„ანტიკაფე კუთხე“ მე, ჩემმა დამ და კიდევ ერთმა მეგობარმა გავაკეთეთ. ზოგადად, ანტიკაფე კაფე-რესტორნების ბიზნესში უკვე საკმაოდ პოპულარული მიმდინარეობაა. ამერიკიდან გავრცელდა ჯერ ევროპაში, მერე დსთ-ს ქვეყნებში. რუსეთში ვცხოვრობდი . იქ რამდენიმე ასეთი ადგილია, განსხვავებული ინტერიერითა და სხვადასხვა ტიპის. თბილისში რომ ჩამოვედი, გავარკვიე, რომ მსგავსი რამ აქ საერთოდ არ იყო. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა თავისუფალი სივრცე, სადაც ადამიანები მოვლენ და დროს ისე გაატარებენ, როგორც მათ სურთ“,- ამბობს ანტიკაფეს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქრისტინე ფაიქიძე.
M: რა ხვდებათ სტუმრებს „კუთხეში“ ?
ჩვენთან შექმნილია ყველანაირი გარემო იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი, გაერთოთ მაგიდის ინტელექტუალური თამაშებით, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას, თავად შეარჩიოთ და ნახოთ ფილმები. ჩვენთან უფასოა ჩაი და ყავა. ასევე ტკბილეული. დანარჩენი შეგიძლიათ თავად მოიტანოთ: საყვარელი სასმელი და „გემრიელობები“. ანტიკაფეში შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, თუ ეს არ არღვევს გარშემომყოფთა თავისუფლებას და სიმყუდროვეს. სტუმრები იხდიან მხოლოდ გატარებული დროის საფასურს. პირველი საათი -3.50ლარი, მეორე საათი – 3,50ლარი, მესამე საათი – 2.00ლარი.

M: როგორი საღამოებია, უფრო მეტად რა აინტერესებთ სტუმრებს? ან თვითონ რას გთავაზობენ?
ყველაზე დიდი ინტერესია სამაგიდო თამაშებზე. მაგალითად, გვქონდა პოეზიის საღამოები. გვაქვს ხოლმე თემატური საღამოები. მოვაწყვეთ ლიტერატურული ვახშამი. შევიკრიბეთ და ვსაუბრობდით, ვინ რა წიგნი წაიკითხა ბოლოს, საყვარელ წიგნებზე და ა.შ. დავიწყეთ დრამათერაპიის კურსები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ითამაშოს ესა თუ ის როლი.
M: ვისთვისაა „კუთხე“ ?
ასე გამოკვეთილი სეგმენტი არ გვყავს. თუმცა, ძირითადად, ხელოვანი, ხელოვნებასთან ახლოს მყოფი ან ის ხალხი დადის, ვისაც უბრლოდ უყვარს ხელოვნება.
M: ინტერესი თუ არის? როგორც ბიზნესი მომგებიანია ?
ჯერ 4 თვეა რაც გავხსენით და ინტერესი მართლაც არის. უკვე ერთგული სტუმრებიც გვყავს, ვინც ხშირად დადის. ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა ჩვენთან. ბევრიც იგეგმება. იმაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მომგებიანია ბიზნესის თვალსაზრისით, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს. მაგრამ, ინტერესი ნამდვილად არის.
M: სამომავლოდ რას გეგმავთ?
გვინდა Live-ების გაკეთება. ვგემავთ მომღერლების მოყვანას და მუსიკალური საღამოების გაკეთებას. ბევრი იდეა გვაქვს, სტუმრების სურვილებსაც გავითვალისწინებთ.










