15
Nov
2019

“რომ არა მუსიკა, ჩიტი მაინც იქნებოდა, რომელიც იჭიკჭიკებდა..” – ანი ზაქარეიშვილი #თაობა

15 Nov 2019

ანი ზაქარეიშვილი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და დიჯეია თბილისიდან. თუკი მის ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ მთელი მისი ცხოვრება რაღაც კუთხით მუსიკასთანაა დაკავშირებული – ბავშვობა, სკოლის პერიოდი, სტუდენტობა და აწმყო. მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამის შესახებ #თაობა ანის გაესაუბრა:

M: როგორი იყო შენი პირველი შეხება მუსიკასთან და როგორ გახსენდება ეს მომენტი?

ასე “მომენტად” არ მახსენდება პირველი შეხება, მუსიკა სულ იყო რაღაც ფორმით ჩემს ცხოვრებაში. სულ ვმღეროდით ოჯახში, ვუსმენდი ვინილებს, მერე მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი ფორტეპიანოს განხრით და ბოლოს კონსერვატორიაში ჩავაბარე.

M: როდის შექმენი პირველი ტრეკი? და როგორ განვითარდა შენი და მუსიკის ურთიერთობა დროთა განმავლობაში? 

ჩემი პირველი ტრეკი იყო  ასე ვთქვათ “საშინაო დავალება”, რეზო კიკნაძე იყო ჩემი ლექტორი  და გოეთეს ლექსზე “მგზავრის ღამეული სიმღერა” უნდა შეგვექმნა ელექტროაკუსტიკური ნაწარმოები. ვიპოვე ლექსის აუდიო ვერსია და Tape music-ის ტექნიკის ციფრული იმიტაციით შევქმენი ტრეკი “ Wanderer Nachtlied “, მას შემდეგ და დღემდეც გატაცებული ვარ სემპლინგით, მომწონს როცა რაიმე ძველისგან ვიღებ ინსპირაციას და მისგან რაიმე ახალს ვქმნი. ძალიან საინტერესო და ინტიმური პროცესია.. შემდეგ, პარალელურად დავიწყე საცეკვაო, ჰაუს მუსიკის წერაც პროექტით “კდემა” და ამავე სახელით დავიწყე დიჯეინგი.

M: ამჟამად რა ჟანრში მოღვაწეობ, ძირითადად?

“მოღვაწეობა” ცოტა ხმამაღლა ჟღერს, ამჟამად უფრო მეტ დროს ვუთმობ მუსიკის ძიებას. სიახლეების აღმოჩენას.

M: როგორია დღესდღეობით შენი მუსიკალური საქმიანობა? (ვგულისხმობ, როგორც ვირტუალურ მოღვაწეობას, ისე – სადმე თუ გამოდიხარ.. ან რაიმე პროექტებში თუ იღებ მონაწილეობას?)

ამჟამად უფრო მეტ დროს ვუთმობ მუსიკის ძიებას, სიახლეების აღმოჩენას. დღესდღეობით მეტად ორიენტირებული ვარ დიჯეინგზე, ვუკრავ სხვადასხვა ადგილობრივ ვენიუზე.

M: აქამდე არსებულ გამოცდილებაზეც გვესაუბრე – თუ არის რაიმე ისეთი მიღწევა, რისი გაჟღერებაც გინდა?

ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ვარ CES რექორდსის პირველი  რელიზის “Sleepers Poets Scientists”  წევრი. ასევე, ჩემი რამდენიმე ტრეკი პროექტით “კდემა” გამოვიდა ლეიბლზე Third Try Records, ნაკრებში Tape From Tbilisi, სხვა ქართველი მუსიკოსების ტრეკებთან ერთად.

M: როგორ ფიქრობ, როგორი ნიადაგია თბილისი შენი მუსიკისთვის?

ვფიქრობ, თბილისს შეუძლია ხელოვანს მისცეს რაღაც უნიკალური, ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებული, რაც შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის შეიძლება, საინტერესო გახდეს.

M: ზოგადად, როგორი სამომავლო გეგმები გაქვს?

მინდა რომ მეტი ვისწავლო, ვიმუშაო და უფრო გავიზარდო, როგორც მუსიკოსი.

M: მუსიკა შენი მთავარი საქმიანობაა, თუ სხვა ჰობი ან კარიერაც გაქვს?

ჩემი ძირითადი საქმიანობა მუსიკაა, თუმცა, სხვა ინტერესებიც მაქვს, ძირითადად, საუნდ და ვიზუალური ხელოვნების ირგვლივ.

M: რომ არა მუსიკა..

რომ არა მუსიკა, ჩიტი მაინც იქნებოდა, რომელიც იჭიკჭიკებდა, ზღვაც იქნებოდა, რომელიც ღელავს, ხეები, რომელიც შრიალებს, ჩანჩქერი და ა.შ ასე რომ, “რომ არა მუსიკა“ არ გამოდის..

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა