in

Anthropic-მა Super Bowl-ის რეკლამებში ChatGPT-ს დასცინა

Anthropic-მა Super Bowl ციფრულ რინგად აქცია. კომპანიის დიდი თამაშის დებიუტი რეკლამების სერიით შედგა, რომელიც მხოლოდ მათი AI-ს, Claude-ის პოპულარიზაციას არ ემსახურებოდა, არამედ პირდაპირი დარტყმა იყო OpenAI-ზე. კამპანიის მთავარი, პროვოკაციული გზავნილი ასეთია: Claude იმუშავებს რეკლამების გარეშე. ეს კი მკვეთრი კონტრასტია იმ ფონზე, როცა ცნობილი გახდა, რომ ChatGPT მომხმარებლებისთვის რეკლამების ჩვენებას იწყებს.

Anthropic-ის რეკლამებში გამოყენებულია მწვავე, სატირული ტონი, რომელიც აჩვენებს, რამდენად დამღუპველი შეიძლება გახდეს AI-ში ინტეგრირებული რეკლამა. ერთ-ერთ სკეტჩში, სახელწოდებით “Betrayal”, მომხმარებელი სთხოვს ჩატბოტს რჩევას მგრძნობიარე ოჯახურ საკითხზე, თუმცა შუა წინადადებაში ასისტენტი მოულოდნელად გადადის გაცნობის საიტის რეკლამაზე.

მეორე ვიდეოში ფიტნესთან დაკავშირებული კითხვა წყდება სიმაღლის „გაზრდის“ რეკლამით. მესიჯი საკმაოდ პირდაპირია – თუ შენი AI რაღაცის გაყიდვას ცდილობს, ის რეალურად შენს მხარეს აღარ არის. Anthropic ფსონს დებს იმაზე, რომ მომხმარებლები ვერ შეეგუებიან „სანდო მრჩეველს“, რომელიც ერთდროულად გამყიდველის როლშიც გამოდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი პირად თემებს ეხება.

ეს მარკეტინგული შეტევა OpenAI-ს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე ურტყამს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ChatGPT-ში რეკლამები ნამდვილად გამოჩნდება, მათ შორის, ზოგიერთი ფასიანი აბონენტისთვისაც. სწორედ ამ მონეტიზაციის ცვლილებამ მისცა Anthropic-ს შესაძლებლობა, თავი წარმოეჩინა „სუფთა“ ალტერნატივად იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც დასპონსორებული პასუხები აშინებს.

Open AI-ს აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი ამ გამოწვევას ჩუმად არ შეხვედრია. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამები სასაცილოდ შეაფასა, მან სწრაფადვე უწოდა მათ არაკეთილსინდისიერი. მისი თქმით, Anthropic-ის მიერ ChatGPT-ის მანიპულაციურ სარეკლამო მანქანად წარმოჩენა მკვეთრი გაზვიადებაა და OpenAI არასდროს დანერგავს რეკლამებს ასეთი უხეში ან დამაბნეველი ფორმით. თუმცა ის ფაქტი, რომ ალტმანმა თავი ასე თავდაცვითად იგრძნო, მიუთითებს, რომ Anthropic-ის „ნდობაზე“ აგებული ნარატივი რეალურ საფრთხეს უქმნის OpenAI-ის ბრენდულ იმიჯს.

საინტერესოა, რომ Anthropic დააფუძნეს OpenAI-ს ყოფილმა მკვლევრებმა, რომლებმაც კომპანია მის განვითარების მიმართულებაზე უთანხმოების გამო დატოვეს. ამ დაპირისპირების Super Bowl-ის სცენაზე გადატანამ ვიწრო ტექნოლოგიური დებატი პრაიმ-ტაიმის დრამად აქცია და AI-ის ბიზნესმოდელის საკითხი ფართო საზოგადოებისთვის გახსნა. ერთი მხარე ზრდის დაფინანსებას რეკლამებზე ამყარებს, მეორე კი რეკლამებისგან თავისუფალ ასისტენტს ყიდის.

სრიალებ ახლა, იხდი მერე

Nike-ის შებრუნებული „სვუშის“ ისტორია დენის როდმანიდან ბრონი ჯეიმსამდე