in

ანო ფრანგიშვილი – #პირველისამსახური

ანო ფრანგიშვილი1
ანო ფრანგიშვილი

ბავშვობაში ყველას გვიოცნებია, რომ მასწავლებლები ვყოფილიყავით. მიზეზი, ერთი მხრივ, უცნაურიცაა და ამოუხსნელიც, მეორე მხრივ, როცა ბავშვი ამბობს, რომ სურს მასწავლებლობა, არასოდეს ეკითხებიან, “რატომ?”. საკმაოდ დიდხანს მინდოდა, ხატვის მასწავლებელი ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ხატვის სურვილი და მცდელობა არასდროს მქონია. შემდეგ მსახიობი მინდოდა ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა რომ საშინელი კომპლექსები მქონდა. აი მაგალითად, ვერასოდეს განვასახიერებდი მისაღებ გამოცდაზე გამომცდელებთან ბაყაყს, რომელიც ბოთლშია გაჭედილი და მღერის. სწორედ ამიტომ, ბევრი ვიფიქრე და ჟურნალისტიკა ავირჩიე.

 

 

მეორე კურსზე, თითქმის გაცნობიერებული და ჩამოყალიბებული საკუთარ თავში, რომ მიკროფონი ხელში მთელი ცხოვრება მეჭირებოდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემი პირველი სამსახური ბავშვობის ოცნებებში თუ დამაბრუნებდა. მთაწმინდის პარკში, რესტორან “პური გულიანი”-ში ვმუშაობდი. ვთვლი, რომ ოთხი თვე მასწავლებელი ვიყავი. ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავდი, შაბათ-კვირას 5-6 საათი. წარმოგიდგენიათ, ზაფხულის დასვენების დღეებში, კარუსელებთან და ბამბის ნაყინის რიგებში საათობით მდგარი მშობელი რომ ბავშვს რესტორანში შემოიყვანდა, რამხელა შვებას იგრძნობდა, როცა რამდენიმე საათით პასუხისმგებლობას სხვას გადააბარებდა? ჰოდა აი ასე, დაღლილ მშობელს ათასჯერ უფრო მეტად აჟიტირებული პატარა რომ მოჰყავდა,ზღაპრებს ვუკითხავდი. ანო ფრანგიშვილი2თითქოს არაფერი, მაგრამ იცით, რა რთული იყო მათი დამორჩილება, დამშვიდება და რაც მთავარია, მათი ყურადღების დამსახურება?! აქ მივხვდი, ბავშვები ყველაზე საოცარი არსებები არიან, ყველაზე პირდაპირები, მართლები და წრფელები.

ყველას სახელი მახსოვს, ყველას ისტორია, ყველას სკოლაში დამსახურებული ხუთიანი მახსოვს და ყველას დედიკოს ნაჩუქარი ქუდი, ან ლამაზად ჩაწნული თმა. შევხედავდი და წიგნებს დავუდებდი, რომელი ზღაპარი გინდა, ამოირჩიე-მეთქი. ხელს დაადებდნენ და აქედან იწყებოდა ჩვენი თავგადასავალი. ისტორიას მე თვითონ ვიგონებდი და ჩემი ინტერპრეტაციითვე ვასრულებდი. უნდა გენახათ, როგორ უდიდდებოდათ თვალის გუგები სიყვარულის ამბავს რომ ისმენდნენ, როგორ აინტერესებდათ დასასრული, მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში მაინც იცოდნენ ზღაპრები ყოველთვის კარგად რომ სრულდება. უნდა გენახათ, როგორ არ უნდოდა წასვლა კესოს, მარიამსა და ნიკოს სახლში, როგორ სთხოვდა ნინიკო დედას, რომ შემდეგ შაბათსაც მოსულიყვნენ რესტორანში, როგორ მიხდიდა ბებია მადლობას იმისთვის, რომ პატარა ანდრია “ჩავიბარე”, როგორ უნდოდა ფოტოს გადაღება ქეთოს და როგორ მეხუტებოდა წასვლის წინ ნანა. ყველას სახელი, ყველას ღიმილი და ემოცია მახსოვს. იმიტომ, რომ ბავშვები, თავიანთი სასწაული ბუნებით, წარმოუდგენელია, დაგავიწყდეს. მე მასწავლებელი ვიყავი, უფრო სწორად, მეზღაპრე. მომღიმარ და ცელქ ბავშვებთან ერთად, ყველაზე ჯადოსნურ ზღაპრებს ვიგონებდი, სწორედ ამიტომ, სამსახური, რომელიც ჩემთვის პირველი იყო, დღემდე ყველაზე ჯადოსნურია.

 

ანო ფრანგიშვილი მინიატურა

ანო ფრანგიშვილი3

ანო ფრანგიშვილი4

სად იბადება საინტერესო იდეები?! – 7 კრეატივ დირექტორის ისტორია

გიორგი პოპიაშვილის მიერ შექმნილი ვიდეო Camex-ისთვის – ექსკლუზიურად, მარკეტერზე!