ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენცია ახალ ეტაპზე გადადის. Anthropic-მა თავისი უახლესი მოდელი Opus 5 წარადგინა, რომელიც კომპანიის განცხადებით, ბევრად უფრო დახვეწილი Fable 5-ის იდენტურ შესაძლებლობებს მომხმარებელს ორჯერ ნაკლებ ფასად სთავაზობს.
პროფესიული ამოცანების შესრულება
ახალი მოდელი თანაბრად ეფექტურია როგორც რთული პროგრამული კოდის წერისას, ისე ყოველდღიური საოფისე ამოცანების შესრულებისას. Opus 5-ს შესწევს უნარი კომპლექსურ პრობლემებს დამოუკიდებლად, მომხმარებელთან დამატებითი დაზუსტებების გარეშე გაუმკლავდეს, გადაამოწმოს საკუთარი შედეგები და თავადვე გაასწოროს შეცდომები. წინამორბედ Opus 4.8-თან შედარებით, ის ბევრად ძლიერია კოდირებაში და კომპანია მას ზოგადი ინტელექტუალური სამუშაოებისთვის თავის საუკეთესო პროდუქტად მიიჩნევს.
ეს სიახლე Anthropic-ის იმ დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც Claude-ის უბრალო ჩატბოტიდან პროფესიულ ასისტენტად გარდაქმნას ითვალისწინებს – დიზაინში, მარკეტინგში, ბუღალტერიასა და დიდი მოცულობის დოკუმენტაციის ანალიზში.
Opus 5-ის განსაკუთრებულობა სწორედ იმ Fable 5 მოდელთან სიახლოვეშია, რომელიც აქამდე კომპანიის ყველაზე მძლავრ ხელმისაწვდომ ტექნოლოგიად ითვლებოდა. Fable 5-ს შეუძლია ხანგრძლივ პროექტებზე მინიმალური ზედამხედველობით მუშაობა და განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულება. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის უნარმა, აღმოაჩინოს და გამოიყენოს სისტემური ხარვეზები, აშშ-ის მთავრობის ყურადღებაც კი მიიპყრო. ეს უკანასკნელი Fable 5-ის კიდევ უფრო ძლიერი, მხოლოდ სახელმწიფო და უსაფრთხოების ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი მოდელის, Mythos 5-ის საჯარო ვერსიას წარმოადგენს.
ტარიფები
ფასების თვალსაზრისით, Opus 5-ის ღირებულება მილიონ შემავალ ტოკენზე 5 დოლარს, ხოლო გამომავალზე 25 დოლარს შეადგენს. ეს API მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური სამუშაოებისთვის ხელმისაწვდომი Opus 5 გამოიყენონ, ხოლო განსაკუთრებით რთული ამოცანებისთვის Fable 5-ზე გადაერთონ.
გარდა ამისა, Opus 5 სამეცნიერო კვლევების მიმართულებითაც გამორჩეულია, განსაკუთრებით ბიოლოგიურ ამოცანებში. მოდელი ასევე მოიცავს რესურსების მართვის სამ დონეს – დაბალს, საშუალოსა და მაღალს – რაც მომხმარებელს ხარჯებისა და შესაძლებლობების ბალანსის დარეგულირების საშუალებას აძლევს. ინსტრუმენტების გამოყენების DeepSearchQA და Humanity’s Last Exam ტესტებში Opus 5 თავის კლასში ყველაზე ბიუჯეტურ და ეფექტურ მოდელად დასახელდა.
Anthropic-ი ასევე ნერგავს სწრაფ რეჟიმს, რომელიც Claude-ის ჩატბოტსა და Claude Code-ში იქნება ხელმისაწვდომი. ეს ფუნქცია ტოკენების გენერირებას 2.5-ჯერ აჩქარებს სტანდარტულზე ორჯერ მაღალ ფასად. ხოლო Claude Max-ის გამომწერებისთვის Opus 5 ძირითად მოდელად იქცევა.
წყარო: Fastcompany












