24
May
2018

ქვეყნის სახელით ასპარეზობა დიდ კანში! ანუკი კონიაშვილისა და გიორგი ბრეგვაძის „ათმაგი პასუხისმგებლობა“

24 May 2018

18 მაისს, ცნობილი გახდა, რომ კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე, DESIGN-ის კატეგორიაში, საქართველოს სახელით, პირველობისთვის იბრძოლებენ ანუკი კონიაშვილი და გიორგი ბრეგვაძე Leavingstone-იდან, რადგან ამ კატეგორიის 48 მონაწილიდან, ანუ 24 გუნდიდან, ჟიურიმ მათი ნამუშევარი დაასახელა საუკეთესოდ – სიმბოლო, რომელიც სისხლის დონორ ორგანიზაციებსა თუ მოხალისე ინდივიდუალებს მიენიჭებოდათ საუკეთესო დონორის წოდებისა თუ მადლობის ნიშნად.

ანუკი 3 წელია, რაც „ლივინგსტონში“ გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზეა და სწორედ ამ სააგენტოს სახელით მიიღო დიდ კანში ასპარეზობის გამოცდილება გასულ წელს, CYBER-ის, იგივე DIGITAL კატეგორიაში. რაც შეეხება გიორგის, თითქმის 2 წელია, რაც გრაფიკულ დიზაინერად შეუერთდა Leavingstone-ის გუნდს. მარკეტერი ანუკისა და გიორგის ესაუბრა YOUNG LIONS 2018-იდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე.M: რამდენად საინტერესო იყო მოცემულ დავალებაზე მუშაობა და როგორი გადაწყვეტა მოუძებნეთ ბრიფში დასმულ ამოცანას?
ბრიფის წაკითხვისთანავე, ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ძალიან საინტერესო და სამუშაოდ სასიამოვნო დავალება იყო. დავალების გაანალიზების შემდეგ, ბევრი სხვადასხვა იდეა მოგვივიდა თავში. ამ დროს, მთავარია, სწორად აარჩიო კონცეფცია და ამავდროულად, მოიფიქრო სიმბოლოს საინტერესო გაშლა. საბოლოოდ, შევჯერდით სხვადასხვა, თემასთან შესაბამისი სიმბოლოების – ჯილდო, ადამიანი, სიცოცხლე და სისხლის წვეთი – გაერთიანებაზე. ჩვენი სიმბოლო განკუთვნილია და გამოხატავს იმ ადამიანებს, რომლებმაც გაიღეს, თუნდაც, 1 წვეთი სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

M: სამუშაო პროცესზეც მოგვიყევით, რა დრო დახარჯეთ იდეის ჩამოყალიბებასა და მის შესრულებაზე?
საკმაოდ დამღლელი, თუმცა სასიამოვნო სამუშაო პროცესი გამოვიდა. ყველაზე დიდი დრო სიმბოლოს შერჩევასა და დახვეწაზე დაგვჭირდა. გამომდინარე იქიდან, რომ სტანდარტულზე მეტი დრო გვქონდა ნამუშევრის ჩასაბარებლად, ვეცადეთ, დიზაინი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო ჩვენს წარმოდგენასთან. მოცემული დრო ბოლომდე გამოვიყენეთ და ნამუშევარი, ჩაბარების დრომდე, 30 წუთით ადრე გავაგზავნეთ.

M: როგორც პარტნიორებს, ერთად მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ და ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს თანაგუნდელის შერჩევას კანის შეჯიბრში გამარჯვებისთვის?
1 წელზე მეტია, თანამშრომლები და კოლეგები ვართ, აქედან გამომდინარე, ბევრ პროექტზე გვიმუშავია ერთად. რაც შეეხება თანაგუნდელს, აუცილებელია, ისეთი ადამიანი შეარჩიო, ვისთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება გაქვს, კარგად იცნობ და ენდობი.M: რა მიიღეთ Young Lions 2018-ისგან და როგორია თქვენი მოლოდინები დიდ კანში?
ქალაქში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტად სტრესული იყო, რამაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის დიდი გამოცდილება მოგვცა. ჩვენთვის ათმაგი პასუხისმგებლობაა კანში საქართველოს სახელით გამოსვლა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ შანსს გამოვიყენებთ და წარმატებას იქაც მივაღწევთ.დანარჩენი ნამუშევრების სანახავად, გადადით ბმულზე

განხილვა