგრაფიის სიყვარულს იმხელა ძალა აქვს, რომ -15 გრადუსში ცელსიუსით ვყოფილვართ გათენებამდე გარეთ, გაყინულები, ძალაგამოცილები, თუმცა, არც ერთი წამით არ გვინანია ეს, პირიქით! ყოფილა შემთხვევები, როდესაც ველური ბუნების წარმომადგენლებს გადავყრივართ შუა პროცესისას. მაგალითად, ერთხელ, ერთაწმინდაში ყოფნისას, Geo-Astro-ს რამდენიმე წევრს მგლების ხროვამ შემოარტყა ალყა და ბეწვზე მოასწრეს ბარგის მანქანაში ჩალაგება და უკან გამობრუნება.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/geoastro.net/videos/180504182331577/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

M: შენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ქართულ ასტროფოტოგრაფიას?
ასტროფოტოგრაფიას ძალიან დიდი მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ჩვენი წყალობით. დავით დვალი ხსნის პირველ კერძო ობსერვატორიას ბაზალეთში, რის შემდეგაც აღარ მოგვიწევს სხვადასხვა წერტილებში ბოდიალი და გაყინვა – გვექნება უძრავი ობსერვატორია და აღარ დაგვეკარგება ძვირფასი დრო ტექნიკის აწყობისა და დაშლის დროს. ჩვენი ჯგუფი მუდმივად ცდილობს, თავისი დაგროვებული ცოდნა სხვებს გაუზიაროს – დავდივართ სკოლებში, უნივერსიტეტებში და ვატარებთ საჯარო ლექციებს, ვუზიარებთ ჩვენს თავგადასავლებს, ვუქმნით ზოგად წარმოდგენას ჩვენს საქმიანობაზე.

M: რას გეგმავ? რა გინდა? რა უნდა შეცვალო?
ჩემი მიზანია, ჩემი ჰობი ჩემს პროფესიად ვაქციო და გავხდე ასტროფიზიკოსი. როგორც კარლ სეიგანმა შთააგონა ნილ დეგრას ტაისონი, გამხდარიყო მეცნიერი და მე ნილ დეგრას ტაისონმა შთამაგონა მეცნიერობა, მეც მინდა, ვინმე შთავაგონო და ერთით მეტი მეცნიერი მაინც გვყავდეს საქართველოს, მსოფლიოს. ამიტომ, ჩემი მომავალი პროფესია სამეცნიერო კომუნიკატორია. ვაპირებ, რასაც ვისწავლი, ყველაფერი პოპულარულ, ყველასათვის გასაგებ ენაზე მოვუყვე ხალხს, დავანახო ჩვენი სამყარო რეალური თვალით და არა იმ ზღაპრებით, რომლებითაც ბავშვობიდან გვიტენიან თავს.

ცნობილი კომპანიების ლოგოების ორიგინალური ანიმაციები!

#goDATAgo – ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ავტომბრბოლელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში