საქართველოში, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად, საკონსულტაციო კომპანიები, ანტიკრიზისულ სტრატეგიებს აქვეყნებენ – Reformatics-ისა და GALT & TAGGART-ის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში საუბარია მთავრობის მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებზე.
Reformatics-ის ანტიკრიზისული გეგმა მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისა და ფიზიკური პირების მხარდაჭერას, საბანკო სექტორის მდგრადობას, ქვეყანაში ლარის შემოდინებას და სხვა გრძელვადიან ღონისძიებებს ითვალისწინებს.
როგორც საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამბობს, სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, საქართველო შეძლებს არა მხოლოდ ამ შოკის გავლენის მინიმიზაციას, არამედ, საშუალოვადიან პერიოდში, რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლის ზრდასაც მოახერხებს.
„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია რამდენიმე ქვეყნის მთავრობისთვის შეგვემუშავებინა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და გადავწყვიტეთ, გარკვეული იდეები და ფორმულები საქართველოზე გადმოგვეტანა, ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით დაგვეწერა რეკომენდაციები/ფორმულები ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის თავიდან ასარიდებლად და სწრაფად კრიზისიდან გამოსასვლელად. მჯერა, ეს კრიზისი მსოფლიო ეკონომიკურ გადანაწილებას გამოიწვევს და ბევრ ქვეყანას ჩვენს რეგიონში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. თუმცა, ასევე ეს იქნება პერიოდი, როდესაც ახალ გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებიც მოჰყვება და ამ შესაძლებლობების გამოყენება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავლისთვის“, – აღნიშნა ნიკა გილაურმა ანტიკრიზისული სტრატეგიის წარდგენისას.
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დასაძლევად საკუთარ ხედვებზე საუბრობს GALT & TAGGART. საინვესტიციო კომპანიის სტრატეგიის მიხედვით, აუცილებელია, მთავრობამ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებები გაატაროს.
დოკუმენტში საუბარია ფიზიკური პირებისა და ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებაზე. ასევე – ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნასა და არსბეული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალურად გამოყენებაზე.