in

Anthropic-ის 1.5-მილიარდიანი კომპენსაცია: მოიგეს თუ არა კრეატორებმა AI-სთან ბრძოლა

Lenovo
Lenovo

Claude-ის შემქმნელმა კომპანია Anthropic-მა ავტორებთან მრავალწლიანი დავა 1.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდით დაასრულა. ერთი შეხედვით, ეს AI-ინდუსტრიისთვის სერიოზულ მარცხს ჰგავს, თუმცა, რეალურად, საქმე ბევრად უფრო რთულადაა.

სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება იმას, შეიძლება თუ არა AI-მ საავტორო უფლებებით დაცული წიგნებიდან ისწავლოს. დავის მთავარი საგანი სხვა იყო: Anthropic-მა მილიონობით წიგნი არაკანონიერად შეიძინა, პირატული ბიბლიოთეკებიდან, მათ შორის Library Genesis-იდან. სწორედ ამ ქმედებისთვის დაეკისრა კომპანიას კომპენსაციის გადახდა. შესაბამისად, სასამართლოს არ უთქვამს, რომ AI-კომპანიებს ავტორების ნებართვა სჭირდებათ, არამედ მათ სასწავლო მასალები ლეგალურად უნდა მოიპოვონ.

1.5 მილიარდი დოლარი შთამბეჭდავად ჟღერს, თუმცა Anthropic-ის მასშტაბებთან შედარებით ეს თანხა არც ისე დიდია. კომპანია მაისში თითქმის ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული, ამიტომ კომპენსაცია მისი ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.

ეს ანაზღაურება ავტორებისთვისაც იმაზე მოკრძალებულია, ვიდრე სათაურებიდან შეიძლება ჩანდეს. შეთანხმება დაახლოებით 500 000 ნამუშევარს მოიცავს და თითოეული წიგნისთვის ავტორები და გამომცემლები, საშუალოდ, დაახლოებით 3 000 დოლარს მიიღებენ.

ეს ნიშნავს, რომ მხატვრებს, ილუსტრატორებს, ფოტოგრაფებსა და სხვა შემოქმედებს, რომელთა ნამუშევრებიც AI-სისტემების გასაწვრთნელად გამოიყენეს, კვლავ არ აქვთ მყარი სამართლებრივი დაცვა, თუ კომპანიამ ეს მასალა კანონიერად შეიძინა.

საქმე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კი არა, შეთანხმებით დასრულდა, ამიტომ ის სხვა მსგავსი დავებისთვის სავალდებულო პრეცედენტს არ ქმნის. Google, Meta, OpenAI, Midjourney და სხვა კომპანიები ამ დრომდე საკუთარ სასამართლო პროცესებში მონაწილეობენ და თითოეული საქმე დამოუკიდებლად განიხილება. ცოტა ხნის წინ კი გამომცემლებმა Hachette-მა და Cengage-მა Google-ის წინააღმდეგ Gemini-ის სასწავლო მონაცემებთან დაკავშირებით ახალი სარჩელიც შეიტანეს.

საბოლოოდ, Anthropic-ის მიერ გადახდილი 1.5 მილიარდი დოლარი უფრო კომპენსაციაა, ვიდრე AI-ინდუსტრიის წესების გადამწყვეტი ცვლილება. ავტორებმა გარკვეული ანაზღაურება მიიღეს, თუმცა მთავარი კითხვა – უნდა სჭირდებოდეთ თუ არა AI-კომპანიებს შემოქმედების ნებართვა მათი ნამუშევრების სასწავლოდ გამოყენებისთვის, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება.

როგორ გავუმკლავდეთ დასვენების დღეებს? – მშობლობა და საზაფხულო არდადეგები

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კრიზისის პირობებში