in

ანნა გუგუტიშვილი – დედობა და პროფესია

„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე” – ამას რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში წერდა და ნამდვილად გენიალური ფრაზაა. მართლაც, ჩვენ რა უნდა დავწეროთ დედაზე ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ამიტომ ყველაზე ლამაზი და საინტერესოა ინდივიდუალური ისტორიები, რადგან ყველა დედაშვილობის მიღმა საკუთარი მოთხრობა იწერება.

Marketer-ში გადავწყვიტეთ, 3 მარტის, დედის დღისადმი მიძღვნილი სტატიების სერია წარმოგვედგინა, რომლის ფარგლებშიც, სულ სხვა თვალით შეგახედებთ ცნობად, წარმატებულ ქალებს. ისინი ჩვენი რესპონდენტები სხვა დროსაც ყოფილან, თუმცა ამ ამპლუაში – პირველად!

ანნა გუგუტიშვილისთვის არაერთხელ მიგვიმართავს ინტერვიუზე, როცა დიზაინზე, ილუსტრაციებსა და კრეატიულ ტრენდებზე ვსაუბრობდით, თუმცა ამჯერად ის დედის როლის შესახებ სასაუბროდ მოვიწვიეთ. 

რას ნიშნავს ჩემთვის სიტყვა „დედა”

დედობა არის უანგარო სიყვარული, რომელსაც ვერანაირი გრძნობა ვერ შეედრება, დედობა სიმშვიდეა. როგორი წარმატებული და რეალიზებულიც არ უნდა იყო, დედა არის ყველაზე უსაფრთხო და თბილი ადგილი, სახლი, სადაც შეგიძლია, თავი მშვიდად იგრძნო. 

სუბიექტური აღქმით კი, ეს არის ბედნიერება, დააკვირდე თუ როგორ ქმნი ახალ ღირსეულ და კეთილ სამყაროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ფასად, რომლისთვისაც შენ ხდები სიმშვიდის გარანტი. 

დედობა, როგორც ცხოვრების ახალი ეტაპი

ვთვლი, რომ როცა დედა გავხდი, ასაკიც და ცხოვრების ეტაპიც საკმაოდ რაციონალური მქონდა და კარგად მესმოდა რომ ეს ახალი გამოწვევა ბევრ სირთულესაც მომიტანდა. ჩემს პროფესიაში უკვე ჩამოყალიბებული, გარკვეული და ძალიან აქტიური ვიყავი, ვიცოდი, თუ რისი კეთება მომწონდა და რას ვაპირებდი, ამიტომ გამიადვილდა დედობის შეთავსება საქმესთან, რადგან ჩემს მიზნებში ხელი არ შეუშლია, უბრალოდ შეცვალა მიდგომები და გეგმები და დაემატა კიდევ ახალი მამოძრავებელი ფაქტორები. 

როცა დედა გავხდი, დედა გადავაფასე

რა თქმა უნდა, უფრო მეტად გესმის შენი დედის და რეალურად განიცდი, რას გრძნობდა იგი, როდესაც ანალოგიური ცვლილებებისა და გამოწვევების წინაშე იყო. დედისგან რაც  გახსოვს, იმ ზრუნვისა და სითბოს ასოციაციებით გამყარება ხდება, როდესაც იმავე გზას გადიხარ, ხვდები, საიდან შეგიძლია, ისეთ უზომო ენერგიასა და ხალისს ფლობდე შვილისთვის, რასაც დედისგან გრძნობდი შენ მიმართ.

ჩემი, როგორც დედის ერთი სამუშაო დღე

კორპორაციულ სამსახურში არსებობს ორმხრივი შეთანხმება და ორივე მხარე თავის რესურსს დებს სამუშაო პროცესის წარმართვაში, შესაბამისად, ორივე იღებს მატერიალურ სარგებელს და შეთანხმების დარღვევა იწვევს ურთიერთობის გაწყვეტასაც. 

დედობა ყველანაირი მატერიალური და კარიერული მიზნების საპირისპირო ცნებაა და შენი სარგებელი არის ის ბედნიერება, რასაც სხვა, პატარა სამყაროს გადასცემ. ამიტომ მე ვერ აღვიქვამ სამუშაო დღედ უბრალოდ არის დაუსრულებელი და აუხსნელი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც არცერთ შესვენებას და შვებულებას არ ექვემდებარება.

ამბობენ, რომ დედობა ხელს გვიშლის მუშაობაში…

სტერეოტიპები არსებობს, რომლებსაც ხშირად ჩვენვე ვკვებავთ, რადგან გვიჭირს დიდი სურათის შორიდან დანახვა და მხოლოდ ყოფით პრობლემებზე ვკონცენტრირდებით. საზოგადოებაში უფრო მეტს საუბრობენ არჩევანზე კარიერასა და დედობას შორის, ვიდრე იმ ბალანსზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბედნიერებისა და პირადი განვითარებისთვის.

ჩემთვის, პირადად, კარიერული განვითარება და დედობა ცალ-ცალკე ცხოვრებას არ უკავშირდება. მარტივად რომ ვთქვა, რაც დედა გავხდი, მას შემდეგ ვცდილობ, საქმეს უფრო ხარისხიანი დრო დავუთმო და უფრო მაღალი შედეგების დადებაზე ვიფიქრო, ვიდრე მხოლოდ ყოველდღიური ამოცანების ჩახურვაა. დედობა ღირებულებებს ცვლის, უფრო მეტად აფასებ ბალანსს, ასევე, როგორც საკუთარ, ისე დამსაქმებლის დროსა და რესურსს. 

არჩევანის წინაშე

მქონია შემთხვევა, როდესაც ძალიან საინტერესო შემოთავაზებაზე ვთქვი უარი მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ეტაპზე დიდ რესურსს ითხოვდა ჩემგან და არ იყო ჩემი კომფორტისა და ბედნიერების გარანტი. კარიერული ცვლილებები პროფესიული განვითარების ნაწილია, პროფესიული განვითარება კი პირადი განვითარების გარეშე არ წარმომიდგენია და დედობაც ჩემთვის იმ ეტაპზე პირადი განვითარების ეტაპი იყო. ეს მომენტები არ უნდა გამოტოვო, რომ შემდეგ უფრო შემდგარი და თავდაჯერებული პიროვნება იყო. დღეს ჩემი შვილები პირიქით, მოტივაციას მაძლევენ, რომ დიდი გამოწვევები დავუსახო თავს. 

რას ვურჩევდი ახალბედა დედებს

პირველ რიგში, არასდროს შეაფასონ საკუთარი თავი და ცხოვრება სხვისი თვალით, რადგან ნამდვილად ძალიან დიდია სტერეოტიპებზე დაფუძნებული აზრების გავლენა ახალბედა დედებზე. 

ასევე, კარიერა და პროფესიული განვითარება არ უნდა იყოს განყენებული შენი პირადი ცხოვრებისგან. როდესაც შენთვის პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია საკუთარი თავზე ზრუნვა, შვილები და პროფესია, ყველაფერზე დაბალანსებულად და შეთანხმებით ზრუნავ და, როგორც წესი, ეს ორიც არ მოდის ერთმანეთთან კონფლიქტში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ანა ყიფიანი — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან

SMH Sports-ი ცენტრალურ აზიაში სპორტის ინდუსტრიაში საქმიანობას აფართოებს