in

„კუმბარი უფრო გიყვარს, თუ ავალა?!“ – ანუკი კონიაშვილი

ანუკი კონიაშვილი დღეს ჰოლი მოტორსის გრაფიკული დიზაინერია. მისი ნამუშევრები, ახალგაზრდული „კანის ლომების“ [შიდა კონკურსი] საპრიზო ადგილებზე 2016 წლიდან ხვდება. 2017 წელს პავლე გაბრიჭიძესთან, 2018 წელს კი გიორგი ბრეგვაძესთან ერთად, საქართველოს სახელით, „დიდ კანში“ ასპარეზობს. ანუკი, გრაფიკულ დიზაინერად, 6 სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, „ნამდვილი“ პროფესიით კი ეკონომისტია. სატელეფონო საუბრები, მიმოწერა, ვიდეო „ქოლი“ – ასე შედგა ინტერვიუ ანუკი კონიაშვილთან. პრინციპში, დღეს ეს, ალბათ, არავის უკვირს – კორონამ ხომ ყველას და ყველაფრის დღის წესრიგი შეცვალა?!

https://www.instagram.com/p/BWgLQMEjbE3/

„სიმართლე რომ გითხრა, ასეთ რამეს ველოდი. სულ მქონდა შეგრძნება, რომ იქნებოდა პერიოდი, რომელიც სრულად შეცვლიდა ჩემსა და გარშემომყოფების ცხოვრებას. ყველა თაობამ გამოიარა ასეთი მოვლენა – ომი, კრიზისი. რატომღაც მეც სულ ველოდებოდი, რაღაც მსგავსს. თავიდან ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო. მიჩვეული არ ვარ სახლში ყოფნას და ისე მიჭირდა, აპოკალიპტური განწყობა მქონდა. თან, ცოტა არაორგანიზებული ადამიანი ვარ, გამიჭირდა „დალაგება“, საქმის გადანაწილება და ა.შ.  მაგრამ ნელ-ნელა ავუღე ალღო. სამსახურის საქმის გარდა, დროც გამოვნახე, ახალი ნამუშევრები რომ შემექმნა და გამომექვეყნებინა. კი, კარგა ხანი დაგვჭირდება, ისევ ჩვეულ რიტმს  რომ დავუბრუნდეთ, მაგრამ მართლა ბევრად მშვიდად ვგრძნობ თავს და ვაკეთებ ჩემს საქმეს“.

ახლა რომ მშვიდად აკეთებს და ძალიან დიდი შრომასა და ენერგიას დებს, ის საქმე თავიდანვე არ აურჩევია პროფესიად.

„სკოლის ასაკიდან მინდოდა, „ეკონომიკურზე“ ჩამებარებინა, ასეც მოვიქეცი. ძალიან ბედნიერი ვიყავი და ამას არც ახლა ვნანობ. ბიძაჩემის დიდი დამსახურებაა, დიზაინერად რომ „გადავიქეცი“. პირველი კომპიუტერი, მე და ჩემს დას, მან გვიყიდა და პროგრამებიც – MS Word, Excel, Power Point, Adobe Photoshop – გვასწავლა. ბავშვობიდან სტუდენტობამდე, პროგრამის განახლებასთან ერთად, ცოდნასაც ვიღრმავებდი Youtube-ის დახმარებით. თუმცა, ამით მხოლოდ ვერთობოდი, „ფოტოშოპში“ მუშაობა ჩემთვის რაიმე დამატებით უნარს არ ნიშნავდა მანამ, სანამ მეორე კურსზე, სულ სხვა პროფესიით, edu.aris.ge-ში მუშაობა არ დავიწყე – ჩვენს ერთ-ერთ კლიენტს კომპანიის პროდუქციის ფოტოების დამუშავება დასჭირდა. საკუთარი ინიციატივით დავუმუშავე, გავუსუფთავე. ჩემმა უფროსმა რომ ნახა, გაოცებულმა მკითხა, საიდან ვიცოდი ეს პროგრამა. მეც ძალიან გაკვირვებულმა ვუპასუხე, მგონია, „ფოტოშოპი“ ყველამ იცის, ვისაც კომპიუტერი აქვს-მეთქი. თურმე, ასე არ ყოფილა. მალე დიზაინერად გადამიყვანა. ვაკეთებდი კოლაჟებს, წიგნების ყდების დიზაინს, ფილმების პოსტერებს და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. ერთ შემთხვევას გავიხსენებ – კლიენტს შეხვედრაზე აგვიანდებოდა. ჩემმა უფროსმა დაურეკა და უთხრა, დიზაინერი უკვე აქ არის და გელოდებათო. ცხოვრებაში პირველად დიზაინერი მიწოდეს და იმ დღეს, ალბათ, ყოველთვის გავიხსენებ – წარმოუდგენელი კმაყოფილება ვიგრძენი. მივხვდი, რომ მთელს ჩემს დარჩენილ ცხოვრებას ამ პროფესიის ათვისებასა და გაღრმავებას მივუძღვნიდი“.  

https://www.instagram.com/p/CAhuEWsBkuK/

ახლა ცოტა უკან წავიდეთ – ანუკის ბავშვობაზე ვეკითხები.

„ძალიან აქტიური და ცელქი პატარა ადამიანი ვიყავი. 2 წლისაც არ ვიქნებოდი, სახლიდან რომ გავიპარე და ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ვანერვიულე. მაშინ ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდით, ვერაზე, იტალიურ ეზოში და ამიტომ გამიადვილდა გარეთ გაპარვა – დედას და ბებიას ეგონათ, ბაბუმ წამიყვანა (სადაც მიდიოდა, თითქმის, ყველგან დავყავდი). სახლში ჩემ გარეშე რომ დაბრუნდა, ალბათ, წარმოიდგენთ, რაც მოხდებოდა. დედას რაც ახსოვს, მხოლოდ ისაა, რომ „ვარაზისხევზე“ უმისამართოდ გარბოდა. ბაბუს ეგონა, ფულის გამო გამიტაცეს. ამ დროს, მე ქუჩაში ვსეირნობ. საბედნიეროდ, იქვე, ახლოს მდებარე კლინიკის ექთანმა მიპოვა, ვერის ბაღიდან პოლიციამდე მამოგზაურა და ბოლოს, სატელევიზიო ეთერში ამოვყავი თავი. ასე დავბრუნდი ოჯახში. ამბავი, რა თქმა უნდა, გადმოცემით ვიცი. მერე უკვე რაც მე თვითონაც მახსოვს, არის ის, რომ ყოველთვის ძალიან მიყვარდა მათემატიკა და ხატვა. იმ დროს, როდესაც სტუმრებთან, ბავშვებს ლექსებს აყოლებდნენ [ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გვქონია შემთხვევა, როცა გაშლილი სუფრის თავში დავუყენებივართ და მთელი ჩვენი ცოდნის დემონსტრირება უთხოვიათ], მეც გამოვუძახებივარ მშობლებს, ოღონდ მათემატიკურ დაანგარიშებებს მთხოვდნენ. მახსოვს, ამას სიამოვნებით ვაკეთებდი. კიდევ, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ცხოველები და ლეკვიდან დაწყებული ბაყაყით დამთავრებული, სახლში ყველაფერი მიმყავდა“.

შემდეგ იყო 1-ლი ექსპერიმენტული სკოლა, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და 6 სხვადასხვა კომპანია. დღეს „ჰოლი მოტორსის“ გრაფიკული დიზაინერია. დიზაინ სტუდიის შექმნისთანავე შესთავაზა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა კუმბარმა გადასვლა. 1 წელია, ინტენსიურად მუშაობენ, თუმცა, ფართოდ მათ პროექტებს ახლა გაიცნობენ. „ჰოლი მოტორსში“ სააგენტო „ლივინგსტონიდან“ მოხვდა – ყველაზე დიდი გამოცდილება მივიღე და წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს პროფესიაზე ამ კომპანიამო.

„ჩემი ცხოვრება მთლიანად უკავშირდება დიზაინს. ეს საქმე ისე მიყვარს, რომ არ მბეზრდება. სულ მაქვს მოთხოვნილება, რაიმე ახალი პროგრამა ვისწავლო. შემიძლია, ეს ერთ ღამეშიც გავაკეთო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ კლიენტისთვის საჩვენებელი პრეზენტაცია ძალიან ეფექტური იყოს“.

„ღლიცინი“, © მაქს ხუნდაძე

დღეს რომ პროფესიას ირჩევდეს, აუცილებლად იმავე გზას გაივლიდა. მაგრამ თუ მაინცდამაინც,  რომ არა დიზაინერი, ეკონომიკური ანალიტიკოსი ან აქტუარი იქნებოდა. 

„რა არის წარმატებისთვის საჭირო ამ პროფესიაში? – საკუთარი გამოცდილებიდან და ასევე, ბევრი წარმატებული დიზაინერის მაგალითიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროა შრომისმოყვარეობა, უდიდესი ნებისყოფა და ნიჭი. ამ პროფესიას მიაქვს ის, რისი წაღების უფლებასაც მისცემ. ჩემსა და ვფიქრობ, ბევრი შემოქმედი ადამიანის შემთხვევაშიც, დიზაინერობას მიაქვს ბევრი დრო, რესურსი, ჯანმრთელობაც – გათენებული ღამეებიდან გამომდინარე. თუმცა, ეს ყველაფერი მიღირს იმ სიამოვნებად, რომელსაც დიზაინერობა მანიჭებს. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან გამიმართლა – ჩემი შემოსავლის წყარო ის საქმიანობაა, რომელიც მიყვარს და სერიოზულად, ყოველდღე პარასკევი მგონია. ვმუშაობ საუკეთესო ადამიანებთან და ვიცი, რომ ძალიან კარგ და სწორ გზას ვადგავარ“. 

„ლივინგსტონის“ ბლექ რუმი

ანუკი მეუბნება, რომ კომფორტის ზონაში ყოფნა არ უყვარს – „ძალიან მაწუხებს, კომფორტის ზონაში თუ ვარ- ე.ი. ყველაფერი კარგად ვერ არის. ცოტა ხნით სასიამოვნოა, მაგრამ მერე მგონია ხოლმე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვტოვებ, ჩამოვრჩები. „ლივინგსტონიდანაც“ ამიტომ წამოვედი – ყველაფერი ძალიან კარგად იყო, სტაბილურად, მაგრამ, თითქოს, ისე ვერ ვვითარდებოდი, როგორც შემეძლო. რაღაც ბარიერი უნდა შეუქმნა შენს თავს, რომ განვითარდე“.

პროფესიის გარდა, პიროვნულ თვისებებზეც ვეკითხები, რაც, მაგალითად, საქმიანობაში ეხმარება ან პირიქით – ხელს უშლის. თუმცა, არა მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ:

ამოჩემებული ფრაზა . . .  

ანუკი: „ლივინგსტონიდან“ მოყოლებული ყველას ვეკითხები: კუმბარი უფრო გიყვარს [ნიკა კუმბარი] თუ ავალა [გიორგი ავალიანი] ?! ზოგი სერიოზულად უღრმავდება ამ შეკითხვას. ერთი ადამიანისთვის, შეიძლებოდა, 10-ჯერ მეკითხა. დღემდე ყველაზე ხშირად ამ შეკითხვას ვსვამ.

ანუკი & Friends

დიზაინის გარდა . . . 

ანუკი: ჩემს პროფესიას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ იმ ცოტა თავისუფალ დროსაც, რაც მრჩება, მეგობრებს ვუთმობ. ვცდილობ, ყოველ დღე ვნახო, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო კარანტინამდე. ყველაზე ახლო მეგობრები ვინც მყავს, მათ არანაირი შეხება არ აქვთ დიზაინთან. არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში და არც შემდეგ ე.წ. დიზაინერულ სამყაროში არ ვყოფილვარ. ჩემი მეგობრები სხვადასხვა სფეროში მუშაობენ: ზოგი მსახიობია, ზოგი ტურისტულ სფეროშია, ზოგი – გადაზიდვებში. ყველასთან ვპოულობ გადაკვეთის წერტილს და საერთოს. მათი დამსახურებით ძალიან მრავალფეროვანია ჩემი ცხოვრება.

მათი აღქმით როგორი ხარ? ან თავად როგორ ხედავ საკუთარ თავს? 

ანუკი: ემოციური ვარ, ყველაფერი მიმაქვს გულთან ძალიან ახლოს. მეგობრები და გარშემომყოფები ხშირად მეუბნებიან, რომ აღმატებით ხარისხში ამყავს მეგობრობა და ადამიანებთან ურთიერთობა, ძალიან ერთგული ვარ. პირადად მე, ჩემს თავზე დიდი წარმოდგენები არ მაქვს და მგონია, რომ არ ვიცვლები. მაგრამ ერთი მინდა ვთქვა – მაქსიმალურად ვცდილობ, დაწყებული საქმე დავასრულო, ბოლოს რაღაც აუცილებლად გამოვიყვანო. ჩემთვის არ არსებობს – „ვერ ვაკეთებ, არ გამომდის“, შემიძლია, ერთ ღამეში, თუნდაც, პროგრამისტობა შევითავსო და მაინც მივიღო ის შედეგი, რაც მინდა. მათემატიკის ამოცანასავითაა, თავს „დავაკლავ“ და ბოლოს მაინც ამოვხსნი, არასოდეს ვნებდები.

ანუკი & Friends

რა არის წარმატებისთვის მთავარი ამ პროფესიაში? 

ანუკი: პირველი – ზუსტად უნდა იცოდე, რომ დიზაინერობა გინდა. მეორე – ეს სხვათა შორის ნიკა კუმბარმა მითხრა, „ლივინგსტონის“ გუნდში რომ გადავედი – შენს კარიერაში იქნება რთული პერიოდი, როცა იფიქრებ, ნეტა, საერთოდ რატომ ავირჩიე ეს პროფესიაო. აი, ზუსტად მაგ მომენტში არ უნდა დანებდე, სირთულე „გადააგორო“ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოო. ამ პროფესიაში თუ რამეს წარმოვადგენ, ნიკას დიდი წვლილი მიუძღვის, ჩემთვის #1 დიზაინერია, საქართველოში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

ანუკი: ჯერჯერობით, „ჰოლი მოტორსიდან“ წასვლას არსად ვაპირებ. მგონია, რომ უახლოესი 2-3 წელი აქ ვიქნები. ვიცი, ძალიან ბევრს ვიმუშავებ, განვვითარდები და საინტერესო დიზაინებს შევქმნი. წავალ საზღვარგარეთ, სასწავლებლად. ოღონდ, არასოდეს მიფიქრია იქ დარჩენაზე – აუცილებლად დავბრუნდები, რომ ისევ ჩემს საქმეს და სფეროს მოვახმარო მიღებული ცოდნა. ჩემი ოცნების სააგენტოა STRANGER & STRANGER [ნიუ-იორკი], საოცარი კომპანიაა და სიამოვნებით მივიღებდი იქ მუშაობის გამოცდილებას. პრინციპში, ეს არის ჩემი სამომავლო გეგმები და ხვალინდელი ანუკი.

ანუკი მოგზაურობის დროს

თითქოს, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. კიდევ გადავურეკე, ფოტოების ამბავიც დავაზუსტე. მერე წერა დავიწყე. ვიზუალებიც თავისას შვება, მაგრამ რაღაც მაკლია დასასრულისთის. SMS მომდის – ანუკი კონიაშვილი: „სადმე შეგიძლია ჩაამატო, რომ მილიარდს ვმოგზაურობ, თავისუფალ დროს სულ ვმოგზაურობ“. მგონი, ამბავიც „შეიკრა“.

 

ლილე ხმალაძე

ონლაინ ტექნოლოგიური კონფერენცია ბიზნესისათვის – ქართულმა ონლაინ სივრცემ Tech Touch-ს უმასპინძლა

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი – განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!