ხშირად ბალიშებთან ჩახუტება დამშვიდების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მაგრამ ახალი, რობოტული ბალიშები კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებას გვთავაზობს. ეს არის Fufuly, რომელიც CES 2023-ზე წარადგინეს და ინოვაციის ჯილდოს მფლობელიც კი გახდა, როგორც სტრესის დონის შესამსუბუქებელი.
იაპონური კომპანია Yukai Engineering-ის მიერ შექმნილი ბალიში ბრისტოლის უნივერსიტეტის 2022 წლის კვლევას ჰგავს, რომელშიც მეცნიერებს სურდათ, ნერვების დასამშვიდებელი ობიექტი შეექმნათ. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეები ისეთ მოწყობილობებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რომლებსაც სუნთქვის იმიტაცია შეეძლო. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი იაპონელმა მკვლევრებმა „მსუნთქავი ბალიში“ წარმოადგინეს — Fufuly „ღრმა სუნთქვის ტექნოლოგიას“ იყენებს, რომელიც შეწოვის ფენომენზეა დაფუძნებული.
გარდა ამისა, ღრუბლის ფორმის ბალიშს გარს აკრავს ყველაზე რბილი ხავერდი, რათა ჩახუტება მეტად სასიამონო იყოს. როგორც თავად შემქმნელები ამბობენ, Fufuly დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ სტრესის მოხსნაში, დასვენებასა და ადვილად დაძინებაში დაგეხმარებათ. თანაც, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებს თუ დავეყრდნობით, ჩახუტება მედიტაციის ტოლფასიც კია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შფოთვა ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით — სულ მცირე 301 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ მდგომარეობით. და თუ ინოვაციური ბალიში შფოთვის შემსუბუქებას შეძლებს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მენტალურ ჯანმრთელობაში.