in

უნდა იყოს თუ არა კრეატიული პროფესიონალი AI-ს მოწინააღმდეგე?

Lenovo
Lenovo

კრეატიულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საჩოთირო საკითხი დღეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტია. ბევრი დიზაინერი, ილუსტრატორი და კონტენტის შემქმნელი დგას დილემის წინაშე: ღირს საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულების საჯაროდ დაფიქსირება თუ ეს პროფესიულ რისკს წარმოადგენს. ერთი მხრივ, ისინი ფიქრობენ სოციალურ გავლენებზე, მეორე მხრივ კი – ბიზნესზე, კლიენტებთან ურთიერთობასა და კონკურენტუნარიანობაზე.

კრეატიული საზოგადოების პასუხები ამ კითხვაზე ერთგვაროვანი არ აღმოჩნდა, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლებიც პროფესიონალებს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

ავთენტურობა იზიდავს „შენს“ კლიენტებს

ბევრი კრეატორის აზრით, მცდელობა, იყო ყველასთვის მოსაწონი, შედეგს არ იძლევა. საკუთარი ღირებულებების ღიად დაფიქსირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ეთიკასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც AI-ს გამოყენების დროს კრეატორებმა უნდა დაიცვან, ხშირად სწორედ იმ კლიენტებს იზიდავს, რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილ ნამუშევარს აფასებენ.

დიზაინერები აღნიშნავენ, რომ გენერაციულ AI-სთან დაკავშირებული კრიტიკა ავტომატურად არ ნიშნავს ტექნოლოგიის უარყოფას. მათი კრიტიკული პოზიცია უფრო რეგულაციის ნაკლებობას, ავტორების ექსპლუატაციასა და გამჭვირვალობის პრობლემებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში საჯარო პოზიცია შეიძლება აღიქმებოდეს არა როგორც კრეატორის „მოძველებულობა“, არამედ როგორც გააზრებული და პრინციპული არჩევანი.

ზოგიერთი სტუდია კი ღიად აცხადებს, რომ გენერაციულ AI-ს არ იყენებს და ამის მიუხედავად (ან სწორედ ამის გამო) მათი ბიზნესი წარმატებით ვითარდება. ეს არის ჯგუფი, რომლის აზრითაც, რეალური რისკი არა AI-ს კრიტიკაში, არამედ მის უკონტროლო გამოყენებაშია.

„აჩვენე, რას აკეთებ – არ თქვა, რის წინააღმდეგ ხარ“

არსებობს უფრო ფრთხილი პოზიციაც. რიგი კრეატორები თვლიან, რომ AI-ს წინააღმდეგ საჯარო ბრძოლამ შეიძლება ზედმეტად გაამარტივოს რთული საკითხი და დააფრთხოს ის კლიენტები, ვისაც ამ თემაზე ჩამოყალიბებული აზრი ჯერ არ აქვს.

ამ ხედვის მიხედვით, უფრო ეფექტურია არა AI-ს წინააღმდეგ პოზიციონირება, არამედ ადამიანის მიერ შექმნილი ღირებულების წარმოჩენა, ემოციის, კულტურული კონტექსტის, ავტორობისა და ხელობის ხაზგასმა. მათივე თქმით, ბაზარზე კვლავ დიდი მოთხოვნაა „ადამიანურ“ დიზაინსა და ხელოვნებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება თხრობას, მგრძნობელობასა და ავთენტურობას.

გენერაციული AI და AI ზოგადად – განსხვავება მნიშვნელოვანია

კრეატორების ნაწილი მკაფიოდ არჩევს გენერაციულ AI-სა და ხელოვნურ ინტელექტს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს. ბევრი მათგანი პოზიტიურად უყურებს AI-ს გამოყენებას რუტინულ, ტექნიკურ ამოცანებში, როგორებიცაა: მონაცემების დამუშავება, ფაილების ორგანიზება, ფორმატირება, თუმცა მკაცრად ეწინააღმდეგება მის ჩართვას შემოქმედებით პროცესში იდეების გენერირების ან საბოლოო ნამუშევრის შექმნის ეტაპზე.

ამ მიდგომის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ ასეთ შემთხვევაში AI არ ცვლის კრეატორს, არამედ დროს ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს, მეტი ენერგია დაუთმოს რეალურ შემოქმედებას. საბოლოო პროდუქტის მხრივ კი რწმენა რჩება უცვლელი: უნიკალური, პერსონალური და ემოციური ნამუშევარი კვლავ ადამიანის პრეროგატივაა.

გრძელვადიანი პერსპექტივა

ერთიანი პასუხი კითხვაზე – „უნდა იყოს თუ არა კრეატორი საჯაროდ ანტი-AI?“, არ არსებობს. არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდუალურ ღირებულებებზე, სამუშაო სტილსა და იმ კლიენტებზე, რომელთა მოზიდვაც სურს პროფესიონალს.

კრეატიული ინდუსტრია ყოველთვის არჩევანზე იყო აგებული: რომელი პროექტი მიიღო, რომელ მეთოდს ენდო და რა ფასეულობებს დაეყრდნო. ხელოვნური ინტელექტი ამ არჩევანთა სიაში უბრალოდ ახალი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პუნქტია. მთავარი რეკომენდაცია კი ასეთია: გადაწყვეტილება იყოს ავთენტური, კომუნიკაცია – მკაფიო, ხოლო რწმენა იმისა, რომ სწორი კლიენტები სწორედ ამ გზით გამოჩნდებიან.

ისწავლე Cannes Lions School-ის აკადემიაში და დაესწარი კანის კრეატიულ ფესტივალს უფასოდ!

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე