ანი გოგატიშვილი Atlantis Resorts-ის სოციალური ღონისძიებების დამგეგმავი და აღმასრულებელი გახდა. Atlantis Resorts წარმოადგენს დუბაის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო-კურორტს, რომელიც ცნობილია თავისი გრანდიოზული არქიტექტურით, წყლის პარკითა და გასართობი ატრაქციონებით. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროსთან თანამშრომლობამდე, ანი ჯერ თბილისურ სასტუმროებში მუშაობდა, უფრო ადრე კი – სამედიცინო სფეროს პროფესიის არჩევას გეგმავდა.
„17 წლის ასაკში, მეც მეგონა რომ ჩემი მაშინდელი არჩეული გზა და პროფესია იქნებოდა ის, რასაც მთელი ცხოვრება გავაკეთებდი, თუმცა ჩემი პროფესიიდან, რომელიც სამედიცინო სფეროს უკავშირდებოდა, აბსოლუტურად განსხვავებული გზით გავაგრძელე მუშაობა“, – გვიამბო ანი გოგატიშვილმა.
პირველი სამსახური ანიმ 18-19 წლის ასაკში დაიწყო. ძველ თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს მიმღებ განყოფილებაში მუშაობდა. შემდგომ, თბილისის უფრო დიდი მასშტაბის სასტუმროში გადავიდა, ახლა კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში ცხოვრობს და ორ წელზე მეტია Atlantis-ის გუნდშია, სადაც სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას ერთი თვეა, რაც ჩაუდგა სათავეში. მარკეტერის ინტერვიუში ანი გოგატიშვილი ახალ საქმიანობასა და გეგმებზე გვესაუბრა.
M: ეს არ არის შენი პირველი პოზიცია Atlantis Resorts-ში. როგორ აღმოჩნდი კომპანიის გუნდში?
დიახ, ეს არაა ჩემი პირველი პოზიცია ატლანტისში. ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ Linkedin-ის საშუალებით დამიკავშირდნენ და მთხოვეს ჩემი რეზიუმეს გაგზავნა. მქონდა რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრება. პირველი პოზიცია რეზერვაციებიების აგენტი, შემდეგი კი რეზერვაციების ხელმძღვანელი იყო.
ამ პერიოდში, ვიმუშავე ისეთ დიდ ღონისძიებებზე, ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა: The Chainsmokers, Diplo, Black Coffee, Martin Garrix და ა.შ. ამ ღონისძიებებზე მუშაობის შემდეგ, საკუთარ თავში აღმოვაჩინე სურვილი, რომ მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი უფრო დიდი მასშტაბით ვყოფილიყავი და ასეც მოხდა.
არ დაგიმალავთ და მაშინდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ არარეალისტურად ჟღერდა ჩემთვის, როგორც ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ მუშაობა, ასევე სრულიად უცხო გარემოში თავის დამკვირდება. თუმცა, როგორც ამბობენ, კომფორტის ზონაში ადამიანი ვერ იზრდება და ვითარდება. დღემდე ვთვლი, რომ მაშინ ჩემი მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
M: რა უნარებმა შეგიწყო ხელი ასეთ კონკურენტულ გარემოში გზის გაკვალვაში?
რა თქმა უნდა, აუცილებელია პოზიციიდან და სფეროდან გამომდინარე, გარკვეული პროგრამული ცოდნა, უცხო ენები… თუმცა, როდესაც საქმე კარიერულ წინსვლას ეხება დიდი მნიშვნელობა ენიჭება რბილ უნარებს, როგორებიცაა ადაპტაციის უნარი, რადგან ჩემ შემთხვევაში, ადაპტირება მომიწია არა მხოლოდ ახალ სამუშაო გარემოსთან, არამედ უცხო ქვეყანასთან, უცხო კულტურასთან.
როგორც მოგეხსენებათ, დუბაი ცნობილია მისი მრავალფეროვნებით. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად შრომისმოყვარე, ორგანიზებული და კრეატიული ხარ. საკუთარი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ ჩემი პიროვნების განვითარებაზე ბევრი ვიმუშავე. ვთვლი, რომ ტექნიკური უნარების დასწავლა თითქმის ყველასთვის შესაძლებელია გარკვეული პრაქტიკის შემდეგ, რბილ უნარებს კი მეტი მუშაობა სჭირდება.
მე და ჩემი კოლეგები სტუმარმასპინძლობის სფეროში ვმუშაობთ და საკმაოდ მაღალი სამუშაო და მომსახურების სტანდარტი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ყურადღება მინიმალურ დეტალებზეცაა გასამახვილებელი.
M: შენი გამოცდილებით, რა ფასდება ყველაზე მეტად ისეთი ტიპის კომპანიაში, როგორიც ატლანტისია?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე, ამ კომპანიაში მუშაობისას, თითოეული გამოჩენილი ინიციატივა და სწავლის და განვითარების სურვილი დამიფასდა. დიდი შრომისმოყვარეობის გამოჩენა და ბევრი სიახლის სწავლა მომიწია ძალიან მოკლე დროში და ალბათმ ამისთვისაც მზად უნდა იყო, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროში მუშაობ.
მათი მხრიდან დაფასებას მოწმობს ორი დაწინაურება ორი წლის მანძლზე, რაც კომპანიას საკმაოდ დადებითად წარმოაჩენს. კვალიფიციურობასთან ერთად, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პიროვნებას და მის დამოკიდებულებას არა მარტო საქმის არამედ, გუნდის მიმართ.
M: როგორია შენი მოლოდინები და განვითარების გეგმა ახალ პოზიციაზე?
სიმართლე ვთქვა, შემდეგი ეტაპი, ჯერჯერობით, ჩემთვისაც უცნობია, თუმცა ვეცდები მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება მივიღო ჩემს ახალ პოზიციაზე და ბედნიერი და დაუვიწყარი მოგონებები შევუქმნა ჩვენს სტუმრებს.
პატარა რჩევა ჩემი მხრიდან ყველა იმ თინეიჯერს, ვინც ახლა ამას კითხულობს და რომელიც დაკარგულად გრძნობს თავს პროფესიის ძებნაში, ფიქრობს, რომ არაფერი გამოსდის ან პირიქით, ბევრი რამ შეუძლია და ვერ ხვდება, რა გზა აირჩიოს. ცადეთ, რაც შეიძლება ბევრი რამ, ბევრი საქმიანობა, გაიჩინეთ ჰობი და რაღაც მომენტში აუცილებლად იპოვნით იმას, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ და მიხვდებით, ეს თქვენი საქმეა. საბედნიეროდ 21-ე საუკუენში პროფესიის შეცლა და ახალი უნარების შესწავლა პრობლემა აღარ არის, ამიტომ უბრალოდ ცადეთ რაც შეიძლება ბევრი, გამოდით კომფორტის ზონიდან, წადით გააზრებულ რისკზე, იშრომეთ თქვენი მიზნებისთვის, იქამდე, სანამ თქვენს გზას არ იპოვით.