ბოლო დროს ჩატარებულ დიდ ღონისძიებებზე, მასშტაბურ გაფორმებებსა და დეკორაციებზე პირველ რიგში – ანი პირველი გვახსენებდა. თუმცა კითხვაზე – ანი მართლა პირველი?! – თავად ანი უხერხული სიჩუმით გვპასუხობს.
თუკი, პროფაილმა გმირის პიროვნული მახასიათებლები უნდა გაგაცნოთ, მაშინ გაიცანით ყველაზე თავმდაბალი და მორცხვი ანი პირველი. მართალია, მის მიერ უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები, მოკრძალებულის ასოციაციას არასდროს ტოვებს, თუმცა საკუთარი თავ ის შეფასებისას მაინც სიჩუმეს ამჯობინებს.
„ვერ ვიტყვი, რომ რაღაცაში პირველი ვარ, ამაზე არ ვფიქრობ“
არასოდეს შემიფასებია ჩემი თავი, რომ ახლა აქ ვარ და მომავალში იქ ვიქნები. ჩემი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ძალისხმევას არ ვიშურებ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვითარდებოდე.
ყველაფერს სჭირდება მუშაობა და დახვეწა. ჩემ შემთხვევაში, რასაც დამკვეთი უალტერნატივოდ იღებს, არის პროექტში ჩადებული ჩემი ენერგია.
ანის სახლში ვესტუმრეთ. სანამ მეგობრების მოლოდინში მაგიდას აწყობდა, დავრწმუნდით, რომ მისთვის ჩვეულებრივი მიღება არ არსებობს. უახლოესი გარემოცვისთვის მომზადებული ვახშამიც კი, თავის ხასიათსა და განწყობას ატარებს.
ინტერიერის შესაბამისად, მაგიდის ჭურჭელიც მინიმალისტური, ავთენტური და სახასიათო დაგვხვდა. სადა ფერები, ძირითადად თეთრი და შავი, გრავირებული ვერცხლის კოვზები და რბილი ტილოს ხელსახოცები – ყველაფერი, რაც მაგიდაზე დაალაგა, ანი პირველის ხელწერას იმეორებდა.

„თვალი სულ დატვირთული მაქვს ბევრი ფორმით, მასალით, ფაქტურით. სახლში ვახშამს რომ ვაკეთებ, მთავარი მინიმალიზმია. ხშირად მაქვს ყვავილებიც, მაგრამ სახლში სადილისას მაგიდაზე აღარ მინდა ყვავილი. შეიძლება ერთი დეტალი დავამატო მაგიდას – პირობითად, ბროწეული და ის ქმნიდეს მთელი საღამოს ხასიათს. თუკი ხილის ვაზაში ბროწეული უბრალოდ ხილია, ჩემთვის, ჩემს სუფრაზე ბროწეული არის მასთან დაკავშირებული ასოციაციები. პირველ რიგში მისი ულამაზესი ფორმა, წითელი, მკვეთრი ფერი, ფაქტურა და მჟავე და არომატული გემო, თავისთავად“.
M: რას ელიან სტუმრები ანი პირველთან სახლში მიპატიჟებისას?
დამხმარე ყოველთვის მყავს კერძების მომზადებისას. გამოძახებული საჭმლით, ნამდვილად, არავის გავმასპინძლებივარ, თუმცა კერძი არ არის ის, რასაც აქ ელიან. მთავარი მასპინძელია და მისი განწყობა, თუ როგორ ხვდები სტუმარს. მე კი, ძირითადად კარგ ხასიათზე ვარ და მეგობრების მოსვლა განსაკუთრებით მახარებს ხოლმე.
სტუმარსაც ყოველთვის აქვს მოლოდინი – რისთვის მიდის რომელიმე ადგილას და ჩემ შემთხვევაში, მათ აქ მხიარულება ხვდებათ. მნიშვნელობა არ აქვს 100-კაციან ღონისძიებას გეგმავ, თუ ათასიანს. თანაბარი ენერგია უნდა ჩადო. ჩემი მიზანია, ყველა ადამიანს, ვინც ღონისძიებას, სახლს დატოვებს, ახსოვდეს ეს დღე დადებითი ასოციაციებით.
M: რატომ ენდობიან ანი პირველს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეების შექმნისას?
დიდი მოტივაციაა ჩემთვის ისიც, რომ ღონისძიების რენდერსა და მოქაფს წინასწარ იშვიათად მთხოვენ. დამკვეთი როდესაც მოდის, მთლიანად ენდობა ჩემს იდეასა და გემოვნებას. იშვიათად მახსენდება, რომ რაღაც შევთავაზე დამკვეთს და გაკეთების უფლება არ მომცა.
„მიყვარს ადამიანები, მიყვარს მათი მოსმენა და ეს ყველაზე მეტად მეხმარება ზუსტად გავიგო, რა სურს დამკვეთს“
ყველა დამკვეთთან პირადად ვარ კომუნიკაციაში. არ არსებობს დეტალი, რომელიც არ ვიცი. ივენთი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველ წამს მზად უნდა იყო, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. ბოლო მომენტამდე და ბოლო სტუმრის გაცილებამდე ვარ სამუშაო განწყობით, ძალიან დაძაბული და დეტალებზე ორიენტირებული.
„ის, რომ კომპანიას ანი პირველი ჰქვია, მეტ სიძლიერეს მაძლევს“
ღალატის უფლება არ მაქვს. თუკი, კომპანია ანი პირველი უშვებს შეცდომას, ე.ი. – მე ვუშვებ შეცდომას. ჩემი რეპუტაცია და იმიჯი კი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი დამკვეთები ხშირად არიან ჩემი მეგობრები. მეგობრებს კი, ჩემს დასთან და ოჯახთან ერთად ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადგილი უჭირავს.

ბავშვობიდან ყველაფერში გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, დიდი ძალაა, როდესაც სალომესნაირი ადამიანი გყავს გვერდით. თუკი რაიმე საპასუხიმსგებლო პროექტს ვაკეთებ, ის ჩემზე მეტად ღელავს, ჩემზე მეტად ნერვიულობს. ხშირად, მისი დამშვიდებაც კი მიწევს.
M: როგორია ანი პირველის ოცნების ივენთი?
ინგლისის დედოფლის რომელიმე მნიშვნელოვან ვახშამს სიამოვნებით გავაფორმებდი. სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი და მეფესთან დაკავშირებით, ასეთი ოცნებები არ მაქვს. თუმცა, ალბათ ყველაზე სასიამოვნო და შთამბეჭდავი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის, ამის შესაძლებლობა რომ მქონოდა.

სულ გაზიარებაში ვარ, მგონია რომ იმ განწყობას და გამოცდილებას ვაზიარებ ივენთებში, რასაც იმ მომენტში ვგრძნობ.