ანა მამულაშვილისა და მისი კორეელი თანაგუნდელის, ჯუჰვანის პროექტმა ნიუ-იორკის რეკლამის ფესტივალზე ბრინჯაოს ჯილდო მოიგო, ამერიკული ბრენდი Hellmann’s-თვის შექმნილი კამპანიით
„New York Festivals Advertising Awards ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფესტივალია სარეკლამო ინდუსტრიაში. ის 1957 წელს დაარსდა და დღეს 60-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეს აერთიანებს. აქ აღიარებას იმსახურებენ მხოლოდ ყველაზე კრეატიული, ინოვაციური და ეფექტური კამპანიები. კონკურენცია ძალიან მაღალია, ჟიური კი “ცივსისხლიანი” – იმდენად, რომ როგორც ხშირად ამბობენ, იქ ბრინჯაოს თასსაც ოქროს ფასი აქვს.
Hellmann’s კი არის ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია მაიონეზსა და სხვა სოუსებს აწარმოებს. ის მთელ მსოფლიოში იყიდება და ხშირად გამოიყენება სენდვიჩებში, სალათებში და მარტივ კერძებში – მათ გემოს გასაუმჯობესებლად,“ – გვიამბო ანა მამულაშვილმა.
M: კამპანიაზე ქოფირაითერთან ერთად, დისტანციურად მუშაობდი, იაპონიიდან – საფრანგეთში…
მე და ჯუჰვანი – ჩემი კორეელი პარტნიორი – ერთმანეთს Miami Ad School Berlin-ში სწავლისას შევხვდით. ჯუჰვანი copywriting-ის მიმართულებით სწავლობდა, მე არტ-დაირექშენის. ახლა კი ორივე ჩვენს ინთერშიფებს ვამთავრებთ სხვადასხვა დიდ კრეატიულ სააგენტოში. მე იაპონიაში, ის საფრანგეთში. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა: ის არ იყო უბრალოდ ჩემი პროექტის პარტნიორი – იყო ნამდვილი, დაუღალავი და დაუნდობელი კოღო მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რამაც უფრო მეტად არ გამაჩერა.
Miami Ad School-ში სწავლისას ჩვენ მივიღეთ დავალება – შეგვექმნა კამპანია Hellmann’s-თვის. იმ დროს ჩვენი იდეა ვერ განხორციელდა, რადგან ლექტორი ფიქრობდა, რომ ის კამპანიურად იმ ეტაპისთვის საკმარისად ძლიერი არ იყო. თუმცა, როცა მოგვიანებით გავიგეთ New York Festivals-ის შესახებ, დაუფიქრებლად გადავწყვიტეთ რომ გაგვენხორციელებინა და გაგვეგზავნა. ჩვენ გჯეროდა ამ იდეის, რადგან ვიცოდით, რომ მას რაღაც ძალიან ძლიერი ჰქონდა – თავისი სიმარტივე.
M: რა იყო კამპანიის იდეა და როგორი იყო სამუშაო პროცესი?
აქსესუარები ასრულებს სტილის საბოლოო დეტალს და Hellmann’s-მა ზუსტად იცის, როგორ „მორთოს“ გემო. ის უბრალოდ დამატება არ არის – ეს არის ბოლო, გადამწყვეტი დეტალი, რომელიც კერძს სრულად აწყობს. ბურგერები, ფრიები, ან მაცივარში მივიწყებული ბოსტნეულიც კი… Hellmann’s-ით ისინი უფრო სტილურად გემრიელები ხდებიან.
ამ ბრენდის ლოგოს ნაწილი ლურჯი ბაფთაა. სწორედ ამიტომ ჩვენ ლეგენდარული ლურჯი ბაფთა „ვაჩუქეთ“ ისეთ ბრენდებს როგორიცაა: KFC, Wendy’s, Pringles, Sunbeam, Jollibee, რადგან ყველა კერძი უნდა იყოს გემოვნებით მორთული. ეს ბრენდები ავარჩიეთ არა მხოლოდ ბაფთების გამო, არამედ მათ პროდუქტებს ყველაზე მეტად უხდება Hellmann’s-ის სოუსები. ფაქტობრივად, არაფერი შეგვიცვლია – უბრალოდ ამ ბრენდების ბაფთები განვაახლეთ Hellmann’s-ის ბაფთით.
M: თქვენთვის რას ნიშნავს ეს გამარჯვება?
ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ამ კონკურსზე, როგორც წესი, ემოციური და სოციალური კამპანიები იმარჯვებს. ამიტომ, როცა ფესტივალის დანარჩენი კამპანიები ვნახეთ, უკვე აღარ ველოდით, რომ რაიმე ადგილს დავიკავებდით. თუმცა, როგორც ჩანს, ამ პატარა პრინტ კამპანიამ მაინც მოახერხა ჟიურის ცივი გულების გალღობა და სიხარულისგან ჯუჰვანმა ხუმრობით დაირქვა „დავით მეოთხე“ – ქართველების საპატივცემულოდ. და ვფიქრობ, მხოლოდ ეს სახალისო ფაქტიც კი ღირდა გამარჯვებად.