3
Sep
2018

„სტარტაპომანია“ – ანი ქავთარაძის #აზრები

3 Sep 2018

M2
M2


ბავშვობიდან ექიმობა მინდოდა, გავხდი კიდეც ექიმი და დღეს, საავადმყოფო ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილია. არასოდეს მიფიქრია, რომ პროფესიის პარალელურად, ბიზნესი ჩემთვის მიმზიდველი და აზარტული გახდებოდა, მომიწევდა ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში გარკვევა. შესაბამისად, ახალ სფეროებთან სასწავლო ჭიდილი. თუმცა, დღევანდელ დღეს, ალბათ, ცოტაა ადამიანი, ვისაც არ ქონია, ან არ აქვს ბიზნეს იდეა. ხშირად ოცნებობს, განახორციელოს და სისრულეში მოიყვანოს, გამოცადოს თავი და გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე მანამდე იყო. სტარტაპი კი წარმატებულ ბიზნესად აქციოს.

არტ-სალონ „კამელიას“ დამფუძნებელი ანი ქავთარაძე

ჩვენს შემთხვევაში, იდეა, ჩვენი ქორწილისთვის მზადებისას გაჩნდა. როდესაც მცირე ბიუჯეტში სხვა მრავალ საკითხთან ერთად, გაფორმების საკითხი უნდა მოგვეგვარებინა. აუცილებლად მინდოდა, ყოფილიყო ყვავილები, ბევრი და ჭრელი. გადავწყვიტე, თავად მეზრუნა ამაზე, რის გამოც ქორწილის დილას, გამთენიისას, 5 საათზე წავედი სახლში რესტორნიდან, რადგან მეგობრებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ვრთავდი ყვავილებით სივრცეს, სადაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე უნდა აღმენიშნა.

ამ დღიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სურვილი არ გამქრალა, მუდმივად ვმსჯელობდით მე და აწ უკვე, ჩემი მეუღლე ამ თემაზე. ბიზნესში ორივე გამოუცდელები ვიყავით, თუმცა სურვილი და „სტარტაპომანია“ ძალიან დიდი გვქონდა . მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი სტარტაპი, შიში, სიფრთხილე და პასუხისმგებლობის გრძნობა არ გვტოვებდა. ბევრი ვიფიქრეთ, ავწონდავწონეთ. ვეძებეთ ადგილი, სადაც შეიძლებოდა ყვავილებისთვის, შესაძლოა მცირე, მაგრამ 24 საათიანი მომსახურებით, მომხმარებელზე მორგებული თავაზიანი და კვალიფიციური, სალონური სივრცის მოწყობა. სადაც, ქაღალდში და არა ტრადიციულად – ჭრაჭუნა ცელოფანში, შემკვეთის თვალწინ, მისი ბიუჯეტისა და გემოვნების გათვალისწინებით აეწყობოდა და შეიფუთებოდა თაიგულები თუ კომპოზიციები.

2014 წლის ოქტომბერში იდეა რეალობად ვაქციეთ. გავხსენით ყვავილების არტ – სალონი, რომელსაც „კამელია“ დავარქვით. თავად ეს ყვავილი სიყვარულის, ლტოლვის, მისწრაფებების სიმბოლოა, ლამაზი ჟღერადობაც აქვს. ლოგოზეც თავად ვიმუშავეთ, შემდეგ კი ჩვენმა მეგობარმა სოფო აბუთიძემ გრაფიკად აქცია. დღეს, ყვავილებიანი ველოსიპედი უკვე „კამელიას“ უცვლელი სიმბოლოა.  რა თქმა უნდა, დასაწყისშივე ბევრ პრობლემას გადავაწყდით, კვალიფიციური კადრის დეფიციტი,  ყვავილის მალფუჭებადობა, მოვლისა და შენახვის  სპეციფიკაცია, ადგილობრივი პროდუქტის დაბალი ხარისხი და სეზონურობა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, კი სოლიდური დანაკარგი. ეტაპობრივად დავიწყეთ თითოეულ მათგანთან გამკლავება, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვინდა და ვცდილობთ ჩვენი, ადგილობრივი ნაწარმი მეტად შევიძინოთ, ბიზნესმა ბიზნესს შეუწყოს ხელი, განვვითარდეთ და განვავითაროთ, ამ მიმართულებით არსებულმა ხარისხის პრობლემამ, ფაქტობრივად, სრულად გადაგვიყვანა იმპორტირებულ ყვავილზე, რომელიც გამოირჩევა როგორც ვიზუალით, ასევე გამძლეობით. მართალია, ფასი შედარებით მაღალი აქვს, მაგრამ ის უზრუნველყოფს ერთგვარ სიმშვიდეს – მომხმარებელს მივაწოდოთ ჩვენს მიერ დაპირებული მაღალი ხარისხი, უწყვეტ რეჟიმში. სწორედ ამიტომ, კვირაში, მინიმუმ, ორჯერ ვიღებთ ყვავილებს ჰოლანდიიდან და ეკვადორიდან .

ასევე, გადავაწყდით პრობლემას შესაფუთ მასალებთან დაკავშირებით. გვინდოდა მრავალფეროვნება და სიახლე, ქაღალდის შეფუთვები, პრინტები. როგორც გაირკვა ამ მიმართულებითაც დეფიციტი გვაქვს, ბაზარზე არ არის მოთხოვნადი ფერადი ქაღალდი. შესაბამისად, შესაფუთების მხოლოდ ნაწილს ვუკვეთავთ და ვამზადებთ ადგილზე, „მრავალფეროვნების“ მოძიება კი ასევე საზღვრებს გარეთ დაგვჭირდა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც გაგვიჩნდა იდეა ხის კოლოფში, ლამაზად ჩალაგებული ყვავილების შესახებ, პარტნიორის მოძებნა არ გაგვჭირვებია და თანამშრომლობის ეს ფაქტი ძალიან გვახარებს.

მალე, „კამელია“ 4 წლის გახდება, ამ ხნის მანძილზე მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ, ვისწავლეთ, გამოცდილება მივიღეთ. უამრავი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ, რომლებიც დღეს უკვე თვალდახუჭული ენდობიან ჩვენს დიზაინერებს. ვცდილობთ, სერვისი დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში იყოს ისეთი, როგორიც რომელიმე მაღაზიაში მისვლისას ჩვენ, თავად გვესიამოვნებოდა. თითოეულ მომხმარებელს გავუწიოთ კვალიფიციური მომსახურება და დავიმეგობროთ. 2015 წლიდან კი ონლაინ მაღაზიაც ავამუშავეთ, რაც  საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაახარონ მათთვის ძვირფასი ადამიანები, ამავდროულად, დარწმუნებულები იყვნენ  ხარისხში. ვფიქრობ, ჩვენი მონდომება და დაუღალავი სურვილი, მუდმივ რეჟიმში ვისწავლოთ, ვებრძოლოთ სირთულეებს, ვიყოთ კონკურენტუნარიანები, შემოვიტანოთ ნოვაციები და რაც მთავარია – დავტკბეთ, ჩვენი მომხმარებლების სიხარულითა და ბედნიერებით, უკვალოდ არ ქრება. ჩემი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს დიდწილად ჩვენი სალონის წარმატებას.

ყველა სტარტაპერს  გულწრფელად ვუსურვებ დიდ წარმატებას ამ დიდ, რთულ, მაგრამ ძალიან საინტერესო და აზარტულ გზაზე. არასოდეს დაყარონ ფარ-ხმალი, გადალახონ დაბრკოლებები და იბრძოლონ „სტარტაპერული“ ოცნებების რეალიზაციისა და ბიზნესად ქცევისთვის.

განხილვა