in

როგორ მიმდინარეობდა ამერიკული ფილმის Angels Fallen ახალი ფილმის გადაღებები საქართველოში

ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფენტეზი Angels Fallen: Warriors of Peace (დაცემული ანგელოზები: მშვიდობის მებრძოლები) ლოს-ანჯელესსა და საქართველოში გადაიღეს. ნამუშევარი 2019 წელს გამოშვებული Angels Fallen-ის გაგრძელებაა. რეჟისორ ალი ზამანის ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები დენის რიჩარდსი, კუბა გუდინგ უმცროსი და უილიამ მაკნამარა ასრულებენ. ფილმის ნახვა უკვე შეგიძლიათ სტრიმინგ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Amazon Prime Video, Apple TV, Freevee, Redbox & Vudu.

გადაღებები 2022 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ფილმის 70% საქართველოში, ხოლო 30% ლოს-ანჯელესშია შექმნილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე გადაღებებში ქართული ფროდაქშენ გუნდი მონაწილეობდა. Angels Fallen: Warriors of Peace ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო ტრილერია. ის მოგვითხრობს ერაყის ომგამოვლილი სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრების შესახებ, რომლებიც ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან.

პროექტის განხორციელების მთლიან ციკლს ქართული ფროდაქშენ კომპანია HalfAlien Production უძღვებოდა. გადაღებების საქართველოში წარმოება მრავალფეროვანი ლოკაციების და პროფესიონალი ფროდაქშენ გუნდის ფაქტორმა გადაწონა – აღნიშნავს მარკეტერთან ინტერვიუში ფილმის ლაინ პროდიუსერი ნათია ნიკოლეიშვილი. სანამ ის ფილმის გადაღების პროცესსა და მნიშვნელობაზე გვიამბობს, მოდით, Angels Fallen: Warriors of Peace-ის ტრეილერს შევავლოთ თვალი.

M: როგორ აღმოჩნდა ქართული გუნდი მასში ჩართული?

როგორც იცით, ფილმის განვითარება  ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, უშუალოდ გადასაღებ მოედნამდე მისასვლელი გზაც საკმაოდ გრძელი. კინოგადაღების ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების შერჩევა კი ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

საპროდიუსერო კომპანიის HalfAlian production პროდიუსერი, ლიკა მეზვრიშვილი ფილმის პროდიუსერებთან რამდენიმე წლის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ პროექტის გადაღება საქართველოში შემდგარიყო. საქართველო კონკურენტული აღმოჩნდა, როგორც ლოკაციების, ასევე გადამღები გუნდის პროფესიონალიზმის და გამოცდილების კუთხითაც.

HalfAlien Production პასუხისმგებელი იყო პროექტის განხორციელების მთლიან ციკლზე,  პროექტის საქართველოში ჩამოყვანიდან დაწყებული, გადაღებების პროცესით დამთავრებული.

M: როგორ გადაწყდა, რომ ფროდაქშენის დიდი ნაწილი საქართველოში უნდა შემდგარიყო?

მთავარი ფაქტორი უნიკალური ლოკაციები და ევროპასა და ამერიკასთან შედარებით მსუბუქი ბიუროკრატიული პროცესი გახლდათ. აქვე აღვნიშნავ, რომ გადამღები ჯგუფის მაღალკვალიფიციურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ფილმის პროდიუსერებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

M: გუნდის ქართულ წარმომადგენლობაზე გვესაუბრეთ – როგორი იყო შემადგენლობა?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში გადაღებებისთვის, საპროდიუსერო გუნდთან ერთად, მხოლოდ ძირითადი სამსახიობო დასი, რეჟისორი, დამდგმელი და სტედიკამ ოპერატორი ჩამოვიდნენ, დანარჩენი მხატვრულ-ტექნიკური გუნდი სრულიად ქართველებით იყო დაკომპლექტებული, ისევე, როგორც მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი მსახიობები. აქ ყველა სახელის და გვარის ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ მიუხედავად ძალიან რთული და დროში შეზღუდული მოსამზადებელი პერიოდისა, მათ მოახერხეს რეჟისორის ყველა მითითების ზედმიწევნით შესრულება და მისი ფანტაზიის რეალობად ქცევა.

ფოტო: ჯუდა ფსუტური

გამოვყოფდი საბრძოლო სცენების დამდგმელი რეჟისორის, დავით ხუბუასა და ქართველ კასკადიორთა გუნდის (Action Production Georgia) როლს, რომლებმაც  თავი ძალიან კარგად გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას. ნინუცა სინჯიკაშვილი, რეჟისორის პირველი ასისტენტი, რომლის დამსახურებაცაა, რომ რეჟისორის ხედვა „თარგმანში არ დაიკარგა“ და მისი ყველა მოთხოვნა სწორად იქნა გაგებული და შესრულებული. სამხატვრო დეპარტამენტს, ირა შენგელიას ხელმძღვანელობით, რომლებმაც შეძლეს უმოკლეს დროში ძალიან საინტერესო მხატვრული ღირებულება შეეძინათ ფილმისთვის. კასთინგის რეჟისორს, ელო ჩხეიძეს რომელმაც კასთინგისთვის მოიძია ახალგაზრდა ქართველი მსახიობები და მათ შანსი მიეცათ ამ საინტერესო პროექტში უფროს კოლეგებთან ერთად ეთამაშათ. თამთა მანძულაშვილის ხმის დეპარტამენტს და ეკა ჩიხრაძის გრიმის გუნდს. მნიშვნელოვანია ასევე განათების, გრიპის და კამერის დეპარტამენტების ახალგაზრდა თუ ვეტერანი პროფესიონალების როლის აღნიშვნა. განსაკუთრებული მადლობა წარმოების მენეჯერს, გიორგი კვაჭაძეს, ადამიანს რომელთან ერთადაც ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლია გამოსავლის პოვნა და პროდაქშენის მთელ გუნდს თავდადებისთვის.

ფოტო: ჯუდა ფსუტური

კინოს სფეროში მუშაობა მარტივი გამოწვევა არ არის და ამ ადამიანების პროფესიონალიზმისა და გუნდური მუშაობის შედეგია ის რასაც ეკრანზე ვხედავთ. ჩემი აზრით, სეტზე მომუშავე ასისტენტებიც კინოს შექმნის პროცესის ისეთივე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, როგორც თავად რეჟისორი, რომლის ხედვის ირგვლივაც ასობით ადამიანი ერთიანდება ერთ ორგანიზმად.

ფოტო: ჯუდა ფსუტური

M: რა მნიშვნელობისაა ეს პროექტი ქართული ფროდაქშენისთვის?

ზოგადად თითოეული პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამას წინ წლების მუშაობა და თავდადება უძღვის… ყველა კინო-ბაზარი თუ კინო-ფესტივალი, რომელშიც ქართველი პროდიუსერები ვიღებთ მონაწილეობას, საკმაოდ მაღალკონკურენტუნარიანია. ქვეყნის შიგნით თუ ზოგადად რეგიონის მასშტაბით მომხდარი ყველა გეო-პოლიტიკური ცვლილება, ზოგადად რეგიონის არასტაბილურობა, საკმაოდ აშინებთ იმ სტუდიებსა და პროდიუსერებს, რომლებიც მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას გეგმავენ და ეს მინიმალური რისკების ხარჯზე სურთ.

ფოტო: ჯუდა ფსუტური

კინოს სფერო ზოგადად ძალიან ფაქიზი ორგანიზმია, გამყარებული პირადი კონტაქტებით და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში აშენებ ურთიერთობებს, ნებისმიერი დისტაბილიზაცია წყალში ყრის ამ შრომას და გვაბრუნებს ნულოვან საწყისებზე… ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე გადასაღებ მოედნამდე მისული პროექტები გაუწვევიათ უკან ამა თუ იმ მიზეზით. ამიტომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური მოთამაშის არსებობას კინოს ბაზარზე.

ფოტო: სალომე ნიკოლეიშვილი

M: თქვენთვის, შემოქმედებითი გუნდისთვის რას ნიშნავს ეს პროექტი და როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს, სხვა შეთავაზებების კუთხით?

შემოქმედებითი გუნდისთვის ყველა მსგავსი დონის პროექტი ძალიან დიდი გამოწვევაა. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი გამოცდილების მომტანია. ეს კი, თავის მხრივ კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს  და სამომავლო პროექტებისთვის მეტად მიმზიდველი გარემო იქმნება. თავად საპროდიუსერო კომპანიისთვისაც (HalfAlien Productions) წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია და საქართველოში ახალი პროექტების მოზიდვის ფართო  შესაძლებლობას აჩენს.

ფოტო: ჯუდა ფსუტური

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

The Jacksons – მსოფლიო პოპ მუსიკის მთავარი ჯგუფი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე წარდგება

მეკობრეები Amazon Business-ის რეკლამაში