24
Apr
2019

მიკრობი, როგორც ხატვის საშუალება – ანი ციციშვილის შემოქმედება

24 Apr 2019

ანი ციციშვილი აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ხატვით ბავშვობიდანაა დაინტერესებული. თუმცა, კარგა ხანია, იგი ამ პროცესში არატრადიციულ მეთოდსაც იყენებს – იგი მიკრობებით ხატავს. როგორც თავად ამბობს, ხატვის ამ მიმდინარეობით მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანია დაინტერესებული. როგორია მიკრობებით ხატვა და რა დეტალებს მოიცავს იგი, ამაზე Marketer.ge ანის თავად გვესაუბრა:

M: რა დამოკიდებულება გაქვთ ზოგადად ხატვასთან და საიდან გაჩნდა მიკრობებით ხატვის იდეა?

ჩემთვის ხატვა ბავშვობისდროინდელი ჰობია, რომელსაც არდადეგებზე დღეში, საშუალოდ, 6-7 საათს ვუთმობდი. ვხატავ ტუშით, ფანქრით აკრილით და ა.შ. მიკრობებით ხატვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აზარტულია.

პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გავეცანი მიკრობების გათესვის მეთოდებს, აქ ვნახე წითელი საფუარი Rhodotorula mucilaginosa და აქედან დამებადა იდეაც.. რატომ არ შეიძლება მიკრობების ისე დასმა სპეციალურ ნიადაგზე რომ ნახატი გამოვიდეს? ამის შემდეგ ლექტორმა შემომთავაზა ცდა და მომცა ყველა საჭირო მასალა ხატვისთვის.

M: როგორია მიკრობებით ხატვის პროცესი? 

პროცესი მრავალ გასათვალისწინებელ დეტალს მოიცავს. მიკრობები იზრდებიან სპეციალურ საკვებ ნიადაგზე, რომელიც ერთგვარად მკვრივი ჟელატინისებრი მასაა. იგი მოთავსებულია ბრტყელ, სტერილურ, გამჭვირვალე პეტრის ფინჯანზე. ფინჯნის ზომები სხვადასხვაა. ძირითადად ვიყენებ 15 სმ დიამეტრის მქონე ფინჯანს. მიკრობებით ხატვა არ ხდება მიკროსკოპის ქვეშ. როდესაც მიკრობი ხვდება საკვებ ნიადაგზე, იწყებს გამრავლებას და წარმოქმნის კოლონიას. იგი ვიზუალურად პატარა მრგვალი წვეთია. სხვადასხვა მიკრობი წარმოქმნის სხვადასხვა პიგმენტს, ანუ – ფერს. აქედან ვიგებ რომელი მიკრობი რა ფერისაა და ვათავსებ ცალკე, სუფთა ფინჯანზე. ამის შემდეგ ვიწყებ უკვე ხატვას, ფინჯანის უკანა მხრიდან მარკერით მოვნიშნავ ნახატს და შემდგომ განვათავსებ საჭირო ფერის მიკრობებს ნახატის მიხედვით. თავიდან ყველაფერი გამჭვირვალეა, თერმოსტატში 34 გრადუსზე შენახვის შემდეგ, ნახატი 3 დღეში ხდება ხილული. ყველა მიკრობი სხვადასხვა სისწრაფით იზრდება. შესაბამისად, საჭიროა იმის გაკონტროლება, თუ პირველი რომელი განვათავსოთ ნახატზე რომ ნახატი დაბალანსებული იყოს.

M: რამდენად პოპულარულია დღესდღეობით მიკრობებით ხატვა და არსებობს თუ არა რაიმე პლატფორმა, რომელიც ამგვარ ნახატებს აერთიანებს?

მას შემდეგ, რაც მიკრობებით ხატვის იდეა დამებადა, Google-ში ინფორმაცია მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ მსგავსად ბევრი ადამიანი ხატავს, და ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციას აქვს კონკურსიც მიკრობებით ხატვაში სახელად, Agar art. გადავწყვიტე, კონკურსზე გამეგზავნა ნახატები და 2017 წელს ნახატმა, სახელწოდებით „მოცეკვავე მიკრობები“ აიღო მესამე ადგილი. ხოლო, 2018 წელს შედეგი გავაუმჯობესე და ნახატმა, სახელად „ზამთრის და გაზაფხულის ბრძოლა“ აიიღო პირველი ადგილი. აქ ასახული იყო ორი მიკრობის, როგორც ორი სეზონის დაპირისპირება. კერძოდ, მარცხენა მხარეს მდებარე „ზამთრის“ მიკრობები – სტაფილოკოკები და Bacillus mycoides, იზრდებიან ძალიან სწრაფად, ისევე, როგორც ზამთრის ყინვები ანადგურებენ ყველაფერს თავის გზაზე. მარჯვენა მხარეს კი „გაზაფხული“, კერძოდ, წითელი ყვავილები, დახატულია ისეთი მიკრობებით, რომლებიც წარმოქმნიან ანტიბიოტიკს ზამთრის მიკროფლორისთვის. შედეგად გაზაფხული, რომელიც ყოველთვის ზამთრის მერე მოდის და ერევა მის სუსხს, ზრდას უჩერებს ზამთრის მიკრობებს.

M: აპირებ თუ არა ამ მიმართულების გაგრძელებას?

მიკრობებით ხატვა ძალიან საინტერესო ჰობია, და მომავალშიც გავაგრძელებ.. ბევრს მოსწონს, მაგრამ მიკრობებით დახატული ნახატი მაინც არასასურველია იყოს სახლში, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არაპათოგენური (ჯანრთელობისთვის არასაშიში) მიკროორგანიზმებისგან ვხატავ. თანაც, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 1 წელია და ისიც მაცივარში შენავისას. მაქვს იდეა, რომ ნახატების ფოტოები დავბეჭდო ტილოზე ან რაიმე მყარ ზედაპირზე, რადგან უფრო დიდ ხანს დარჩეს და თან ინტერიერის გალამაზების საშუალებასაც მოგვცემს..

განხილვა