in

„დანატოვარი“ – როგორ შეიქმნა ქართული სამაგიდო თამაში 90-იანი და 2000-იანი წლების მოტივებით

Startauperi
Startauperi

რა დაგვიტოვა წინა თაობამ? როგორია ჩვენი დანატოვარი? – ამ საკითხში კარგად გარკვევა ისტორიის სწავლისა და მწვავე დისკუსიების გარდა, სახალისო გზითაც შეგიძლიათ. „დანატოვარი“ – ასე ჰქვია სამაგიდო თამაშს, რომელიც 90-იანებისა და 2000-იანი წლების ქართული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის მიხედვით შეიქმნა. აქ უხვად შეგხვდებათ ნაცნობი ისტორიები, ეკონომიკური გამოწვევები, სტრატეგია და ნოსტალგიური იუმორი. მისი ავტორები ენთუზიაზმით სავსე გუნდია, რომელმაც გეიმინგის სიყვარული სამაგიდო თამაშებსაც უწილადა. ერთმანეთი ვიდეოთამაშებისადმი ინტერესმა აპოვნინათ. ამის საპირისპიროდ, გაგიკვირდებათ და Anti-Gaming Studio დაირქვეს. ქართული ვიდეოთამაშების შექმნა და მათი განვითარება გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა საქმის პოპულარიზაციის წყურვილით ძალები სამაგიდო თამაშებისკენაც მიმართეს.

„დანატოვარი“ ეკონომიკური სამაგიდო თამაშია. აქ ყველაფერი თქვენთვის ნაცნობი რეალობიდანაა. სიუჟეტური განვითარება ორ დროებაში, 90-იანებსა და 2000-იან წლებში გამოგზაურებთ და არამხოლოდ დოვლათის შეძენის, ცხოვრების სტილისა და მთავრობის არჩევის შესაძლებლობასაც კი გაძლევთ. პერსონაჟებს, რომლებიც ალბათ ბევრ თქვენგანს ეცნობა, განასხვავებთ მენტალიტეტი და სუპერძალა. სანამ „დანატოვარი“ მაღაზიებში გამოჩნდება, მისი გამოცდა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სამაგიდო თამაშების ტავერნაში. „დანატოვარის“ შესახებ Anti-Gaming Studio-ს დამფუძნებელი და დირექტორი დავით ჭუბაბრია და მარკეტინგის მენეჯერი ქეთი ჩეჩელაშვილი გვესაუბრნენ.

M: გვიამბეთ, რა იდეას აერთიანებს „დანატოვარი“?

დავითი: „დანატოვარი“ არის ეკონომიკური ბორდგეიმი, რომელშიც საქართველოს უახლესი ისტორიის სიმბოლიკაა ჩაშენებული. თამაშში არის ორი მთავრობა – „რუსეთუმე“ და ევროპული. ეპოქის ათვლა 90-იანებიდან იწყება, „რუსეთუმე“ მთავრობით, რომელიც 12 სახის სახასიათო პერსონაჟს აერთიანებს. თამაში ორი „წრისგან“ შედგება. შიდა წრე არის 90-იანები, სადაც თავდაპირველად, ყველა მოთამაშე ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მოიგოს და 2000-იანებში გადავიდეს. ვინც პირველი მოიგებს 90-იანების წრეს შეუძლია მოიყვანოს „მთავრობა“.

თავიდან, იმისათვის, რომ ეს თამაში მოიგო, გაქვს სპეციალური კარტი – „ჩჩჩჩ“ (იშიფრება როგორც „ჩემი ჩუმი ჩათ* ჩანაფიქრი“). ვის როგორი ჩანაფიქრი აქვს, არავინ იცის. საინტერესო ისაა, რომ ამ ჩანაფიქრს სჭირდება ან მთავრობა (რუსეთუმე ან ევროპული), ან ნეიტრალური პოზიცია, სადაც მთავრობა არ გაინტერესებს. ვისაც რუსეთუმე მთავრობა „აწყობს“, 90-იანების წრის გავლის შემდეგ, ისევ რუსეთუმე მთავრობას დატოვებს ან პირიქით, ევროპულს, თუ ევროპული ურჩევნია.

ქეთი: თუ დააკვირდებით ბორდს, 90-იანების წრე იწყება „ვაგზლით“, 2000-იანების წრეზე ამ სიტყვას „სადგური“ ანაცვლებს.

M: როგორ არის სიმბოლურად გადმოცემული 90-იანების პერიოდი „დანატოვარში“?

დავითი: წრის შესაბამისადაა გადმოტანილი ის რეალობა, რაც რუსეთუმე მთავრობისთვის არის დამახასიათებელი – მაგალითად, აბაზანაში ლიმონათის მოხარშვა, „ბორია გადაი“, მანქანის ბლოკებზე შეყენება, აკუმულატორების მოპარვა, „გაიშნიკი“. ეს ყველაფერი ბარათებად გვაქვს გამოტანილი და სიტუაციურად გადის მოთამაშე. მაგალითად, ბარათზე წერია – „პარლამენტარმა შვილი მოგინათლა“ – ასეთ დროს, ნებისმიერი ქონების შეძენა სიმბოლურ 50 ლარად შეგიძლია. შესაბამისია ვალუტა – ევრო-ლარი და რუბლ-ლარი. ასევე, გაქვს „პასპორტი“ – 90-იანებისას აწერია „პალაჟენია“, არიფობა, ურიის ვალი, ხოლო 2000-იანებში თუ ევროპულ წრეში გადმოხვედი, შენს პასპორტში წერია: პოპულარობა, ქონება, პატიოსნება და კრედიტი. ასევე, არის „თეთრი ბიზნესი“ და „შავი ბიზნესი“. მთლიანობაში, ვფიქრობ, ეს ორი სამყარო კარგად გვაქვს დაკავშირებული.

M: როგორ ხდება ევროპულ მთავრობაზე „გადმოსვლა“ და როგორ ვითარდება მოქმედება თამაშის ევროპულ რეალობაში?

დავითი: თუ რუსეთუმე მთავრობა არ გაწყობს და ევროპული გზა გინდა, ბორდზე არის რევოლუციის სიმბოლო, რომლის შემდეგაც კონკრეტული მთავრობის მოყვანა შეგიძლია. ევროპულ მთავრობაზე გადმოსვლა თამაშს აშკარად ეტყობა – მაშინვე იგრძნობა სხვაობა და მოთამაშე ნამდვილად ამოისუნთქავს. ამ სხვაობის მკაფიოდ საჩვენებლად დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ.

M: თქვენი ხედვით, როგორია ეფექტი, რაც „დანატოვარს“ აქვს მოთამაშეებზე თავისი თემატიკიდან გამომდინარე?

დავითი: როგორც ვახსენე, ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ რუსეთუმე და ევროპულ გზას/მთავრობას შორის სხვაობა ეგრძნო მოთამაშეს. გვინდოდა, თამაშის მონაწილეებს ეგრძნოთ, „ნაგვიდან“ ამოსვლის შემდეგ, სადამდე არის შესაძლებელი მისვლა. ამიტომაც არის რეალური სიმბოლიკა ჩადებული.

ქეთი: ვფიქრობ, „დანატოვარი“ იდეალურია განსხვავებული თაობების გასაერთიანებლად. ამ ბორდგეიმით თამაში ერთად შეუძლიათ თინეიჯერებს, მშობლებსა და ბებია-ბაბუებს. ის საშუალებას იძლევა, რომ უფროსმა თაობამ თავისი 90-იანური ცხოვრების შესახებ უამბოს უმცროსებს, ახალგაზრდებმა – თავიანთი ევროპული გამოცდილება გაუზიარონ და მთლიანობაში, თაობათაშორის არსებული გაუგებრობის მოგვარებას შეუწყოს ხელი.

M: რატომ იყო გეიმერების გუნდისთვის მნიშვნელოვანი სამაგიდო თამაშზე მუშაობა?

ქეთი: ჩვენი გუნდი შედგება ოთხი ძირითადი წევრისგან: დავით ჭუბაბრია – გეიმ დიზაინერია 9-წლიანი გამოცდილებით; ნატუკა მსხილაძე –  კონცეპტ არტისტი 2-წლიანი გამოცდილებით; ლევან ბარდ მიქელაძე – „დანატოვარის“ იდეის ავტორი – გრაფიკოსი დიზაინერია 7-წლიანი გამოცდილებით და სანდრო გიგაური – 3D არტისტი 3-წლიანი გამოცდილებით.

Anti-Gaming Studio ემსახურება იდეას, რომ შეიქმნას ქართული თამაშები და ეს სფერო განვითარდეს საქართველოში. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა. მაგალითად, გვაქვს ერთ-ერთი პროექტი Gamecast, რომელიც იქნება პოდკასტი თამაშებზე. ანალოგიურ მიზანს ემსახურება, რომ უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ამ პროფესიების შესახებ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველო ამ მიმართულებით. „დანატოვარზე“ მუშაობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ სამაგიდო თამაშების მიმართულებითაც შეგვექმნა რაღაც, რაც ქართულ რეალობას იქნებოდა მორგებული.

M: როგორი იყო მოთამაშეების უკუკავშირი „დანატოვართან“ დაკავშირებით?

დავითი: ეს დაადასტურა ჩვენმა საცდელმა თამაშებმაც. ვნახეთ, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ერთნაირად დაინტერესდა თამაშით. ერთად უთამაშიათ სხვადასხვა თაობის ადამიანებს – თინეიჯერებსა და შუა ხნის ადამიანებს და მათში ერთნაირი აზარტი და ჩართულობა დავინახეთ.

პერსონაჟებს აქვთ თავიანთი სუპერძალები, რომლებიც ეპოქის მიხედვით შევიმუშავეთ. მაგალითად, ბუღალტერი შავ ბიზნესს „ათეთრებს“, ტელევიზორის ხელოსანი ნებისმიერ ტექნიკას შეგიკეთებს, „ბირჟავიკის“ სუპერძალა „მაყუთის ჩალიჩია“ და ყველა მონაწილე ვალდებულია 50-50 ლარი მისცეს, პოლიციის უფროსთან ყველა ქრთამი მიდის, ტაქსისტს შეუძლია გზად გაგიყოლოს და ფული უნდა გადაუხადო, სახალხო არტისტი სვლას არ ტოვებს არსად, არც საცობში, არც პურის რიგში, მაღაზიის გამყიდველს შეუძლია „პატიოსნება“ დაიკლოს, ფულის საშოვნელად, მასწავლებლის სუპერძალაა „საშემოდგომო“ – ერთ სვლას გატოვებინებს, „გაიშნიკი“ უეჭველად გაჩერებს და ფული უნდა გადაუხადო, „ინკასატორს“ შეუძლია დენი ჩაგიჭრას და ხელფასს ვერ იღებ, მკითხავს შეუძლია ორი ცალი „ჩჩჩჩ“ ჰქონდეს, ჟურნალისტს შეუძლია გაიგოს, რა წერია „ჩჩჩჩ“ ბარათში – ასევე, თავად აირჩიოს სიმართლე თქვას თუ ტყუილი…

ვიცით, რომ სექსისტურია ბევრი იქიდან, რაც პერსონაჟების მახასიათებლებში გავითვალისწინეთ, ბევრს ვორჭოფობდით კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა 90-იანებში და ამიტომაც ჩავსვით თამაშში.

M: რა ეტაპზეა „დანატოვარის“ განვითარება და როგორ იგეგმება მისი წარმოება?

დავითი: „დანატოვარი“ საცდელ ეტაპზეა. ჯერ კიდევ ტესტირებას გადის, რათა საბოლოო კორექტივები შევიტანოთ. გვინდა, რომ თამაშის UI/UX მაქსიმალურად მოქნილი იყოს. ადამიანმა ეს თამაში მარტივად უნდა ითამაშოს და არ მოუწიოს წესების რამდენჯერმე მოსმენა. როდესაც ამ დეტალებსაც გავმართავთ, რაც საორიენტაციოდ, ახალ წლამდე გვაქვს გათვალისწინებული, თამაშს წარმოებაში ჩავუშვებთ. თამაშის წარმოება ჩინეთში გადავწყვიტეთ, რადგან სამაგიდო თამაშებს საქართველოში ხარისხიანად ვერ ბეჭდავენ.

M: როგორ არის გათვალისწინებული ბრენდების ჩართულობა „დანატოვარში“?

დავითი: „დანატოვარში“ ევროპული მთავრობის შეთავაზებების ნაწილი მთლიანად სარეკლამო ადგილია. გვინდოდა, რეალური კომპანიების ნახვა შეძლებოდათ მოთამაშეებს ბარათებზე. ამავდროულად, თამაშის წარმოებას და შემდგომ მარკეტინგულ აქტივობას ფინანსური რესურსები სჭირდება, ამიტომაც, ერთი მხრივ, გვინდა, რომ ბარათებზე მოხვდნენ ქართულო კომპანიები, მაგალითად, მათი აქციები/წილი იყოს შეტანილი თამაშის ფარგლებში. ამავდროულად, წარმოებასა და განვითარებაში შეგვიწყობენ ხელს. ამ დროისათვის, ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: Lenovo, IT აკადემია სტეპი, პრინტარეა, Board Game Corner, სამაგიდო თამაშების ტავერნა, VREX, 500 ml და LiveTag. ამ პარტნიორების სიის გაფართოებას ვგეგმავთ, შესაბამისად, ღია ვართ თანამშრომლობისთვის.

M: როგორ გეგმავთ თამაშის სამომავლო განვითარებას?

დავითი: მომზადებული გვაქვს თამაშის პერსონაჟების განვითარებაც. მათ შორის, ოჯახთან შეთანხმებით, გვეყოლება რეალური პერსონაჟი – ოტია იოსელიანი. ასევე, თავად თამაშის განვითარებაც, რასაც მომდევნო ეტაპზე, პოსტ-საბჭოთა სივრცეს მოვარგებთ.

M: დასასრულს, თქვენი სხვა ნამუშევრებიც მიმოვიხილოთ, როგორც ახსენეთ, სხვა სამაგიდო თამაშებზეც გიმუშავიათ…

ქეთი: დიახ, ადრე შევქმენით ე.წ. ჯიბის თამაში „ბებოს ატელიე“. რამდენიმე მოთამაშეზეა გათვლილი. მოჰყვება ქინძისთავები და ღილები. ამ თამაშში ხარ ბებო და ცდილობ იყო პირველი, რომელიც საკუთარ ატელიეს ქმნის. აქაც ყველაფერი სტრატეგიაზეა დამოკიდებული. ეს თამაში უკვე ხელმისაწვდომია ბაზარზე.

პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს მაფიის ღამის თამაშის შექმნაზე. უკვე შექმნილია კარტები, როლები და სავარაუდოდ, ეს თამაშიც ჩაეშვება გაყიდვაში.

ეს რაც შეეხებოდა სამაგიდო თამაშებს. ასევე, გვაქვს პროექტები ვიდეოთამაშების მიმართულებითაც. მაგალითად, ესაა ჩვენი პროექტი Plague Doctor, სადაც ებრძვი ჭირს. შენი მიზანია, მიაგნო ჭირის ბუდეს და გაანადგურო. თამაშის დემო შეიქმნა გეიმ-ჯემზე მონაწილეობის ფარგლებში. 48 საათი გვქონდა, რათა მოცემული თემითა და მექანიკით შეგვექმნა სრულიად ახალი თამაში. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა Plague Doctor-ის იდეა და გეიმ-ჯემზე Anti-Gaming Studio-მ მეორე ადგილი მოიპოვა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Levi’s-ის 1985 წლის რეკლამა ბიონსემ განაახლა

„ჯუნგლების ახალი წიგნი“ 4 ოქტომბერს! – სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება