“ამერიკაში 40$-ით ჩავედი” – ასე იწყება ანა დოლჩეს, იგივე თამთა ყავლაშვილის, ამბავი თავისუფლების ქვეყანაში. გოგონა, რომელმაც “მის საქართველოს” ტიტული ორჯერ მოიპოვა, დღეს ატლანტიკის ოკეანის მიღმა კონტინენტზე, აშშ-ში, საკუთარ საკონსულტაციო ბიზნესს ფლობს. ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც ბნელ ტკბილ 90-იანებში, საკუთარი საქმე წამოიწყო. შემდეგ, ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო და საუკეთესო 30 წლამდელ მეწარმედ დასახელდა. პირველი რესტორანი ნიუ-იორკში გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი კრახით დასრულდა, სვლა განაგრძო და სხვა პროექტებში მუშაობით დიდი გამოცდილება დააგროვა. უკვე ოც წელზე მეტია, ანა დოლჩე ამერიკაში ცხოვრობს და ბიზნესებს სტრატეგიისსა და მომსახურების გაუმჯობესებაში უწყობს ხელს: “ახლა რესტორნებს და “არარესტორნებს” ვეხმარები აარიდონ თავი იმას, რაც მე გავიარე.” ანა დოლჩეს საერთაშორისო მსმენელი TED-ის გამოსვლებიდანაც იცნობს…
M: როგორ გახდა თამთა ყავლაშვილი “ანა დოლჩე”?
ისეთი გრძნობით გავიზარდე, რომ თამთა იყო რთულად გამოსათქმელი სახელი. საზღვარგარეთ ყოფნისას, ჩემი სახელი კომუნიკაციაში ხშირად მიშლიდა ხელს, ზოგი “თამარას” მეძახდა, ზოგი “Tomato”-ს. შემდეგ, ვიღაცამ მითხრა, შენ “ანას” გავხარო, მეც ავიტაცე და ასე გავხდი ანა. რაც შეეხება გვარს, ის პირველ ქორწინებასთან ერთად შეიცვალა. ასე გავხდი ანა დოლჩე. შედეგად, ბიზნესი და კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაადვილდა. მას შემდეგ, 20 წელი გავიდა. ძალიან მაქვს მონატრებული საქართველო და ყველაფერი ქართული და ზოგჯერ ძალიან მომინდება ხოლმე სახელის დაბრუნება, თუმცა, ძნელია…
M: ანტრეპრენუარი 17 წლიდან… საიდან დაიწყო შენი პირველი ნაბიჯები მეწარმეობაში?
90-იანებში საქართველოში არაფერი ხდებოდა. “მის საქართველოს” კონკურსმა თვალები ამიხილა და დამანახა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების გარდა, სხვა სფეროც არსებობს და შეგიძლია დაიწყო საკუთარი საქმე, გაყიდო საკუთარი თავი და არ იმუშავო დაქირავებულ სამსახურში.
1995 და 1996 წლებში, “მის საქართველოს” ტიტულის მიღების შემდეგ, გამომიჩნდა შესაძლებლობა, დამეარსებინა ჩემი სამოდელო სააგენტო. მხოლოდ მე არ ვიყავი, მეხმარებოდნენ. თუმცა, კრეატიული ნაწილი სრულად ჩემი იყო. ქასთინგებსაც მე ვატარებდი.
შემდეგ, მამაჩემს ვეხმარებოდი თავის ბიზნესში. ამ საქმეს როცა აკეთებ, ყველაფრის ანტრეპრენუარის თვალით დანახვას იწყებ. უკვე აღარ გინდება ვინმესთვის მუშაობა. ეს სრულად ცვლის აზროვნებას. ამას მოყვა ის, რომ საუკეთესო ოცდაათ წლამდე მეწარმედ დამასახელეს.
M: საქართველოდან რატომ წახვედი?
ისეთი დრო იყო და ისე გავიზარდე, არაფერზე მიგვიწვდებოდა ხელი. გემახსოვრებათ, რა რთული წლებიც იყო 90-იანები, ყველა გარბოდა ქვეყნიდან. მეც წავედი იქ, სადაც შესაძლებელი იყო წასვლა – გერმანიაში. იქ ფილოსოფიას ვსწავლობდი. “მის საქართველო” და ფილოსოფია – ცოტა უცნაურად ჟღერს, არა? საქმე ისაა, რომ ძალიან ჩაკეტილი ცხოვრება მქონდა საქართველოში. კონკურსების შემდეგ, საერთოდ აღარ მქონდა პირადი ცხოვრება, მუდმივი განხილვის საგანი ვიყავი. ქვეყნიდან გასვლა დამეხმარა, გავმხდარიყავი ის ადამიანი, როგორადაც წარმომედგინა თავი. ამან გააღვიძა ჩემი ინტერესი ფილოსოფიისადმი.
ერთი წლის შემდეგ, ამერიკელმა კოლეგამ შემომთავაზა ამერიკაში სტუმრობა რამდენიმე კვირით. ასე ჩამოვედი ამერიკაში. აქ ყველა “ჩვენიანია”. ამან გამიღვიძა ეს ცნობისმოყვარეობა, თუ როგორი იქნებოდა აქ ცხოვრება. ერთ კვირაში უკვე ვიცოდი, რომ აქ უნდა დავრჩენილიყავი.
M: როგორ დადექი ფეხზე, ამერიკაში ჩასვლის შემდეგ?
ფული არ მქონდა – აშშ-ში 40$-ით ჩამოვედი. დავიწყე ქართველების ძებნა, როგორ და სად მეპოვნა ისინი. ჩემმა მასპინძელმა ბრუნკლინში წამიყვანა, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. დაახლოებით, ერთი თვე ვიცხოვრე იქ, რამდენიმე ქართველთან ერთად. თითო ოთახში რამდენიმე ვცხოვრობდით. როგორც თითქმის ყველა ქართველმა, მუშაობა ძიძად დავიწყე. რთული სამუშაო იყო. ოჯახს, სადაც ვმუშაობდი, 7 შვილი ჰყავდა. მე ერთი მებარა, მაგრამ მხოლოდ იმას ხომ არ მოვუვლიდი, როცა სხვებიც იქვე ტრიალებდნენ? ძალიან დატვირთული სამუშაო, ცოტა შემოსავალი. ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი და დიასახლისი ინგლისური ენის ათვისებაში მეხმარებოდა.
მაგრამ ეს ყველაფერი შორს იყო იდეალისგან. მინდოდა, ამ რთული პირობებისგან დამეღწია თავი და შემეგრძნო, მართლა რა არის ამერიკა.
M: სარესტორნო ბიზნესში როგორ მოხვდი?
ძიძად მუშაობა, რა თქმა უნდა, დროებითი სამსახური იყო. ვცდილობდი, გამეკვლია გზა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ამის შემდეგ. ამერიკაში ძალიან ადვილია რესტორანში მუშაობის დაწყება. არც დოკუმენტები იყო საჭირო, არც ენის ბრწყინვალედ ცოდნა. მუშაობა ჯერ ბართენდერად დავიწყე, შემდეგ მენეჯერად. ორ წელს ვიმუშავე და მივხვდი, რომ შემეძლო ამ ბიზნესში დარჩენა.
შემდეგ, ერთმა ადგილობრივმა და მე რესტორანი გავხსენით. ეს იყო კარიბული და ამერიკული სამზარეულოს მიქსი ნიუ-იორკში. ასე მოვექეცი სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში. ეს უნივერსიტეტივით იყო, რადგან ამ ბიზნესიდან ბევრი რამ ვისწავლე. სამწუხაროდ, წელიწადნახევარში, ბიზნესი ჩავარდა. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მიხარია კიდეც, რომ ეს ბიზნესი ვერ შედგა.
M: რა იყო ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რაც რესტორნის დახურვით ისწავლე?
მე შემეძლო საქმის მართვა, როგორ მემუშავა რესტორანში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამეზარდა ბიზნესი. მეწარმეობა და სტუმართმოყვარეობა, როგორც საქმე, სულ სხვადასხვა რამეა. სრულიად სხვა უნარებსა და ქმედებებს ითხოვს. სწორედ ესაა დამწყები ანტრეპრენუარების ყველაზე გავრცელებული შეცდომა. ფიქრობენ, რომ რესტორანს სჭირდება კერძები და მომსახურება, რომ ხალხი მოვა, შემოსავალიც იქნება და ბიზნესიც აეწყობა. ყველაფერი სხვანაირადაა… ეს იყო ჩემი გაკვეთილი – ბიზნესში მუშაობა და ბიზნესის ფლობა ერთი და იგივე არ არის.
M: საკონსულტაციო საქმიანობამდე როგორ მიხვედი?
რესტორნის დახურვას, დიდი ფული, ენერგია და ნერვები შეეწირა. ამ ამბის შემდეგ, ჩამოვედი ფლორიდაში, რომ რაღაც ახალი დამეწყო. აქ ორი ღამის კლუბისა და რესტორნის გახსნაში დავეხმარე მათ მფლობელებს. მინდოდა რაღაც ახალი დამეწყო და თავი მომეყარა იმ ცოდნისთვის, რაც მქონდა. გამოცდილება უკვე მქონდა საკუთარი გაკოტრებული რესტორნიდან, მაგრამ მაინტერესებდა, როგორ უნდა ააწყო საქმე ისე, რომ გამოვიდეს? 1 წლის შემდეგ, სტუმარ-მასპინძლობის მართვის ჯგუფს შევუერთდი, რომელიც 21 რესტორნის ქსელს ფლობდა. 21 რესტორანი ბევრი არაა, მაგრამ მომცა გამოცდილება, როგორ უნდა გაუძღვე ბიზნესს ისე, რომ საქმე წინ წავიდეს. ამ კომპანიაში, დაახლოებით, 9-10 წლის განმავლობაში ვიმუშავე და გადავწყვიტე საკონსულტაციო ბიზნესი დამეწყო. ახლა ვეხმარები რესტორნებს და “არარესტორნებსაც”, თუ როგორ აარიდონ თავი იმას, რაც მე გავიარე.
M: ძირითადი პრობლემები, რასაც სარესტორნო ბიზნესში აწყდები…
პირველი და უმთავრესი ისაა, რომ ძალიან ვართ შედეგზე ორიენტირებული. ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში ასეა. ცხოვრება იმაზეა აგებული, ვის რამდენი აქვს და რამდენის შეძენა შეუძლია. ბიზნესის მენტალიტეტიც ესაა: ვაკეთებთ თუ არა ფულს? ამასობაში, გვავიწყდება პროცესი. თუკი ფულისკენ მიდიხარ, ხშირად, მასპინძლობის ხარისხი გავიწყდება. როდესაც რესტორანს სტუმრობ, გამახსოვრდება ის, თუ როგორ მოგექცნენ, როგორ გაგრძნობინეს თავი. ამაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დარჩები, რამდენს დახარჯავ და მიხვალ თუ არა მეორედ… პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ვერ ვხედავთ ადამიანებს, არამედ მხოლოდ რიცხვებს მათ მაგიერ. რა თქმა უნდა, ბიზნესმა უნდა აკეთოს ფული, მოგების გარეშე ვერ იარსებებს, მაგრამ უნდა შეათავსო ორივე და არ უნდა დაგავიწყდეს, ჩემი ემოციები თუ შეცვალე, მაშინ მიიღებ უფრო მეტ ფულს.
სტუმართ-მასპინძლობა ხელგაშლილობასთან არის კავშირში. რამდენადაც მეტს გასცემ, მეტს იღებ. ეს მომსახურებაში წარმატების მთავარი ფაქტორია. მომჭირნეობა ღუპავს ბიზნესს. ამერიკაში ხშირად აქცევენ ყურადღებას ტექნოლოგიას, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რატომ აკეთებენ ამას. სტუმართმოყვარეობა არის ის რასაც გავცემთ უანგაროდ, სანაცვლოდ რაიმეს მიღების მოლოდინის გარეშე.
M: ზოგი ბიზნესმენი თვლის, რომ “სტუმართმოყვარეობის კულტურის გარეშეც ყველაფერი რიგზეა და ფული ისედაც შემოსდის”. რას კარგავენ ბიზნესები სტუმარ-მასპინძლური მიდგომის გარეშე?
მე ვიცნობ სამი კატეგორიის ადამიანებს და აქედან მხოლოდ ორ კატეგორიასთან ვმუშაობ. პირველი არის ის, ვინც ხვდება, რომ კრიზისი აქვს და უნდა, რომ დავეხმარო აქედან გამოსვლაში. მეორე კატეგორია არის ბიზნესი, რომელიც ისედაც კარგად მუშაობს, მაგრამ მეტი პროგრესი უნდა. მესამე კატეგორიაში შედიან ბიზნესები, რომლებიც თვლიან, რომ საკმარის ფულს გამოიმუშავებენ და არ საჭიროებენ დახმარებას – ასეთ ბიზნესებს არ სურთ ზრდა, არ არიან წინსვლით დაინტერესებულები. როგორც წესი, მათ სამი პრობლემა აქვთ: ეგო, სიამაყე და არსებული რეალობის მიუღებლობა. ამ ტიპის ბიზნესს შეუძლია, რომ გადარჩეს, მაგრამ ვერასოდეს მიაღწევს სერიოზულ შედეგებს. მათ უჭირავთ რაღაც შუალედური ადგილი და ვერც წინ მიდიან, თან ჯერჯერობით, ახერხებენ არსებობას. ვფიქრობ, ეს ყველაზე მტკივნეული მდგომარეობაა.
M: ქალები ხშირად აწყდებიან პრობლემას, როგორ შეუთავსონ კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს. როგორ შეიძლება ქალმა ამ ორ მნიშვნელოვან სფეროს შორის ბალანსი იპოვოს?
ქალებს საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა გვასწავლეს: ცუდი დედა ხარ, თუკი პირველ ადგილას შვილებს არ დააყენებ, ცუდი თანამშრომელი ხარ, თუ სხვებს არ აყენებ შენ წინ. მიგვაჩვიეს, დაგვევიწყებინა საკუთარი თავი. როდესაც თვითმფრინავით ვმგზავრობთ, ყოველთვის გვეუბნებიან: პირველმა ღვედი შენ შეიკარი, ჟანგბადის ნიღაბი პირველმა შენ გაიკეთე. იგივეა ცხოვრებაშიც. არ უნდა გაიღო მსხვერპლად საკუთარი თავი. ეს არავისთვისაა სასარგებლო.
მითია, თითქოს ორივეს ქონა შეუძლებელია. უბრალოდ, უნდა შეწყვიტოთ ბალანსის ძიება. დააწესეთ ბარიერები: სამსახურის საქმე არ წამოიღოთ სახლში, სახლის საქმე არ წაიღოთ სამსახურში. თუკი სახლში უნდა იყოთ 6-ზე, იყავით სახლში 6-ზე და არავის მისცეთ ამ უფლების წართმევის საშუალება. ეს სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ, ხშირად ხმას არ ვიღებთ საამისოდ. გვეშინია, ვუთხრათ ბოსს, რომ წასასვლელი ვარ მაშინ, როცა სამუშაო საათები მთავრდება, ის ხომ იფიქრებს, რომ მთელ ძალისხმევას არ ვდებ საქმეში… მაგრამ როცა ხართ სამსახურში, იყავით 100%-ით სამსახურში. ასეთ დროს იზრდება თავდაჯერებულობა და თამამად ეტყვი ყველას, რომ შენ მაქსიმუმი ჩადე საქმეში და ახლა უნდა დაისვენო, რადგან შენ ეს დაიმსახურე.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი