რადიოტალღებიდან გამომავალი ხაზები და ისრები, რომლებიც მუსიკის, იდეებისა და ენერგიის გავრცელებას გამოხატავს. ეს „ანტენას“ ვიზუალური იდენტობაა, რომელზეც Holy Motors-ის შემოქმედებითმა გუნდმა იმუშავა. კონცეფცია სახელისა და მისი დანიშნულების იდეას ეხმიანება. ფერთა სქემა შედგება თეთრი, წითელი, მწვანე და შავი ფონებისგან, რომლებიც განასხვავებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს და ქმნის ადვილად ამოსაცნობ ვიზუალურ ენას სოციალურ მედიაში. შრიფტი თანამედროვე და მინიმალისტურია, რაც ანონსის მკაფიოდ გადმოცემის საშუალებას იძლევა. ვიზუალური იდენტობა ზუსტად გადმოსცემს ბარის კონცეფციას, რადგან „ანტენა“ არის ადგილი, სადაც ადამიანებს მუსიკალური კულტურა და ურთიერთობები აერთიანებთ.
„სახელწოდება „ანტენა” და მისი ვიზუალური იდენტობა მუსიკალური ესთეტიკიდან იღებს სათავეს – ჩვენი ჩანაფიქრი იყო, მუსიკის ტალღები მთელს ქალაქს მისწვდომოდა და ეს ენერგია ბრენდის ყოველ დეტალში გამოხატულიყო. ვიზუალური სტილი, რომელიც ტალღების გადაცემის კონცეფციას ასახავს, Holy Motors-თან თანამშრომლობით შეიქმნა, რითაც საინტერესო სინერგია წარმოიქმნა წამყვან დიზაინ სააგენტოსა და ინოვაციურ კოქტეილ ბარს შორის. „ანტენა” წარმოადგენს მეგობრების მიერ შექმნილ მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ბარს, საკონცერტო არეალსა და კულტურულ ღონისძიებებს. უნიკალური კოქტეილები, გამორჩეული მუსიკა და დახვეწილი ინტერიერი ქმნის ატმოსფეროს, რომელიც უზრუნველყოფს დაუვიწყარ გამოცდილებას ჩვენი სტუმრებისთვის,“
– გიორგი კარანაძე, „ანტენას” თანადამფუძნებელი და Holy Motors-ის სტრატეგიული ხელმძღვანელი.
Cast:
Nick Kumbari
Natalia Topadze
Daniel Grigoryan
Giorgi Karanadze
ავტორი: თამარ მეფარიშვილი


















