საფრანგეთში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში უძველესი ცხოვრების ნახატების ჩაბნელებული გამოქვაბულების კედლებზე ვაწყდებით — ერთი შეხედვით უმოძრაო, უჩვეულო სილუეტებს, რომლებიც ადრეული დროის აღქმებს თუ შესაძლებლობებს ეხმიანება. თუმცა ბოლო წლებში არქეოლოგებმა წარმოიდგინეს, როგორც შეიძლება ამ უბრალო მონახაზებში მოძრავი სცენები იმალებოდეს…
როგორც ჩანს, ანიმაციის ფესვები უძველესი ხელოვნების ნიმუშებში იმალება. მიმდინარე წლის დასაწყისში უცნაური ცხოველების გამოსახულებების სერიამ აღნიშნული საკითხი გაააქტიურა. 3D მოდელებისა და ვირტუალური რეალობის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, არქეოლოგთა გუნდი ამტკიცებდა, რომ ქვის ნამუშევარი შეიძლება დინამიკური წარმოდგენა იყოს — მხოლოდ კოცონის შუქზე ყურებისას.
მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი ადამიანები შეიძლება შორს იყვნენ იმ ჰიპერრეალური ანიმაციისგან, რომელიც დღეს გვართობს, ეს პრეისტორიული ხელოვნების ნიმუშები შთამბეჭდავია. აქ ჩვენი ადამიანური სურვილი იკითხება მოძრაობის გაგების, წარმოსახვისა და შექმნის მცდელობისა.
კიდევ ერთი მაგალითია სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის „დამწვარ ქალაქში“ აღმოჩენილი თასი, თხის გამოსახულებებით. ერთმანეთის მიყოლებით დახატული 5 რქიანი თხა ფოთლების საჭმელად ხტება, რომელიც, სავარაუდოდ, სიცოცხლის ასურულ ხეს წარმოადგენს. ის 5200 წლისაა და ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ შეიძლება ანიმაციის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იყოს. მართალია, საკითხი საკმაოდ საკამათოა, მაგრამ ფაქტია, სპარსელი მეჭურჭლეები ადრეულ ცნებებს ეუფლებოდნენ ანიმაციისა და ხედვის მუდმივობის შესახებ.
„ეს მიგვანიშნებს, რომ ადამიანები ცხოველების მოძრაობით ათასწლეულების განმავლობაში ინტერესდებოდნენ და თანმიმდევრული სურათების შექმნას ცდილობდნენ“, — ამბობს ლეილა ჰონარი, სპარსი ანიმატორი და ხელოვნებათმცოდნე ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტიდან.
როგორც პალეოლითის მკვლევარი და კინორეჟისორი მარკ აზემა აღწერს, კიდევ ბევრი მაგალითია პალეოლითის მხატვრებისა. „დაჭიმული, გრაფიკული და ხშირად ქაოტური ნარატიული სცენები, განმეორებადი თანმიმდევრობით, მოძრაობას ასახავს. მაგალითად, შოვეს გამოქვაბულის კედლები სავსეა ცხენებითა და ბიზონებით, ასევე გამოქვაბულის ლომებით“.