15
Mar
2019

ვისთვის და რატომ შეიქმნა სოციალური საწარმო „ანინა“?!

15 Mar 2019

Startauperi
Startauperi


ანინა“ სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილების“ ბაზაზე შეიქმნა. ცენტრში 40 ბენეფიციარია, სხვადასხვა სახის საჭიროებებით. საწარმოს დამფუძნებელი კატო მიქელაძე ამბობს, რომ „ანინას“ შექმნის იდეა მათი მშობლების დასაქმების სურვილით გაჩნდა – მთავარი მიზანი იყო, დედებს ჰქონოდათ ანაზღაურებადი სამსახური იმავე სივრცეში, სადაც შვილები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ.

„ანინას“ დამფუძნებელი კატო მიქელაძე

კატო მიქელაძე: სოციალური საწარმო „ანინა“ სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილების“ ბაზაზე შეიქმნა. ცენტრში 40 ბენეფიციარია, სხვადასხვა სახის შეზღუდვებით: აუტიზმი, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა. მათი დედების აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია. შვილები, დილას 10 საათზე ცენტრში მოჰყავთ და ხშირ შემთხვევაში, საღამოს 6 საათამდე იქვე ელოდებიან. „ანინა“ სწორედ მათი დასაქმებისთვის შეიქმნა. მთავარი მიზანი იყო, დედებს ჰქონოდათ ანაზღაურებადი სამსახური იმავე სივრცეში, სადაც შვილები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ. მათ ხომ პირველად მიეცათ შესაძლებლობა, შვილების დიაგნოზის შემდეგ, ჰქონდეთ სამსახური, იყვნენ რეალიზებულნი და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

M: რა პროდუქცია იქმნება „ანინაში“? 

კ.მ. : საწარმოს შექმნის იდეა, სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორს, ინგა ლოლაძეს ეკუთვნის, რომელიც თავად არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედა. საბოლოო ჯამში, „ანინამ“ უნდა აწარმოოს ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი ტიპური განვითარების ბავშვებისთვის. ყველა ნივთზე დატანილი იქნება რომელიმე შეზღუდვის აღმნიშვნელი გამოსახულება, დავუშვათ ეტლით მოსარგებლე ბავშვი, ხელისგულები (რომელიც დაუნის სინდრომს გამოხატავს), „ფაზლი“ (აუტიზმის სიმბოლო) და სხვა. ეს იქნება კომუნიკაცია ადამიანებთან, ვინც ამ ტანსაცმელს ატარებს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს (მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი). თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ აქსესუარებს ვკერავთ, ტანსაცმლის ხაზის წარმოებისთვის თანხების მობილიზებაა საჭირო. ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს, სარვამარტოდ კომპანია „ვისოლს“, დავუმზადეთ კოსმეტიკის ჩანთები – 2 დღეში 1000 ცალი შევკერეთ.

M: ანუ სხვადასხვა რესურსით, კერძო კომპანიები ეხმარებიან „ანინას“?

კ.მ. : პირველი კომპანია „ვისოლი“ იყო. საახალწლოდ სანტას ქუდები შევუკერეთ. ის ორი საკერავი მანქანა, რომლითაც საწარმო მუშაობს, კომპანია „ვისოლმა“ შეიძინა „ანინასთვის“. „სამოსელი პირველი“ სამ მშობელს გადაამზადებს უსასყიდლოდ. ისინი კონსტრუირებისა და კერვის კურსებს საუკეთესო სპეციალისტებთან გაივლიან და შესაბამისად, „ანინას“ სამი სერტიფიცირებული თანამშრომელი ეყოლება.

M: რა სირთულეები აქვს საწარმოს? 

კ.მ. : მთავარი სირთულე ის გახლავთ, რომ ჯერ მხოლოდ ორი საკერავი მანქანა გვაქვს. მინიმუმ, 15 მშობელი უნდა დავასაქმოთ. ამიტომ ყველანაირ შანს ვიყენებთ, გავიზარდოთ და ყველა საჭირო ინვენტარით აღვჭურვოთ საწარმო – ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს, გვაქვს ძალიან მეგობრული ფასები. კომპანიები, რომლებიც „ანინაში“ დაამზადებენ საჭირო აქსესუარებს, მიიღებენ საუკეთესო ხარისხს და თან სოციალური საწარმოს განვითარებაში შეიტანენ წვლილს.

M: საწარმოს სრულფასოვანი მუშაობისთვის, ალბათ, ეს საკმარისი არ არის . . .

კ.მ. : საწარმომ რომ გამართულად იმუშაოს, ძალიან ბევრი რამ სჭირდება. თუმცა, არ გვინდა მუდმივად დახმარების მოთხოვნის რეჟიმში ვიყოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ თავად შეგვიძლია ფასეული პროდუქტის შექმნა, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ, შეიძინონ ახალი პროფესია და ახალი ცხოვრება დაიწყონ. დედებს, რომლებსაც მუდმივად უწევთ ბრძოლა შვილების უფლებებისთვის, ცდილობენ მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას, შეკერავენ ტანსაცმელს სხვადასხვა შეზღუდვის აღმნიშვნელი გამოსახულებით და ასე მოჰყვებიან თავიანთი შვილების ამბავს. საკონსულტაციო კომპანია „რემაინდერის“ დახმარებით, სწორი კომუნიკაციის დამყარება შევძელით მომხმარებლებთან – უკვე ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს „ანინას“ რამდენიმე პროდუქტი.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

კ.მ. :  21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ „ანინას“ პრეზენტაცია გაიმართება. გვინდა, საზოგადოებამ იცოდეს ამ წამოწყების შესახებ. გვინდა, შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ისაუბრებს ბავშვებზე განსხვავებული მდგომარეობით, პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი შეიყვარებს.

 

განხილვა