in

როგორ გააცოცხლეს დიზაინერებმა ანა ფრანკის საცხოვრებელი სივრცე მანჰეტენზე

ანა ფრანკის დღიური მაგიდაზე დევს. თაროზე წვრილმანი ნივთებია მიმოფანტული – რამდენიმე ფანქარი, შავ-თეთრი ფოტოები და ლითონის მაკრატელი. გაყვითლებულ კედლის ქაღალდზე მიკრულია საფოსტო ბარათები და 1920-იანი წლების ვარსკვლავების, გრეტა გარბოსა და ნორმა შირერის ფოტოები. ოთახი ისე გამოიყურება, თითქოს ანა ახლახან იყო აქ და კედელზე გასაკრავ ფოტოებს არჩევდა. მაგრამ აქ არაფერი მომხდარა სინამდვილეში. რადგან ეს არის ოთახი მუზეუმში, მანჰეტენზე. და ეს არ არის ის საიდუმლო ოთახი, სადაც ანამ ორი წელი გაატარა დამალული – ეს მისი ზუსტი ასლია.

BOG
BOG

საერთაშორისო ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს გახსნილი გამოფენა „ანა ფრანკი“ შეიქმნა ანა ფრანკის სახლის მიერ ებრაული ისტორიის ცენტრში. გამოფენა, ამსტერდამიდან მოშორებით, მნახველებს პირველად აძლევს საშუალებას, ნახონ, როგორ ცხოვრობდნენ ანა, მისი ოჯახი და კიდევ ოთხი ებრაელი, ნაცისტებისგან ფარულად.

ყველამ, ვინც ამსტერდამში ანა ფრანკის სახლ-მუზეუმს ესტუმრა, იცის, რომ ორიგინალი საიდუმლო ოთახი საშინლად ცარიელია. ეს განზრახ არის ასე. ოჯახის დაკავების შემდეგ, ბინა ნაცისტებმა გაძარცვეს და ცარიელი დატოვეს. ანას მამას, ოტოს, რომელიც ერთადერთი გადარჩენილი იყო იქ მცხოვრებთაგან, სურდა ასე დაეტოვებინა, რათა გამოეხატა ის სიცარიელე, რაც იგრძნო აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან დაბრუნებისას.

ამის საპირისპიროდ, ნიუ იორკის ოთახი დასახლებულს ჰგავს. ჰოლანდიელმა დეკორატორებმა ანემიკ სვინკელსმა და ვილემ კლაასენმა თვეები გაატარეს ფრანკის დღიურების გულდასმით შესწავლაში და ვინტაჟური ავეჯის მოძიებაში ნიდერლანდებიდან ნიუ იორკის ახალი გამოფენისთვის.

ნიუ იორკის ოთახი ანას წარმოაჩენს ახალგაზრდა გოგონად, რომელსაც უყვარდა საფოსტო ბარათების შეგროვება და ჟურნალისტობაზე ოცნებობდა და რომლის სიცოცხლეც ჰოლოკოსტმა შეწყვიტა.

ამსტერდამიდან ნიუ იორკამდე

მანჰეტენის მუზეუმში ანა ფრანკის ისტორია თითქოს ცოცხალიცაა და დროში გაყინულიც. ეს გამოფენის დიზაინის გამოა, რომელიც შოუს ორ ნაწილად ყოფს. ერთი ნაწილია გამოფენა, რომელიც 1920-იან წლებში იწყება და დღევანდელობით მთავრდება. აქ წარმოდგენილია ანა ფრანკის „ახალგაზრდა გოგონას დღიურის“ 79 გამოცემა სხვადასხვა ენაზე. შემდეგ არის საიდუმლო ოთახი, უზარმაზარი წიგნების კარადის უკან.

ფრანკების ოჯახს კავშირები ჰქონდა ნიუ-იორკთან, ამიტომაც აირჩია ანა ფრანკის სახლმა აქ გამოფენის მოწყობა. დეკორატორებმა რამდენიმე თვე დახარჯეს ოთახის აშენებაზე ნიდერლანდებში, შემდეგ კი ატლანტის ოკეანის გავლით გაგზავნეს ერთ დიდ საკონტეინერო ყუთში. როდესაც დეკორაცია საბოლოოდ ჩავიდა ნიუ იორკში, გუნდმა სამი კვირა დახარჯა მის მოწყობაზე სხვადასხვა არტეფაქტებითა და ავეჯით.

დეკორაციის ნამდვილ სახლად გადაქცევა

სვინკელსი და კლაასენი კარგად იცნობენ ანა ფრანკის ცხოვრებას. 2020 წელს მათ ააშენეს დეკორაცია ადგილობრივი სატელევიზიო შოუსთვის სახელწოდებით „ანა ფრანკის ვიდეო დღიური“. მათ გულდასმით შეისწავლეს ანას დღიური, ეძებდნენ დეტალებს განლაგებისა და ავეჯის შესახებ. მათ მთელი ღამე გაატარეს ამსტერდამში რეალური ოთახის ყოველი გოჯის გაზომვასა და დოკუმენტირებაში. მათ გადაქექეს ანტიკვარული მაღაზიები და ადგილობრივი მეორადი ბაზრები ოთახის ესთეტიკის შესაფერისი ავეჯის ასლების საძებნელად, როგორიცაა ხის ჩამრთველები, ძველი ნათურები და დელფტის ფილებით მოპირკეთებული ფაიფურის უნიტაზი.

სამზარეულოში მნახველები ორ საგანს შეამჩნევენ. ერთი არის სამაგიდო თამაში საფონდო ბირჟის შესახებ. მეორე არის ნახევრად დაკერებული წინდა, საკერავ ლენტში გახვეული. სამაგიდო თამაში იგივეა, რომელსაც ანა და პეტერ ვან პელსი (ანას შეყვარებული და ერთ-ერთი იმ შვიდი ადამიანიდან, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა) თამაშობდნენ დამალვის დროს. ორივე ნივთი ხატავს ოჯახურ პორტრეტს, რომელიც ცდილობდა არანორმალურ პირობებში ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრა.

გამოფენა წარსულზეა ფოკუსირებული, მაგრამ ის აწმყოზეც არის. ეს ისტორია გვეუბნება რაღაცას იმის შესახებ, ვინ ვართ ჩვენ, ვინ შეგვიძლია ვიყოთ და ვინ გვინდა რომ ვიყოთ, როგორც ადამიანები.

წყარო: Fastcompany

Samsung Galaxy S25 სერიის სმარტფონები ელიტში

Skillwill-ში სტუდენტების მიღება მიმდინარეობს – სწავლა შესაძლებელია ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში