28
May
2019

„ჩვენი პირველი პირველი ადგილი! არ ელოდით ხომ? – არც ჩვენ!“

28 May 2019

ბავშვობიდან ხომ გვაქვს პატარ-პატარა, ძალიან ნათელი მიზნები, თვალდახუჭულები, ინერციით რომ მივყვებით ხოლმე… თითქოს ისეთი არაფერი, ჰოპ და სკოლაში კარგად უნდა ვისწავლოთ, სემესტრული გამოცდები წარმატებით ჩავაბაროთ, ან ოლიმპიადაზე გასულებმა, საუკეთესო შედეგები ვაჩვენოთ, მაღალი ქულებით დავამთავროთ სკოლა და მერე ჰოპ – საუკეთესო უნივერსიტეტში ჩავირიცხოთ ან საუკეთესო ქულებით ჩავირიცხოთ უნივერსიტეტში… თუმცა, 20 000-ზე მეტი აბიტურიენტი რომ სტუდენტი ხდება, რთულია, დაფინანსების მოპოვების მუხედავად, თავი გამარჯვებულად მიიჩნიო.. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი რესპონდენტები ასე ფიქრობენ:

ორივეს სერიოზული კრიზისი გვქონდა… ვაიმე! უნივერსიტეტს ვამთავრებთ და რა ვაკეთოთ, არ ვიცით. კარგი განათლება გვაქვს, ძალიან ბევრი ინტერესიც, თუმცა ჩვენ ის ადამიანები არ ვართ, თავიანთი იდეების რომ სჯერათ ხოლმე. აქამდე ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ „ლუზერები“ არ ვართ და ძალიან გვჭირდებოდა ეს კონკურსი იმისთვის, რომ ჩვენს მომავალზე მოტივაცია გაგვჩენოდა, – ანი როსტომაშვილი და ანი კილაძე.

ჩვენ მოგიყვებით თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის მე-4 კურსის სტუდენტებზე: ანი როსტომაშვილსა და ანი კილაძეზე, რომლებმაც შეძლეს და თავადვე დაიჯერეს, რომ გაიმარჯვეს, როგორც თვითონ ამბობენ, პირველად – საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის – ACAG სტუდენტური კონკურსის ვიდეოს კატეგორიაში შექმნილი ნამუშევრით:

ანი როსტომაშვილი: „ჩვენი პირველი პირველი ადგილი! არც თქვენ ელოდით ხოო? არც ჩვენნნ“

ანი კილაძე: სხვათა შორის, აქამდე არსად არაფერი მოგვიგია და იმდენად კარგი გრძნობა იყო, ჩემს „ფეისბუკზეც“ დავწერე, რომ ძლივს, რაღაცაში პირველი ადგილი ავიღეთ:

მეილი რომ მოვიდა…
ანი კილაძე: 
მე და ანი რაც სტუდენტები ვართ, მას შემდეგ ვმეგობრობთ. ვიცოდი, რომ შემოქმედებითი სფერო ორივეს გვაინტერესებდა და უნივერსიტეტის მეილზე ACAG-ის სტუდენტურ კონკურსზე რომ გვატყობინებდნენ, მაშინვე ანის მივწერე. მეწყვილის შემთხვევაში, გარდა საერთო ინტერესებისა, მნიშვნელოვანი იყო ისეთი პარტნიორის შერჩევა, რომელიც დედლაინამდე მარტო არ დამტოვებდა. ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ერთმანეთს შევპირდით, რომ როგორი სისულელეც არ უნდა მოგვეფიქრებინა, ნამუშევარს მაინც გავაგზავნიდით და ისე გამოვიდა, რომ იმ მომენტში, როცა ვაგზავნიდით, კმაყოფილები ვიყავით და მერე, კიდევ უფრო.

როცა ბრიფი მივიღეთ…
ანი როსტომაშვილი: არ მოგვეწონა იმიტომ, რომ პირველი ასეთი სტუდენტური კონკურსი იყო და გვეგონა, ცოტა უფრო მარტივ დავალებას შეარჩევდნენ. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობასთან გაქვს საქმე, როცა აუდიტორიასთან კომუნიკაციას მანქანის უკანა ღვედთან დაკავშირებით აკეთებ.

დავალების მიხედვით, ვიდეორგოლი უნდა შეგვექმნა, რომელიც ადამიანებს უკანა სავარძელზე ღვედის შეკვრის მოტივაციას მისცემდა და ამით როგორც თავიანთ, ისე სხვის სიცოცხლეს გაუფრთხილდებოდნენ.

ვიფიქრეთ, რომ ნუ, კაი, რაღაცას ვიზამთ… ოღონდ, მოდი არავის არაფერი არ ვკითხოთ!
გადავწყვიტეთ, რომ უკანა ღვედის მნიშვნელობაზე გაგვესვა ხაზი და ჩვენი სათქმელი არ ყოფილიყო ის, რომ ღვედს თუ არ გაიკეთებ, მოკვდები. აქცენტი ჩვენს ყოველდღიურობაში, საგნების მნიშვნელობაზე გავაკეთეთ და ამოცანა იდეურად ასე გადავჭერით: “OBJECTS IN OUR LIVES ARE MORE IMPORTANT, THAN THEY APPEAR“ – „საგნები ჩვენს ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისინი ჩანს“.

ანი კილაძე: ქოფი თავიდანვე მოვიფიქრეთ. ანის იდეა იყო და მეც ძალიან მომწონდა, თუმცა ასეთი დიალოგები მაინც გვქონდა:

-ქოფის ვეტოს ვადებ!
-აა, შენ თუ ქოფის ვეტოს ადებ, მე იმ კადრს ვადებ ვეტოს!

ანი კილაძე: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, რომ ამ ყველაფრის მერე მეგობრებად დავრჩენილიყავით. რადგან ვმეგობრობთ, გვეგონა, რომ ყველაფერზე იდეალურად შევთანხმდებოდით. თურმე არა. მაგრამ ამან, საბოლოოდ, ძალიან კარგად იმოქმედა, რადგან მხოლოდ ისე რომ გვექნა, როგორც მე ვამბობდი, ან მხოლოდ ისე, როგორც ანი ამბობდა, ვფიქრობთ, ნამუშევარი ასეთი არ გამოვიდოდა.

პროცესში, ვერ ვთანხმდებოდით არა მხოლოდ კადრებსა და იდეებზე, არამედ მიდგომებიც განსხვავებული გვქონდა, მაგალითად:

-უფ, რა უნდა, ლამაზ კადრებს გადავიღებთ, ერთ დღეში დავამონტაჟებთ და ეგაა.
ანი როსტომაშვილი:
ანი, ცოტა ადრე დავიწყოთ, რა. რომ გადაიღებ, მიხვდები, რომ ის არაა, რაც გვინდოდა და თავიდან მოგვიწევს გადაღება.

ანი კილაძე: და მართლა ასე მოგვიწია. დავგეგმეთ კადრების გადაღება, თუმცა მერე მივხვდით, რომ მაინცდამაინც, ჩვენს მთავარ სათქმელს ეს კადრები არ შეესაბამებოდა და მერე დისკუსიაში ვიყავით, რომ ან ქოფი უნდა შეგვეცვალა, ან კადრები.

ეს ხომ არ ჯობს/ეს ხომ არ ჯობს? – ძალიან რთული აღმოჩნდა, საბოლოოდ, იმის თქმა, რომ მორჩა, მოგვწონს ეს იდეა და ბოლომდე ამას მივყვეთ.

ნი როსტომაშვილი: გვჭირდებოდა ადამიანი, რომელიც გვეტყოდა, რომ კი, მიდით გააგრძელეთ ან პირიქით, სხვანაირად იფიქრეთ. ბოლოს ვთქვი, რომ მოდი ამ ქოფიზე შევთანხმდეთ, ძალიან მომწონს და სულ რომ წავაგოთ, ჩემი ხათრით, ეს დავტოვოთ-მეთქი. ძალიან დიდი ჩხუბი გვქონდა. 

ღმერთო! ოღონდ ეს პროექტი მოვიგო და გადავაკვდები
არასდროს ასე გულით არ მდომებია გამარჯვება, როგორც ამ კონკურსზე. 
რატომღაც, თავიდანვე ყველა შეგრძნება გაასმაგებულად მქონდა… შინაგანად ვერ ვწყნარდებოდი და ტვინში სულ მქონდა, რომ „ჩვენ უნდა მოვიგოთ“. ფსონებს ვდებდი, აქ თუ ხუთეულში გავალ… აქ თუ სამეულში გავალ… ვახ, აქ თუ პირველზე გავალ, დავიჯერებ და ვიტყვი, რომ ეს საქმე შემიძლია-მეთქი!ათეულში გავედით! ვაიმე! ათეულში გავედით!
ანი კილაძე: 
პატარა დადასტურება გვჭირდებოდა იმისთვის, რომ შემოქმედებით სფეროში საქმიანობა გაგვეგრძელებინა. მიუხედავად იმისა, რომ ათეულში გასვლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაინც რაღაც უფრო დიდს ველოდით. აი, ჩვენი გათვლებით, მესამე ადგილს ნამდვილად ვიმსახურებდით.

GOT და იმედგაცრუება
დაჯილდოებაზე სამსახურებიდან მივედით, ძალიან დაღლილები ვიყავით, ღამენათევები, GOT-ის გამო და რომ გამოაცხადეს მესამე ადგილი, მეორეც და ჩვენ არსად არ ვიყავით, „ფეისბუკის“ სქროლვა დავიწყეთ, ერთი სული გვქონდა, სახლში როდის წავიდოდით და უცბად, ჩვენი გვარები გვესმის… პანიკური სიცილი დაგვეწყო. ბევრად მაგარი ყოფილა თურმე მაშინ გამარჯვება, საერთოდ რომ არ ელი.

ანი როსტომაშვილი: სიგელები რომ მოგვცეს, ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი და ამ დროს, ანის უკვე მიკროფონი ეჭირა, მადლობას იხდიდა და თან ვიღაცებს აქებდა, ძალიან კარგი ვიდეო გქონდათ და მართლა გვეგონა, თქვენ გაიმარჯვებდითო.

რა გვასწავლა კონკურსმა?
ანი კილაძე: ურთიერთობა. გარდა ამისა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ მართლა ასეთ გამოცდილებას მივიღებდი და შემოქმედებით სფეროს სულ სხვაგვარად დამანახვებდა ეს კონკურსი. არ მეგონა, ასეთი კომპლექსური მუშაობა თუ დაგვჭირდებოდა.

ანი როსტომაშვილი: გამარჯვება გვასწავლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცაში გაიმარჯვო. ეს არის ძალიან დიდი ბიძგი და ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, რომ გაგვეგო, რეალურად, გამოგვდის ის საქმე, რომელიც მოგვწონს და გვინდა, რომ ვაკეთოთ?თვითშეფასების სკალაზე
ანი კილაძე: მე მგონია, რომ პირველ რიგში, კონკურსმა ჩვენი თვითშეფასება შეცვალა. ის, რომ შენი წარმატება ხელშესახებია, ზევიდან ამდენ ხალხს უხარია, გილოცავენ და იმით ამაყობენ, რაც შენ გააკეთე, მერე უფრო იჯერებ საკუთარი თავისას, რომ რაღაცები შეგიძლია და ეს ძალიან მაგარი გრძნობაა.

ანი როსტომაშვილი: ეს მოტივაცია, რაც ახლა ჩვენ გვაქვს და ეს სიხარული, რომელიც ამდენხანს გამოგვყვა იმად ღირს, რომ ეს კონკურსი გაგრძელდეს. იმისთვის, რომ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესდნენ და საკუთარ თავში შესაძლებლობები აღმოაჩინონ, რომლითაც მომავალში სხვადასხვა გამოწვევებთან გასამკლავებელ პოზიტიურ გზებს მოიფიქრებენ. ჩვენ ორივეს გვგონია, რომ:

კარგი რეკლამა ხელოვნებისგან საერთოდ არ განსხვავდება და შემოქმედებითი სფერო ის ინსტრუმენტია, რომლითაც ჰოპ და ძალიან ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება.  

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა