„მამა მშენებელი იყო და ჩვენს ეზოში ხშირად ეწყო ხოლმე სამშენებლო მასალების ნიმუშები. ბავშვობიდან შეხება მქონდა აგურთან, ხესთან, ცემენტთან და ჩემი ბავშვური თამაშებიც ამ მასალების ირგვლივ ტრიალებდა“.
თუკი ბევრი სხვა ადამიანის – „მე უნდა გამოვიდე ექიმი, კოსმონავტი და მომღერალი“ – ბავშვობაში დარჩა, ანკა ჩოჩია ზუსტად ის გამოვიდა, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ღრმა ბავშვობიდან აშენებდა, ხატავდა, ქმნიდა და წინასწარ განსაზღვრული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. პროექტები, რომლებიც დღეს ანკას ხელწერას ატარებს, სახლები და ოფისები, სადაც თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობთ, მისი კომპანიის parallax-ის გუნდის სახელით იქმნება. 2 შვილის დედა, საერთაშორისო გამოფენების აქტიური მონაწილე და ასობით პროექტის ავტორი მუშაობას ყოველთვის ადამიანების კარგად გაცნობით იწყებს:
შენობები ადამიანებისთვის იქმნება. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა სახლი ჰგავდეს პატრონს, ყველა ოფისი ატარებდეს სამუშაოს სპეციფიურ ხასიათს. Ჩემი ყველა პროექტი ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს პასუხობს. თუკი სახლზე ვმუშაობთ, დამკვეთის ძალიან ინტიმური დეტალების ცოდნაც კი მნიშვნელოვანია. ვიწყებთ Შეხვედრით და ვინიშნავთ დეტალებს: ვის უწევენ ანგარიშს, რა გეგმები აქვთ მომავალში, რა სტილის ჩაცმა უყვართ, რა ჰობი აქვთ, რა უქმნით სიმყუდროვის განცდას?! ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ვაყალიბებთ ბრიფს და მათი მოთხოვნილებების გადათარგმნას ვიწყებთ ინტერიერში.
მახსენდება დამკვეთი, რომელსაც ძალიან ბნელი საძინებელი სურდა. მაშინ, როდესაც მეორეს, ინტერიერში ბევრი განსხვავებული ფერი და სინათლე მოსწონდა. თუმცა არიან დამკვეთები, რომლებიც პირველ ეტაპზე ჩამოყალიბებულები არ არიან რა სურთ და ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ. გვყავდა დამკვეთი, რომელიც ამბობდა, რომ კატეგორიულად არ უყვარს ნაცრისფერი ფერი, თუმცა სამუშაო პროცესში აღმოჩნდა, რომ სახლში ძირითადი აქცენტები ნაცრისფერში გადაწყვიტა, მას უბრალოდ ცივი განათება არ მოსწონდა და არ უქმნიდა სიმყუდროვის განცდას, თბილისი განათების ფონზე კი, ნაცრისფერი მისთვის ყველაზე მიმზიდველი ფერი აღმოჩნდა.
„მე თვითონ ვარ ემოციებსა და განწყობებზე დამოკიდებული ადამიანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას გრძნობს ადამიანი შინ მისვლისას – რას ეძახის სახლში ყოფნას?!“
ვცდილობ ხოლმე, რომ დამკვეთების განწყობა ჩემი გამოცდილების საშუალებით ინტერიერში გადავთარგმნო. შიდა სივრცის განსასაზღვრად ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვებს ვიყენებთ: მყუდრო, ესთეტური, საინტერესო, მშვიდი, კომფორტული – თუმცა ყველა ადამიანისთვის ამ სიტყვებს ინდივიდუალური განსაზღვრება აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად ჩავაშლევინო ეს სიტყვები თითოეულს. და საუბრის ბოლოს მივდივართ ხოლმე მეტ კონკრეტიკამდე – სასურველ ფაქტურამდე, ქსოვილამდე, მასალამდე.
„ჩემთვის ინტერიერში ნატურალური მასალა ქმნის სახლის განცდას. ბამბის ქსოვილი, ხის იატაკი. მომწონს იმის გააზრება, რომ ბუნების ელემენტებთან მაქვს კომუნიკაცია“.
დილით, როცა ფანჯრიდან მზის სხივები ჩემ მიერ შერჩეულ ავეჯზე, ფარდაზე, კედელზე ეცემა და გარკვეულ შუქჩრდილებს იკეთებს, ვგრძნობს რომ ეს სახლი მელაპარაკება. და თუ ეს კომუნიკაცია ზუსტად ის საუბარია, რაც მინდოდა, რომ ჩვენს შორის შემდგარიყო, მაშინ ვგრძნობ რომ სახლში ვარ.
„ჩემი პროექტები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია. თუკი ნახავთ, ვფიქრობ, რომ აუცილებელად დაგამახსოვრებთ თავს, რადგან იპოვით რაღაც ძალიან პირადს“.
სივრცეში ფორმების აღქმა ძალიან მომწონდა, სამ განზომილებაში საგნების დანახვა მიადვილდებოდა და ალბათ სკოლაში ხაზვა ამიტომ შემიყვარდა.
სადღაც მე-7 კლასში ვიყავი, როდესაც ზუსტად ვიცოდი არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი მინდოდა სამომავლოდ. ტექნიკური საგნების სიყვარულის გამო მამას მოლოდინი ჰქონდა, რომ ფინანსების განხრით გავაგრძელებდი პროფესიულ განვითარებას, თუმცა იმდენად მკაფიოდ მქონდა ჩემი ინტერესები არქიტექტურის მიმართ ჩამოყალიბებული, რომ მხარი დამიჭირეს და მიმიყვანეს ხაზვის კერძო მასწავლებელთან.
იყო რთული პერიოდებიც და ღამეების თენება პროექტებისთვის კვირების განმავლობაში. თუკი ჩემი მეგობრები გასართობად მიდიოდნენ მე ვხვდებოდი, რომ მუშაობა იყო ჩემთვის განტვირთვაც და დასვენებაც.
ჩანაფიქრიდან რეალურ შექმნამდე იმდენი დინამიკური ეტაპია, იმდენი ადამიანია ჩართული, რომ რთულია ბოლომდე მოიტანო, რაც პირველად წარმოიდგინე. ერთია, რომ გსურს რაიმე განსაკუთრებულის შექმნა, მაგრამ ჯგუფი, რომელიც პროექტის უშუალო განხორციელაბაზეა პასუხისმგებელი, სამშენებლო მასალების ადგილობრივი ბაზარი და გარემო ფაქტორები ამაში ხელს ვერ გიწყობს. ამ შემთხვევაში წინასწარვე გვაქვს სათადარიგო გეგმა და ალტერნატივები, იმისთვის რომ მაქსიმალურ შედეგამდე მივიდეთ.
სოლოლაკში გავიზარდე, ძალიან ლამაზ ეზოში და თბილისის არქიტექტურა ჩემთვის მაინც ძველ თბილისთან ასოცირდება. თუმცა დღეს ბევრ პრობლემას ვხედავ ქალაქგეგმარებით ნაწილში და ჩვენშიც – ადამიანებშიც.
„ჩვენ ძირითადად საკუთარ სარგებელზე ორიენტირებულები ვართ და ქალაქის, შენობის და არქიტექტურის ღირებულებას ვეღარ ვხედავთ“.
მართალია, ჩვენს ქვეყანაში კარგი არქიტექტორების დამსახურებით კარგი შენობებიც პროექტდება და შენდება, თუმცა ძირითადად დღევანდელი არქიტექტურა ბიზნესზეა გათვლილი – ყველაფერი იყიდება. Მშენებელი ფიქრობს, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი რაოდენობის ააშენოს, რადგან იცის, რომ ნებისმიერ ხარისხზე მოთხოვნა მაინც მაღალი იქნება. ამას კი, დიდწილად ის ფაქტორი განსაზღვრავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის სტანდარტები არ არსებობს. ევროპა დიდი ხანია აშენებს კლასობრივი სტანდარტების მიხედვით, როცა A კლასის შენობა ბევრად მეტი ღირს, ვიდრე – B კლასის. ვფიქრობ, სტანდარტიზაციის შემოღება ჩვენთანაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა არქიტექტურულ სურათს.