in

ანი გვათუა – #პირველისამსახური

პირველი სამსახური LIVE Branding-ში დავიწყე, თორმეტი წლის წინ. იმ დროისათვის, სოციალურ მეცნიერებებზე ვსწავლობდი. სწავლის პროცესში მივხვდი, რაღაც ახალი მჭირდებოდა, ამიტომ პარალელურად, GIPA-ში გადავწყვიტე კურსის გავლა. მაშინ GIPA-ში რეკლამისა და გრაფიკული დიზაინის პროგრამა ახალი ჩამოყალიბებული იყო და რადგან ყოველთვის მინდოდა ილუსტრატორის სწავლა იქ  ჩავაბარე. კურსს ალექსი ჩიქოვანი მიკითხავდა. პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ ეს სფერო მაინტერესებდა. შემაჯამებელი ნამუშევრის ჩაბარების შემდეგ, მე და რეზო მელიქიშვილი სააგენტოში წაგვიყვანა LIVE Branding-ში  სამუშაოდ. თავდაპირველად, ბრენდის სტრატეგიის საფუძვლებს ვეუფლებოდი, ალექსი ჩიქოვანის დახმარებით. მალევე, სხვა მიმართულებით გადავედი და ექაუნთ მენეჯერი გავხდი.

სააგენტო ისეთ დამკვეთებს ემსახურებოდა, როგორიც იყო GWS, „ნატახტარის“ ბრენდები, „ალტა“, „ბილაინი“… მომსახურება კონსულტაციას, ბრენდ სტრატეგიას, დიზაინსა და ფროდაქშენს გულისხმობდა. ჩემი საქმიანობა მოიცავდა ექაუნთის ფუნქციებს. LIVE-ში მუშაობის დროს საშუალება მომეცა ყველა მიმართულებით მიმეღო გამოცდილება

ახლა ამის თქმა ჩემზე ცოტა გაუჭირდება ვინმეს, მაგრამ მაშინ ძალიან მორიდებული ვიყავი. შინაგანად ძალიან მიძნელდებოდა დამკვეთთან ურთიერთობა, პროექტის აღსრულების დროს გუნდის წევრებისთვის საქმის შესრულების მოთხოვნა და .. ეს სფერო ჩემთვის სრულიად ახალი იყო. იმ მომენტში ვსწავლობდი ყველა დეტალს, ახალ სიტყვას, მიდგომას. ამაღელვებელიც იყო და სანერვიულოც. თან, სტუდენტი ვიყავი, ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა, როცა სულ რაღაც ერთ თვეში, დიდი ექაუნთები ჩამაბარეს.

მაშინდელი სარეკლამო სფერო ახლანდელისგან ძირეულად განსხვავდება. ძალიან ძნელი იყო ამეხსნა ადამიანებისთვის, რაზე მუშაობდა ბრენდინგ-სააგენტო. ეს მნიშვნელოვნად ართულებდა სერვისის გაყიდვას. რთული იყო დაგვენახებინა დამკვეთისთვის, რომ ეს სერიოზული საქმეა, რომ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ძალიან გამიმართლა, რომ ამ პროცესების გავლა ჩემს ლექტორებთან ერთად მომიწია, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდი. პრაქტიკოსების წრეში აღმოჩენა მნიშვნელოვნად დამეხმარა. შეიძლება ითქვას, საქართველოში ამ სფეროს განვითარებამ, რაღაც ეტაპზე, ჩვენს თაობაზე გადაიარა. დღეს, სააგენტოებს უკვე აღარ სჭირდებათ იმის მტკიცება, დამკვეთს ბრენდინგი ესაჭიროებათ თუ არა. ბრენდინგის დეპარტამენტები უკვე თავად კომპანიებშიც არის და კომპანიებმა ბევრად კარგად იციან ამ სფეროს მნიშვნელობა.

ანი გვათუა – „აჭარა ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.

შექმნეს ჭკვიანი ყელსაბამი, რომელიც მწეველებს სიგარეტის მიტოვებაში ეხმარება

გამოქვაბულში ადამიანის გადაშენებული სახეობის 500 000 წლის ნიშნები აღმოაჩინეს