ანიმეს თავისი სამყარო აქვს, რომელიც განსხვავებული სიუჟეტებით, პერსონაჟებით, მუსიკითა და კულტურით გამოირჩევა. ამ თავისი უნიკალური ფორმატის გამო მას თავისი აუდიტორია ჰყავს მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ასაკობრივ ჯგუფად იყოფა. იაპონიაში დაბადებულმა ამ ჟანრმა დროსთან ერთად კულტურული ნიშა შეიძინა და უამრავი ფილმი თუ სერიალი გამოვიდა, რომლებსაც თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს და ეს ადამიანები ამ ანიმეების რეიტინგს აყალიბებენ.
ამ სტატიაში სწორედ ანიმეს მოყვარულების მიხედვით შევადგინეთ ყველა დროის ყველაზე ცნობილი ანიმეების ათეული. ვნახოთ, რამდენი მათგანი დაემთხვევა ჩვენი მკითხველის გემოვნებას.
- Spirited Away (2001)
ალბათ არავის გაუკვირდება, თუ სწორედ ამ ფილმით დავიწყებთ თხრობას. 10 წლის ტიჰიროს გმირული თავგადასავალი როგორც მილენიალებისთვის, ისე ზეტ თაობის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ანიმეა.
- Kiki’s Delivery Service (1989)
ამ ანიმეში 13 წლის კიკის ამბავია მოთხრობილი, რომელიც თავის მოლაპარაკე კატასთან, ჯიჯისთან ერთად მარტო გადადის საცხოვრებლად ზღვისპირა ქალაქში და საჭმლის მიწოდების ორიგინალურ სერვისს სთავაზობს მცხოვრებებს. ეს ფილმი საკმაოდ პოპულარულია და ანიმეს მოყვარულების ტოპსიაში მყარ ადგილს იკავებს.
- The Tale of the Princess Kaguya (2013)
ბამბუკში ნაპოვნი პაწაწინა ნიმფას ისტორიაა, რომელსაც მოხუცი ცოლ-ქმარი ზრდის, როგორც საკუთარ შვილს. ანიმაცია იაპონური ხალხური ზღაპრის “ბამბუკის მჭრელის ზღაპრის” მიხედვითაა გადაღებული და გამოკითხვებს შორის ყოველთვის რეიტინგულ პოზიციებზეა.
- Grave of the Fireflies (1988)
რთულია, ერთხელ მაინც გქონდეს ნანახი ეს ანიმე და ცრემლები შეიკავო. ის არღვევს მულტიპლიკაციური ფილმის საზღვრებს და საკმაოდ დრამატულ სიუჟეტს ავითარებს, რომელიც მაყურებლის ემოციებზე თამაშობს. ფილმს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და არასოდეს კარგავს აქტუალობას.
- Your Name (2016)
როდესაც ტოპანიმეებს მიმოვიხილავთ, „შენი სახელის” გარეშე იოლად ვერ გამოვძვრებით. ის უფრო თინეუჯერული ასაკის და უფროსი თაობის მაყურებელზეა გათვლილი, ფენტეზის ჟანრობრივი შტრიხებით კი საოცარ ისტორიას ქმნის, რომელიც, ასევე, ვერ გვტოვებს ემოციების გარეშე.
- In This Corner of the World (2016)
ეს ფილმი ცნობილ იაპონურ მანგაზეა დაფუძნებული. მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს და მოგვითხრობს სუზუ ურანოს ისტორიას, რომელიც საპორტო ქალაქ კურეში გადადის მას შემდეგ, რაც დაქორწინდება აცზე, რომელსაც თითქმის არ იცნობს.
- My Neighbor Totoro (1988)
80-იანებში გამოსული კიდევ ერთი საკულტო ფილმია. სიუჟეტი მოგვითხრობს ორი მცირეწლოვანი დის შესახებ, რომლებიც მამასთან ერთად გადადიან სოფლად, დედის სიახლოვეს, რომელიც ავადაა და მკურნალობს ამ სოფლის საავადმყოფოში. ახალმა სახლმა და გარემომ მათ ახალი მეგობარი აჩუქა და ეს არის ტოტორო – უჩვეულო პერსონაჟი.
- Princess Mononoke (1997)
ეს ფილმი აშიტაკას, ახალგაზრდა მეომრის შესახებ გვიყვება, რომელიც თავის სოფელს იცავდა და დემონის წყევლის მსხვერპლი გახდა. წყევლის მოხსნის ძიებაში ის ახალ ადგილებს აღმოაჩენს და სულებს შორის ბრძოლაში ჩაერთვება, სადაც პრინცესა მონონოკეს გაიცნობს. ეს ანიმეც საუკეთესოთა სიის განუყოფელი ნაწილია.
- When Marnie Was There (2014)
ეს ანიმაცია ჯოან გ. რობინსონის რომანის მიხედვით არის გადაღებული და მოგვითხრობს ემოციურ ისტორიას 12 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც ასთმური პრობლემების გამო ნათესავებთან დასარჩენად აგზავნიან წყნარ, ზღვისპირა ქალაქში. იქ ის აღმოაჩენს იდუმალ, დანგრეულ სასახლეს ჭაობში და მისი საინტერესო თავგადასავალიც იწყება.
- The Wind Rises (2013)
რთულია ბოლო ანიმეს არჩევა, თუმცა რეიტინგები თავისთავად ალაგებს ყველაფერს. ავიაციით გატაცებული ჯირო თვითმფრინავების დიზაინის შექმნაზე ოცნებობს. ახლომხედველობის გამო იგი ვერ გახდა პილოტი, თუმცა ის მაინც შეძლო, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ავიაინჟინრად იქცა. მის ისტორიას გვერდით გასდევს ისტორიული მოვლენები, მათ შორის 1923 წლის დიდი კანტოს მიწისძვრა, ეკონომიკური გაჭირვება და ომის მოახლოება, რაც ისტორიას კიდევ უფრო ამძაფრებს და მაყურებელს ითრევს.
ასე დალაგდა ყველა დროის ცნობილი ანიმეების საუკეთესო სია. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სტატიაში მხოლოდ ფილმებზე გავაკეთეთ აქცენტი. ცალკე ჟანრია ანიმე სერიალები, რომლებსაც სხვა დროს მოვუყრით თავს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი