NASA-ს Perseverance-ის მისიამ მსოფლიოში პირველად შეძლო კონტროლირებადი ფრენა სხვა პლანეტაზე და პირველად მოიპოვა ჟანგბადი მარსის ატმოსფეროდან. ამასთან, გასულ წელს მისიამ დაადასტურა, რომ მარსის ჯეზეროს კრატერი ოდესღაც უზარმაზარი ტბა იყო. ახალი კვლევის მიხედვით კი, ამ ტბაში ორგანული მოლეკულები უხვად იყო. დასკვნები იმის მტკიცებულებასაც იძლევა, რომ შესაძლოა, ოდესღაც წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა.
სხვა სიტყვებით, მარსზე ახალი აღმოჩენები უძველესი უცხოპლანეტელების სიცოცხლეზე მიუთითებს. როვერი პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში დაეშვა. პლანეტის გამოკვლევის პირველი 208 მარსული დღის გატარების შემდეგ, როვერმა წარმოადგინა დამაჯერებელი ახალი მტკიცებულება იმისა, რომ ორგანული მოლეკულები ოდესღაც უხვად იყო ტბაში.
„როგორც ჩანს, ჯეზეროს კრატერი მართლაც ის არის, რასაც ორბიტალური გამოსახულების საფუძველზე ვვარაუდობდით. დაახლოებით 3-3,6 მილიარდი წლის წინ ის ტბა იყო, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რადგან მარსზე თხევადი წყალი თითქმის იმავე დროს იყოს, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე ვითარდებოდა. საკითხავი კი ის არის, რამდენად შეიცავდა ედ წყალი სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს“, — აღნიშნავს დოქტორი ჯოზეფ რაზელ ჰოლისი, ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის თანამშრომელი და ახალი კვლევის თანაავტორი.
ჰოლისმა და დოქტორმა ევა შელერმა, ჯეზეროს კრატერის შესასწავლად და გარკვეული ორგანული ნაერთების ფლუორესცენციის დასადგენად, SHERLOC ინსტრუმენტი გამოიყენეს. მკვლევრების განმარტებით, ამ ნაერთებს მარსზე სიცოცხლის ევოლუციის გამოწვევა შეეძლო — უბრალოდ, ვიდრე მტკიცე დასკვნას გამოიტანენ, მსგავსი კლდის ნიმუშების უფრო დეტალური ანალიზია საჭირო.
ამასთან, საგულისხმოა, რომ NASA-ს და ESA-ს Mars Sample Return-ის მისია ავითარებს ტექნოლოგიას, რომელიც ნიმუშების მარსიდან დედამიწაზე ჩამოსატანადაა საჭირო, რათა მეცნიერებმა შეძლონ მათი ანალიზი. სავარაუდოდ, სააგენტოები ამ მიზანს 2030-იანი წლებისთვის მიაღწევენ.