მეცნიერებმა ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს მინერალი, რომელიც დედამიწაზე იშვიათად, მარსზე კი უხვად გვხვდება. NASA-ს თანახმად, მოყვითალო-მოყავისფრო მინერალს “იაროზიტი” ჰქვია და მის წარმოსაქმნელად საჭიროა წყალი და მჟავა პირობები, რომელთა პოვნაც წითელ პლანეტაზე ძალიან რთულია.
მას შემდეგ, რაც 2004 წელს Opporunity Rover-მა პირველად აღმოაჩინა “იაროზიტი”, მინერალს ეტაპობრივად სხვადასხვა ადგილებში მიაგნეს და სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ მეცნიერები, მიუხედავად საჭირო პირობების არ არსებობისა, როგორ გავრცელდა ის ასეთ დიდ არეალზე.
ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მილიარდობით წლის წინ, როდესაც ყინულმა დაფარა პლანეტა, შესაძლოა, საჭირო მინერალები – რკინის, სულფატისა და კალიუმის შემცველი მტვერი მის შიგნით მოექცა.
“მარსი ისეთი მტვრიანი ადგილია – ყველაფერი მტვრით არის დაფარული” – ამბობს კვლევის ავტორი, ჯოვანი ბაკოლო. მიუხედავად იმისა, რომ ყინულს შეეძლო მჟავა მტვრის იაროზიტად გადაქცევისათვის საჭირო პირობების – სველი გარემოს წარმოქმნა, მეცნიერებს არასოდეს უნახავთ მტვრისა და ყინულის ქიმიური რეაქცია, რომელიც მინერალის წარმოქმნას უწყობს ხელს. ახლა კი, ანტარქტიდის ყინულში აღმოცენილმა იაროზიტის ნაწილაკების აღმოჩენამ შესაძლოა, ეს თეორია განამტკიცოს.
დედამიწაზე იაროზიტი სამთო ნარჩენებში, ჰაერისა და წვიმის ზემოქმედებით წარმოიქმნება. ასევე, ვულკანთან ახლოს. ამიტომაც არ ელოდნენ მკვლევარები ანტარქტიდის პირობებში აღნიშნული მინერალის აღმოჩენას. ელექტრონული მიკროსკოპით ნაწილაკების გამოკვლევის შემდეგ, გუნდმა გამოიტანა დასკვნა, რომლის თანახმადაც იაროზიტი ყინულის კალთებში წარმოიქმნა, რაც მიანიშნებს, რომ მინერალი მარსზე ანალოგიურად წარმოიქმნა.