in

სტუდია, რომელიც ქართულ ანიმაციებს ქმნის – “ანიმატორი”

სულ ცოტა ხნის წინ რაგბის ჩემპიონატის თემაზე შექმნილმა ანიმაციამ “მზის მოტაცება” სოციალური ქსელი მოიცვა. შეიძლება ითქვას, რომ თბილი ფერებითა და ლამაზი სიუჟეტით აწყობილი ანიმაციური რეკლამა ქართული რეალობისთვის უცხო იყო და სწორედ ამიტომ მოჰყვა დიდი გამოხმაურებაც. საქართველოში ანიმაციურ რეკლამებს იშვიათად აკეთებენ და ეს პროფესიონალი კადრების სიმცირითაა გამოწვეული. არსებობს ერთი ასეთი სტუდია “ანიმატორი”, რომელიც აქტიურადაა მსგავს საქმიანობაში ჩართული, რაგბის თემაზე შექმნილი ანიმაციაც – “მზის მოტაცება” მათ ეკუთვნით. მათი საქმიანობის, ზემოხსენებული პრობლემისა და ზოგადად ანიმაციის შექმნის პროცესის შესახებ სტუდიის დამფუძნებლებს, სანდრო ქათამაშვილსა და ნათია ნიკოლაშვილს გავესაუბრეთ:

bog
bog-mob

M: საიდან გაჩნდა ანიმატორის შექმნის იდეა? 

ნ.ნ: სტუდია ანიმატორის დაარსებამდე 10 წელი ანიმაციის სფეროში ვიყავით, ამ პერიოდში მჭირდოდ ვთანამშრომლობდით “20 Steps Productions” საპროდიუსერო კომპანიასთან, სადაც შევქმენით ჩვენი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციები: “ბებო” (რეჟ: სანდრო ქათამაშვილი) “ლი.ლე”(რეჟ: ნათია ნიკოლაშვილი), “მზის ჩასვლა” (რეჟ: მამუკა ტყეშელაშვილი) “მეთევზე და გოგონა” (რეჟ: მამუკა ტყეშელაშვილი). თუმცა, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციით გუნდის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან დაფინანსებას რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვიღებდით და ბიუჯეტიც მწირი იყო, ამიტომ, პარალელურად დაკვეთებს ვასრულებდით.

 

ს.ქ: შემდეგ მოხდა ის, რომ საფესტივალო რეპუტაციის დამსახურებით უცხოური პროექტი დაგვიკვეთეს: 20 წუთიანი 2D ანიმაცია –  რაც მთავარია, ბიუჯეტით. მხოლოდ ხალხის მობილიზება და შესრულება იყო საჭირო, ჩვენც შესაბამისად ყველას დავუკავშირდით, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობდა, ვისთანაც ხმა მიგვიწვდებოდა, მაგრამ არასასურველი რეალობის პირისპირ დავდექით: დავინახეთ, რომ მსგავსი წარმოების დაძლევა დღეს საქართველოში შეუძლებელია, არა იმიტომ რომ პროექტი უბიუჯეტოა, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი ხარისხის პროფესიონალები არ მოიძებნება.

ამ შემთხვევის შემდეგ, მიზნად დავისახეთ სტუდიის შექმნა და და უკვე წელიწადი იქნება, რაც სტუდია ანიმატორი არსებობს.

M: რა არის ზოგადად ანიმატორი – რას ქმნის/რა მომსახურებას სთავაზობს კლიენტს?

ნ.ნ: სტუდია ანიმატორი არის 2D ანიმაციის სერვის კომპანია, ასევე ვმუშაობთ stop motion პროექტებზე. ჩვენ არა მხოლოდ მთლიანი წარმოების წარმართვა შეგვიძლია, არამედ ცალკეული ასპექტებითაც ვერთვებით პროექტებში. მაგალითად, შეიძლება, მხოლოდ ანიმატორი სჭირდებოდეთ უკვე აწყობილ გადასაღებ მოედანზე ან მხოლოდ კადრირება და ანიმატიკი (გაცოცხლებული კადრირება), თუნდაც პერსონაჟის/გარემოს მხატვრობა და ასე შემდეგ..

ძირითადად კი, ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ მაღალი ხარისხის, შემოქმედებითი პროდუქტის წარმოებაა.

 

M: როგორც ვხვდებით, ქართულ რეალობაში მსგავსი სტუდიები და მსგავსი მომსახურებები ერთგვარი „უცხო ხილია“, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სიტუაციას? რამდენად მარტივად/ან რთულად მისაღებია ანიმაციური პროდუქტი საქართველოში? 

ნ.ნ: დიდი სურვილის მიუხედავად, დამკვეთის მხრიდან ანიმაციური პროექტები გარკვეულ რისკს შეიცავს, ამის მთავარი მიზეზი კი ამ მხრივ განუვითარებელი ბაზარია, რაც ასევე ჩვენზეც ვრცელდება.

ს.ქ: პრობლემატური არის დრო, ანიმაციური რგოლის წარმოებას ხშირად სჭირდება მეტი დრო, ვიდრე ვიდეო გადაღებებს და ამისთვის დამკვეთები ხშირად მზად არ არიან. ნებისმიერი მოკლე ანიმაციური რგოლის სამუშაო პერიოდი საშუალოდ 2 თვიდან იწყება, იმისთვის, რომ მოსამზადებელი პერიოდიც და  უშუალოდ საწარმოო ნაწილიც სრულყოფილი იყოს, ეს ის დეტალებია, რაც ხარისხში ქმნის განსხვავებას.

ნ.ნ: ალბათ დამკვეთი მიჩვეულია, რომ გარკვეული შედეგი სამ დღეში იდება.. ანიმაციური წარმოება მოიმატებს საქართველოში და აღარ იქნება ეს უცხო ხილი, შესაბამისად, უფრო გადადგამენ ამ ნაბიჯს კომპანიები, რადგან ანიმაცია ყოველთვის განსაკუთრებულად იქცევს ყურადღებას და დასამახსოვრებელიცაა.

M: თავად „ანიმატორს“ რა სირთულეები შეხვდა განვითარების პროცესში?

ს.ქ: იმისთვის, რომ სტუდიამ იმუშაოს, ამ მიმართულებით საჭიროა მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და ადგილობრივი სასწავლებელი. სამწუხაროდ, დღეს არ არიან ისეთი კადრები, რომლებიც უკვე მზად არიან  წარმოებაში ჩართვისთვის, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი – მეორე მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ღია იყოს კარი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უნდა და აინტერესებს ანიმაციის კეთება. თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მოსინჯოს თავისი ძალები. აქ პროცესში ერთმანეთს ყველა ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოწვევებს მალე დავეწიოთ.

ნ.ნ: ბევრი მონდომებული, ნიჭიერი ახალგაზრდა შემოგვიერთდა – ეს კი სწორედ ის რესურსია, რომლის გარეშეც ჩვენი წლევანდელი პროექტების დაძლევა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

 

M: როგორ ფიქრობთ, რატომ არის ანიმაციური პროდუქტი რაიმე ქეისის/საკითხის გაშუქების კარგი გზა?

ნ.ნ: ანიმაცია თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ ვიზუალურ თუ ტექნიკურ გადაწყვეტას, მასში ერთიანდება მუსიკა, მხატვრობა, კინემატოგრაფია. წარმოდგენაც კი რთულია, რამდენი სახის განსხვავებული ვიზუალის თუ შეგრძნების მიღება შეიძლება ამ ყველაფრით. ანიმაცია ყოველთვის ღრმად იბეჭდება ჩვენს მეხსიერებასა და გრძნობებზეც, ერთნაირად ახლოს მიდის პატარასთან და დიდთან, პროექტს სწორედ იმ განსხვავებულობას სძენს, რასაც დღეს ასე აქტიურად ეძებენ.

M: რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას ხარისხიანი ანიმაცია?

ს.ქ: აქ უმთავრესი ნდობაა, ეს ფაქტორი კი იმ საფუძველს ქმნის, რომელიც წინ უძღვის საწარმოო პროცესს, ამ პროცესში კი უკვე პროფესიონალები ავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს. არის შემთხვევები, როცა დამკვეთი თითქმის ასლს ითხოვს უკვე არსებული პროდუქტის, რაც სამუშაოდ ძალიან არამოტივაციურია, მსგავს პროექტებზე, ძირითადად, უარს ვამბობთ.

ასევე, ხარისხიანი ანიმაციის შესაქმნელად საჭიროა ბიუჯეტი და საკმარისი დრო, ჩვენი მხრიდან კი – პროფესიონალიზმი.

M: რაგბის კამპანია თქვენი პირველი მასშტაბური პროექტია თუ იქამდეც გქონდათ მსგავსი პროექტები?

ს.ქ: “მზის მოტაცებამ” ნამდვილად ყველაზე მეტად და მოკლე ხანში მიიქცია ყურადღება, თუმცა, ბოლო 10 წლის გამავლობაში შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნამდვილად არ ჩამოუვარდება ხარისხით (თუნდაც “ლი.ლე”, რომელიც გახდა პირველი ქართული ანიმაციური ფილმი ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში და “მეთევზე და გოგონა”, ანსის ფესტივალის კონკურსში, დღემდე მოგზაურობს საერთაშორისო ფესტივალებზე და არაერთი პრიზის მფლობელია). რა თქმა უნდა, მათი აუდიტორია შეზღუდულია, “მზის მოტაცება” კი ძალიან სწრაფად და ეფექტურად მივიდა მაყურებლამდე და ეს ძალიან სასიამოვნოა.

M: ამჟამად რაზე მუშაობთ?

ნ.ნ: ამჟამად მოკლე ანიმაციური ფილმის “ყვავი” წარმოებას ვასრულებთ (რეჟ: სანდრო ქათამაშვილი , 20 Steps Productions), ასევე ვავითარებთ სრულმეტრაჟიან და სერიალის პროექტებს იმავე 20 Steps-ის დაკვეთით.

სამომავლოდ კი, გაძლიერებული მოტივაციით ველოდებით ახალ, საინტერესო გამოწვევებს.

 

M: სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით..

ს.ქ: პირველ რიგში მეტი სტაბილური პროექტისთვის, გუნდის გაზრდა, განვითარება გვსურს. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ანიმატორი შემოგვიერთდება, უფრო მასშტაბური პროექტების წარმოებას შევძლებთ.

ასევე, ჩვენთვის დიდი ბედნიერება იქნება კინოთეატრში სრულმეტრაჟიანი ქართული ანიმაციური ფილმის ნახვა.

ლევან ბახია: შიშის არ შიში

ხანდახან საუბარი ყველას გვჭირდება