ასოციაციამ „ანიკა“, „ASB საქართველოსთან“ თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო კამპანია „#მეშემიძლია“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. კამპანია ფოკუსირებულია შშმ პირთა შესაძლებლობებზე და არა შეზღუდვებზე. კამპანიის მთავარი სამიზნე ჯგუფია დამსაქმებლები.
„ჩვენ გვსურს, დავანახოთ საზოგადოებას, რომ მათ შეუძლიათ წვლილის შეტანა როგორც საკუთარ, ასევე საზოგადოების კეთილდღეობაში“.
„ანიკაში“ ცდილობენ, რომ ადამიანები გააძლიერონ იმ გზაზე, რომელსაც ისინი დასაქმებიდან კეთილდღეობამდე მიჰყავს.
„ამისთვის გვაქვს მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამა, რომელიც მონაწილეთა დასაქმების ბაზრისთვის მომზადებას ემსახურება დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების გზით. სამუშაო ადგილზე მხარდაჭერა მოიცავს როგორც პროგრამის დასაქმებული მონაწილის მხარდაჭერას, ისე დამსაქმებლისაც, რომელსაც შესაძლოა, აქამდე არ ჰქონია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება“.
როგორც „ანიკას“ დამფუძნებელი და დირექტორი ირინა ინასარიძე ამბობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის დასაქმებას მისი კომპეტენციის შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე ახორციელებენ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესი დარწმუნდეს, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ასაქმებს იმიტომ, რომ ის კვალიფიციური კადრია კონკრეტული პოზიციისთვის და არა იმიტომ, რომ მას შშმ სტატუსი აქვს. შშმ ადამიანის დასაქმება არ უნდა იქნეს განხილული ქველმოქმედებად.“
სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, „ანიკას“ მხარდაჭერითი პროგრამის ფარგლებში, დასაქმდა 59 ადამიანი, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა 10-მა ადამიანმა.
„ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგებით. თითოეული შემთხვევა ჩვენთვის დიდი წარმატებაა და ვზრუნავთ, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. დღეს, ჩვენ გვაქვს ბევრი წარმატებული პარტნიორობის მაგალითი, რაც დამყარებულია პროფესიონალიზმსა და ნდობაზე. კომპანიებმა იციან, რომ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კომპეტენტური კადრი აიყვანონ ვაკანტურ პოზიციაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ მსხვილ თუ მცირე ბიზნეს კომპანიებთან და სოციალურ საწარმოებთან, როგორიცაა: „საქართველოს ბანკი“, „ვენდისი“ & „დანქინი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემბისი“, „დადარი“, „კოდალა“ და ა.შ. თუმცაღა, გვაქვს სურვილი, რომ უფრო მეტ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ და მეტი ადამიანი დაინტერესდეს შშმ პირთა დასაქმების საკითხით”, – ამბობს ნინო გორგაძე, ასოციცია „ანიკას“ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტი.
კომპანია „ემბისის“ ოპერაციების დირექტორის, ეთო ჩაჩიბაიას თქმით, ასოციაცია „ანიკას“ დახმარებით, მიმდინარე წელს, ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაასაქმეს.
„მათივე მხარდაჭერით განხორციელდა უშუალო ხელმძღვანელის ცნობიერების ამაღლება და დატრეინინგება, რათა ახალი თანამშრომლისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული და ხელსაყრელი სამუშაო გარემო შეგვექმნა. „ემბისისთვის“ პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის მუდმივი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც გვიწევს ოპერირება. ვაცნობიერებთ, რომ კერძო სექტორი შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, ჩართულობისა და თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიაში ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მათი დასაქმება და პროფესიული განვითარება განვსაზღვრეთ. დიდი მადლობა „ანიკას“ თანამშრომლებს გულისხმიერებისთვის, მონდომებისთვის და ეფექტური თანამშრომლობისთვის. ხშირად, კომპანიებს ეშინიათ შშმ პირების დასაქმება, მაგრამ სირთულეები ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ. შშმ პირები, პასუხისმგებლობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით სამაგალითო კადრები არიან, რაც კომპანიის სხვა თანამშრომლების პროდუქტიულობას, მოტივაციასა და ლოიალურობას ამაღლებს“.
„აჭარა ჯგუფის„ დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი კი ამბობს, რომ ინკლუზიური, თანასწორი და მრავალფეროვანი გარემო მათი კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიის განუყოფელი კომპონენტია და უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლის პროფესიულ ზრდას თუ კომპანიაში არსებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობას.
„ჩვენთან შექმნილ თანაბარი შესაძლებლობების სამუშაო გარემოში ყველა თანამშრომლის შრომა ღირსეულად არის დაფასებული. როგორც ინდუსტრიის წამყვანი კომპანია და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, „აჭარა ჯგუფში“ პასუხისმგებლობით ვუდგებით შშმ პირების მონაწილეობას და ჩართულობას თანასწორობის პრინციპების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, კომპანიაში მათი დასაქმების პრაქტიკა დავნერგეთ და ასოციაცია „ანიკასთან“ თანამშრომლობაც ჩვენი ერთობლივი წარმატების საუკეთესო მაგალითია. „ანიკას“ დახმარებით, ჩვენ შემოგვიერთდნენ მომზადებული და პროფესიონალი თანამშრომლები და ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. ჩვენ გვჯერა, „აჭარა ჯგუფში“ შექმნილი ხელმისაწვდომი, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო ზრდის თანამშრომლების ლოიალურობას და კომპანიას უფრო მეტი ახალი თანამშრომლისთვის მიმზიდველს ხდის“.
„ანიკაში“ ამბობენ, რომ მათი მიზანია, თანამშრომლობის გაფართოება დასაქმების მიმართულებით, კამპანიაში რაც შეიძლება, ბევრი ორგანიზაციის ჩართვა და შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით. ამის მნიშვნელოვანი წინაპირობა კი სწორედ მათი დასაქმებაა.
„შშმ პირებს, ვისაც სურთ დასაქმება, შეუძლიათ, შეავსონ კითხვარი და ჩვენ მათ უმოკლეს დროში დავუკავშირდებით“.
[პარტნიორის კონტენტი]