„გოგონა ბასგიტარით” – პირველი შთაბეჭდილება, როდესაც ანუკა ყიფშიძე სცენაზე ვიხილე, სწორედ ასეთი იყო. შეიძლება სტერეოტიპები გვძლევს ამ დროს, შეიძლება კი არა, ასეა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ ბევრ ქალ ბასგიტარისტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მუსიკაშიც ნაკლებად ვხვდებით.
მეორე შთაბეჭდილება ანუკას შესახებ უკვე მისი საავტორო ნამუშევრების გაცნობის შემდეგ ჩამომიყალიბდა. მისი პირველი ალბომი „Ma Tsa De” 2024 წლის აპრილში გამოვიდა და ბევრი მსმენელი დააინტერესა, მათ შორის, არა მხოლოდ საქართველოდან. საინტერესოა, რომ ექსპერიმენტულ მუსიკასთან ერთად ამ ალბომში ჩვენს ყურადღებას ვიდეოები, რომლებიც ცნობილი ვიდეოთამაშის, Super Mario-ს ინსპირაციითაა აწყობილი. თუკი არ გინახავთ, თქვენც გიზიარებთ ერთ-ერთ გამორჩეულ ტრეკს ამ ალბომიდან.
ანუკა ყიფშიძე:
მუსიკასთან ერთად დავიბადე. მთელი ოჯახი მუსიკალური მყავს: დედა, მამა, ბებიაც ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო. ბავშვობიდან მესმოდა კლასიკა და ჯაზი. ექვსი წლის ასაკში კი სკოლასთან ერთად მუსიკაზეც შემიყვანეს და დაახლოებით რვა წლიდან უკვე კონცერტებზეც გამოვდიოდი. მახსოვს, რომ თან ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ თან ძალიან მსიამოვნებდა ეს პროცესი: ბევრი მზადება, მეცადინეობა, რომელიც სრულდებოდა კონცერტით.
ცოტა უფრო მაღალ კლასებში მამამ მაჩუქა კლასიკური გიტარა, რომელზე დაკვრაც თვითონ ვისწავლე ინტერნეტის დახმარებით. პარალელურად, ძალიან მომწონდა ბასგიტარა და კონტრაბასი, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი ინსტრუმენტია, არ არის მარტივი მისი არც ტარება, არც სახლში დადგმა, ამიტომ ბასისკენ გადავიხარე და შევიძინე.
სწორედ ეს მომენტი გახდა გადამწყვეტი ჩემთვის, რომ მუსიკალურ სფეროში ვყოფილიყავი, რადგან ბასგიტარაზე დაკვრამ ბევრი ინსპირაცია წამოიღო. თეატრალურშიც ხმის დიზაინის განხრით ჩავაბარე და დღეს ვმუშაობ ერთ-ერთ საკმაოდ კარგ კომპანიაში, რომელიც „ნეტფლიქსისნაირი” ბრენდებისთვის აკეთებს ხმის ეფექტებს.
M: რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება, რომ ხმის დიზაინი გესწავლათ, ესეც მუსიკის სიყვარულთან არის კავშირში?
თავისთავად, ესეც მუსიკასთან არის დაკავშირებული, რადგან ხმის დიზაინი მეხმარება საკუთარი მუსიკის სწორად დამუშავებაში. მაგალითად, რაიმე ხმა როცა მჭირდება მუსიკისთვის, იქნება ეს ინსტრუმენტი თუ სხვა, მას ისე ვაყენებ, ისე ვცვლი, როგორც მე მინდა და ეს საკმაოდ დიდი კომფორტია მუსიკოსისთვის.
გარდა ამისა, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, მინდოდა, რომ რაღაც ისეთი ყოფილიყო, რაც მუსიკასთან იქნებოდა კავშირში. სამწუხაროდ, საქართველოში იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ყველამ ვაკეთოთ მხოლოდ მუსიკა, ვისაც ვიცნობ, ყველას მეორე საქმიანობაც აქვს შეთავსებული, რათა სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს, ამიტომ, როცა ჯერი მიდგა პროფესიის შერჩევაზე, გავითვალისწინე ეს ფაქტორიც და ისიც, რომ მუსიკალური სფეროდან ძალიან არ გავსულიყავი.
M: როგორ აირჩიეთ ინსტრუმენტი? როგორც ახსენეთ, ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდით და რატომ მაინცდამაინც ბასგიტარა?
კი, როგორც ვთქვი, ფორტეპიანოზეც ვუკრავდი, კლასიკურ გიტარაზეც, მაგრამ ყველაზე „ჩემი” მაინც ბასგიტარა აღმოჩნდა. ამ ინსტრუმენტთან თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ამაში გარკვეული წვლილი ჩემს მეგობარ სანდო ნიკოლაძესაც მიუძღვის, რადგან იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ დაკვრას ვსწავლობდი, მოძრაობის თეატრში ჯემსესიები იმართებოდა. სანდრომ მითხრა, რომ თუ კარგად ვისწავლიდი ბასზე დაკვრას, მეც შევძლებდი ჯემებზე გამოსვლას, რამაც დიდი მოტივაცია მქონდა და ყოველ სამშაბათს, როცა ჯემსესია იმართებოდა, მეც დავდიოდი და ვუკრავდი. აქ შემამჩნიეს მსმენელებმა და შემომთავაზეს კიდევ სხვა ადგილებში დაკვრაც – დაახლოებით ერთ წელიწადში ქართულ თანამედროვე მუსიკალურ სამყაროს ძალიან დავუახლოვდი, ბევრი ადამიანი გამაცნო და შემდგომში ჩემი წარმატებაც განაპირობა, მათ შორის, ბენდ „კოლექტივში” დაკვრაც.
M: ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბასზე გოგონები რატომღაც ხშირად არ გვხვდებიან. თქვენს შემთხვევაში როგორ არის, რაში შეგიწყოთ ხელი, ან პირიქით?
კი, გაკვირვება ჩემი მისამართითაც მიგრძნია, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება. ბასგიტარა არ არის ისეთი ინსტრუმენტი, რომ ვინმემ ვერ შეძლოს დაკვრა, უბრალოდ ცოტა სპეციფიკურია, ვფიქრობ, რომ ზოგადად, ყველასთვის და აქ სქესი არაფერ შუაშია. პირობითად, როდესაც სამეგობრო შეკრებაზე მივდივართ, ბასგიტარაზე არ დაუკრავ რაღაც სიმღერებს, დაუკრავ ჩვეულებრივ გიტარაზე. საზოგადოების უმეტესობისთვის გიტარა უფრო ნაცნობია და ხშირად ვერც არჩევენ, რომელია კლასიკური და რომელი ბასი.
M: თქვენი შემოქმედებითი პროცესი გაგვიზიარეთ, როგორ იქმნება ანუკა ყიფშიძის მუსიკა?
ინსპირაცია შეიძლება ჩემთვის ყველაფერი იყოს, თუნდაც, სხვისი მუსიკა, რაც იმას კი არ გულისხმობს, რომ დააკოპირო, არამედ უბრალოდ ახალი იდეები მოგიტანოს. ასევე, ხშირად მეხმარება ვირტუალური ინსტრუმენტები, ხმები, რომლებსაც მუსიკალურ პლატფორმებზე ვნახულობ და შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს ჩემთვის.
ალბომიც ასე დაიწერა – თავიდან 7 სიმღერა მქონდა გათვლილი, თუმცა მუშაობის პროცესში მოვიდა სხვა ინსპირაციაც და ჯამში 8 ტრეკით გამოვუშვი. მინდოდა, რომ სახელებზე დიდი დატვირთვა ყოფილიყო, თუმცა კონკრეტული იდეა არ მქონდა და ესეც სამუშაო დროს, თავისთავად მოვიდა.
ისეთი შემთხვევაც მქონია, რომ ღამე გამითენებია და დილით მიკითხავს ჩემი თავისთვის: „ეს როგორ გავაკეთე”. იმდენად თავისთავად მოდის ყველა ბგერა თუ ხმა, ძნელია, რაიმე კონკრეტულს დაუკავშირო.
M: თქვენ ბევრი საინტერესო კოლაბორაციაც გაქვთ და გთხოვთ, რომ ამაზეც გვესაუბროთ, როგორია მუშაობა მარტო და სხვა არტისტთან ერთად?
ზოგადად, მარტო მუშაობა მიყვარს, თუმცა სცენაზე არა. ძალიან მიყვარს გაზიარება, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ვიღაცას უნდა მოვუყვე. კოლაბორაციაც მაგით არის ჩემთვის საინტერესო, რომ ემოციების გაზიარება შემიძლია. მარტო მუშაობის დროს ვერავინ გეტყვის, ეს ასე ხომ არ ჯობდა, ეს ასე ხომ არ გავაკეთოთო. ამასაც თავისი ხიბლი აქვს.
კოლაბორაცია მარტივი არ არის. ცოტა ხნის წინ რუმინეთში დავუკარი და იქაურ ოთხ მუსიკოსთან ერთად მომიწია მუშაობა. თავიდან ცოტა ჭიდილი გვქონდა, რადგან ისინი თავისას ფიქრობდნენ, მე კი ჩემსას, თან მე მარტო ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში ორი ტრეკი გავაკეთეთ, სადაც ერთი უფრო ჩემებური სტილის იყო, მეორე იმათი. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე.
საქართველოში უფრო მიყვარს ხოლმე კოლაბორაციები. ძალიან კარგად მახსენდება ანამარია ბურდულთან ერთად მუშაობა, ასევე, ნიკა ელიასთან, რომელმაც გააკეთა ძალიან საინტერესო პროექტი „ბევრი კაბელი. ის ცოტა სხვა ჟანრშია, თუმცა საინტერესო ის იყო, რომ როდესაც ნიკასთან სამუშაოდ მივედი, სულ რამდენიმე საათში ჩავწერეთ ტრეკი, რაც ზოგადად ასე მარტივად არ ხდება ხოლმე. ეს ის მომენტია, როცა ორმა არტისტმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს.
M: ანუკა, ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორი გეგმები გაქვთ?
ვაგრძელებ მუშაობას როგორც ხმის დიზაინის, ისე საავტორო მუსიკის მიმართულებით. საკმაოდ ბევრი ნამუშევარი მაქვს და ვფიქრობ ალბომად გამოცემას, თუმცა ალბომის ფორმატი ჯერ არ შემირჩევია. შეიძლება იყოს ისევ სახასიათო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაც კი ბოლო დროს გამიკეთებია, ყველაფერი გავაერთიანო და ისე გამოვუშვა.
M: მაშინ რუბრიკის ბოლო კითხვას დაგისვამთ – რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
საკმაოდ რთული ამოცანაა ჩემთვის, მაგრამ რადგან მეგობრები ვახსენე, ამ ტრეკს დაგიტოვებთ ჩემი შემოქმედებიდან.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი