მიუნხენელი ფოტოგრაფი, ენდი შვეცი გვიყვება: „2014 წელს, აფხაზეთის შესანიშნავი ფოტოების შემხედვარე, მოჯადოებული ვიყავი. მშვენიერი არქიტექტურა, ასეთივე ბუნებით გარშემორტყმული და ძველი ნანგრევები – აქ მოხვედრა ეს ჩემი ესთეტიკური ოცნების ახდენას უდრიდა და იმ დროს, არ ვიცოდი, რომ 2019-ში თავად შევძლებდი აქაური ადგილების გადაღებას.
მდინარე ენგურის გადავლის შემდეგ, ნათელი იყო იმის დანახვა, რომ ომის ღია ჭრილობა ისევ ფართოა. ვხედავდი ლამაზ სახლებსა და მათ ნანგრევებს, ბუნება ნელ-ნელა რომ იტაცებს.
შეგრძნებას, რაც საოცარი შენობებისა და მიტოვებული ადგილების ნახვისას მეუფლებოდა, სახელს ვერ ვარქმევდი. ერთი მხრივ, ეს იყო მომაკვდავი არქიტექტურა, რომელიც ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი მასევდიანებდა, რადგან რეგიონი ნამდვილი მარგალიტია, რომლის მშვენიერებაც ნელ-ნელა კვდება.
ჩემსავით უცხოსთვისაც კი, ვინც ზუსტად არ იცის კონფლიქტის ისტორიული კონტექსტი, აქ ვიზიტის შემდეგ, კიდე უფრო რთული აღმოჩნდა ამის გაგება. იმედი მაქვს, ერთ დღესაც, ორივე მხარე რაღაც გამოსავალს იპოვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემმა მოგზაურობამ დამარწმუნა, რომ ქართველებსა და აფხაზებს ჩემს გულში დიდი ადგილი უკავიათ“.