Anthropic-ს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ახალი დავა აქვს. ამჯერად საკითხი Claude-ის გაწვრთნის პროცესს ეხება. Sony Music Publishing და Warner Chappell Music კომპანია Anthropic-ს ნებართვის გარეშე საავტორო უფლებებით დაცული ათიათასობით სიმღერის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
სარჩელები კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის აშშ-ის რაიონულ სასამართლოშია შეტანილი. მუსიკალური გამომცემლობების მტკიცებით, Anthropic-მა სიმღერების ტექსტები და ნოტები ტორენტების, ვებგვერდებიდან მონაცემების ავტომატური შეგროვებისა და ჩამოტვირთვების გზით მოიპოვა, მათ შორის, პირატული არქივებიდან და ლიცენზირებული ტექსტების სერვისებიდან.
სარჩელში მოხსენიებულ ნამუშევრებს შორისაა მერაია კერის საახალწლო ჰიტი “All I Want for Christmas Is You”, მარვინ გეისა და ტემი ტერელის “Ain’t No Mountain High Enough”, Survivor-ის “Eye of the Tiger”, Bon Jovi-ს “Livin’ on a Prayer”, ლეონარდ კოენის “Hallelujah” და ტეილორ სვიფტის “Paper Rings”.
მუსიკალური გამომცემლობები ასევე ამტკიცებენ, რომ Claude-მა ზოგიერთ პასუხში დაცული სიმღერების ტექსტები სიტყვასიტყვით ან თითქმის უცვლელი სახით გაიმეორა. მათი თქმით, გარკვეული ნამუშევრებიდან საავტორო უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციაც წაიშალა.
დავის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მხოლოდ ის არ არის, თუ რა მასალა გამოიყენა Anthropic-მა, არამედ ისიც, როგორ მოიპოვა ეს მასალა.
საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ წინა საქმეში, რომელიც პირატულად მოპოვებულ წიგნებს ეხებოდა, სასამართლომ დაადგინა, რომ საავტორო უფლებებით დაცული მასალის AI-მოდელის გასაწვრთნელად გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სამართლიანი გამოყენების პრინციპს შეესაბამებოდეს. თუმცა ამ მასალის თავიდანვე პირატული გზით მოპოვება ცალკე სამართლებრივ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს.
სწორედ ამ განსხვავებაზე ამახვილებენ ყურადღებას Sony და Warner. მათი მტკიცებით, Anthropic-მა მილიონობით ფაილი Library Genesis-იდან და Pirate Library Mirror-იდან ჩამოტვირთა, ხოლო სიმღერების ტექსტები ისეთი სერვისებიდან შეაგროვა, როგორებიცაა Musixmatch და LyricFind.
Anthropic ბრალდებებს უარყოფს. კომპანია აცხადებს, რომ მისი მოდელის გაწვრთნის პრაქტიკა სამართლიანი გამოყენების პრინციპს შეესაბამება და მიუთითებს სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ტრანსფორმაციული AI-ტრენინგი შესაძლოა კანონიერი იყოს, როდესაც საწყისი მასალა კანონიერად არის მოპოვებული.
ეს საქმე მუსიკალურ ინდუსტრიასა და AI-კომპანიებს შორის მიმდინარე დავების კიდევ ერთი ნაწილია. მსგავსი სარჩელები 2023 წლიდან Universal Music Publishing Group-მა, Concord-მა, ABKCO-მ, BMG-მ და Round Hill-მაც შეიტანეს.
საბოლოოდ, დავის მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, რისი შექმნა შეუძლია Claude-ს, არამედ ისიც, ჰქონდა თუ არა Anthropic-ს უფლება, ეს სიმღერები მოდელის სასწავლო მონაცემებში საერთოდ გამოეყენებინა.












