საგამომცემლო სახლ „ფლიტ მედიას“ თანადამფუძნებელთან და დირექტორთან, ანუკი ნაცვლიშვილთან ინტერვიუზე მუშაობისას სენეკას ეს ცნობილი სიტყვები გამახსენდა.
არსებობს კითხვები, რომლებზე დაფიქრებაც თითოეულ ჩვენგანს მართებს, თუ, ცხადია, გვინდა, რომ საინტერესო, წარმატებული, შემდგარი ცხოვრება გქვონდეს და „ზურგის ქარიც“ ჩვენი მუდმივი თანამგზავრი გახდეს.
არის კითხვები, რომლებზე პასუხებიც განსაზღვრავს ჩვენს კრედოს, ყოველდღიურობას, მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევ საშუალებებს.
მიზანდასახული, შრომისმოყვარე, წარმატებული და ძლიერი ადამიანისგან ამგვარ კითხვებზე გაცემული პასუხები ბევრისთვის შეიძლება გახდეს შთამაგონებელი და ეს ინტერვიუც სწორედ ასეთად გვესახება…
M: აწმყოთი დავიწყოთ. თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ გასცემდით პასუხს საკმაოდ რთულ კითხვას – ვინ ვარ მე?
ადამიანი, რომელსაც წინ გრძელი და საინტერესო გზა აქვს…
M: წარსულში ვინაცვლებთ. როგორ ფიქრობთ, რა აყალიბებს ადამიანს ისეთად, როგორიც არის? რა მოქმედებს ღირებულებების, ფასეულობების ჩამოყალიბებაზე? თქვენს შემთხვევაში რამ განსაზღვრა ის, რომ ასეთი ხართ, აქ და ახლა?
ადამიანს აყალიბებს დრო და გარემო, საკუთარი თავი. ღირებულებები და ფასეულობები დროთა განმავლობაში იცვლება. ზოგი ამ პროცესს უფრთხის და უარყოფით მოვლენად აღიქვამს, თუმცა ვთვლი, რომ ეს თავისთავადი მოვლენაა და არა საფრთხე. თუ ადამიანს ღირებულებები და ფასეულობები ეცვლება, ეს ნიშნავს, რომ ის მოძრაობს და სტაბილურობა მისთვის სულაც არ არის საინტერესო. კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში 3 მამოძრავებელი ძალა არსებობს: ჩემი შვილი, ჩემი მეუღლე და თავად მე.
M: ბავშობაში რა პროფესიაზე ოცნებობდით? საერთოდ, მკვეთრად გქონდათ განსაზღვრული რა გინდოდათ? როდის მოვიდა ეს განცდა?
არასდროს მიოცნებია ექიმობასა და კოსმონავტობაზე. სკოლის პერიოდში მომწონდა წიგნები და ჟურნალები. მიუხედავად ამისა, პროფესიად თეატრის მხატვრობა ავირჩიე და იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს იყო საქმე, რომელსაც მუდამ სიყვარულით გავაკეთებდი. თუმცა მოგვიანებით ვიზუალურ კომუნიკაციებისა და გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე გადავინაცვლე, რის შემდეგაც ისევ გამიტაცა გამომცემლობაზე ოცნებამ. მერე იყო საკუთარი ბიზნესის წამოწყების პატარა მცდელობა, ბევრი დიდი შეცდომით; შემდეგ სარეკლამო სააგენტო და ბოლოს საგამომცემლო ბიზნესი. მართალია დღეს შეყვარებული ვარ ამ საქმეზე, მაგრამ არასდროს ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ გაჩნდება რაიმე სხვა მიმართულება, რომელიც ასევე ან უფრო მეტად მეყვარება, რადგან ცხოვრებამ მასწავლა, რომ ასე ფიქრი არასწორია და ხშირად მცდარ გზაზე გვაყენებს.
M: რამ განაპირობა თქვენი ახლანდელი მოქმედების სფერო? რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, ეს მიმართულება? რა არის ამის ხიბლი და რომ არა ეს, კიდევ სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
მიზნის მიღწევის სურვილმა, შინაგანმა მოთხოვნილებამ, საკუთარმა პოზიციამ და პრინციპებმა, სურვილმა იმისა, რომ საქართველოშიც ყოფილიყო საერთაშორისო დონის ჟურნალები
ხიბლი და შედეგი? უკვე მზა პროდუქტის გადაფურცვლა, შეფასება საზოგადოების მხრიდან.
ასევე ძალიან მომწონს ქოუჩერის ამპლუაში ყოფნა, როდესაც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სხვა ადამიანებს ვუზიარებ და ვხედავ ამ ინვესტიციის შედეგს. თუმცა არის კიდევ სხვა მიმართულებები, რომლებშიც მინდა, საკუთარი ძალები მოვსინჯო, მაგრამ ამას თეორიული საფუძველი სჭირდება, რისთვისაც ვემზადები კიდეც.
M: საკმაოდ შრომატევად და რთულ საქმიანობას ხართ შეჭიდებული. რა გაძლევთ სტიმულს? ყოფილა მომენტი, როცა გიფიქრიათ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერსო? რა გშველით რთულ სიტუაციებში?
ნამდვილად ასეა, რა თქმა უნდა, იშვიათად, მაგრამ ყოფილა მომენტი, როცა ყველაფერს აზრი დაუკარგავს. ეს ნორმალურია, ემოციები და გრძნობები განგვასხვავებს ადამიანებს რობოტებისაგან და ვთვლი, რომ ასეთი მდგომარეობაც საჭიროა იმისათვის, რომ გადალახო და ახალი შემართებით გააგრძელო ცხოვრება. მშველის, პირველ რიგში, საკუთარი თავი და რამდენიმე ადამიანი, რომელთა გონიერება, მიზანდასახულობა და შემართებაც აღმაფრთოვანებს და ყოველთვის მიბრუნებს ძალას.
M: როგორც ვიცი, მუშაობასთან ერთად მუდმივად ხართ ჩართული სწავლის, თვითგანვითარების პროცესში. ხშირად საუბრობთ წიგნებზე, რომლებმაც შთაგაგონეს, იღებთ განათლებას, ესწრებით ტრენინგებს და სემინარებს. როგორ ფიქრობთ, თანამედროვე სამყაროში რა როლი აქვს განათლებას და რამდენად საჭიროა უწყვეტ რეჟიმში ამაზე ზრუნვა? ხომ შეიძლება გარკვეულ ეტაპზე ადამიანმა გადაწყვიტოს – მორჩა, უკვე საკმარისი ვიცი. მეტი აღარაა საჭირო.
განათლებას და თვითგანვითარებას ჰაერს და წყალს შევადარებდი, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იცოცხლებს. ამის გარეშე ცხოვრება უინტერესო, უფერული და უფრო მეტიც, უბრალოდ, შეუძლებელია. არ მგონია არსებობდეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის და მეტი აღარ სჭირდება, ისევე, როგორც არ დადგება დრო, როცა ორგანიზმს საკვები აღარ დასჭირდება, თუ არ გარდაიცვალე. აი, მივადექით მდგომარეობასაც როცა ადამიანს აღარაფერი დასჭირდება.
M: საქმიანობაზე – უფრო დეტალურად. მოგვიყევით იმ ყველაფრის შესახებ, რითიც ყოველ დღე სამსახურში ხართ დაკავებული. რა არის ამ საქმიანობის კონკრეტული შედეგი?
ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანებთან ურთიერთობაა. შეხვედრები, მოლაპარაკებები, ჩემს გუნდთან ერთად ჩვენი გამომცემლობის პროდუქტებზე მუშაობა და მათი განვითარება. შედეგი კი დაინტერესებული მკითხველი და კმაყოფილი დამკვეთია, მკითხველი იღებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, დამკვეთი კი კლიენტს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის შემოქმედება და კომერცია ერთად. ჩემთვის კი ეს სინთეზი ძალიან საინტერესოა.
M: „ეგო“ სამი წლის ხდება. რითია ეს იუბილე თქვენთვის მნიშნელოვანი?
ამ სამი წლის განმავლობაში რედაქციამ სირთულეებით სავსე გზა გაიარა, ახლა კი ჩვენი მხრიდან შეჯამების, საზოგადოების მხრიდან კი შეფასების დრო დადგა. გადავწყვიტეთ, სწორედ 3 წლის იუბილეზე ჩავატაროთ პირველად დაჯილდოების ცერემონიალი „ეგო 2014“, რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცემა. დავაჯილდოვებთ პერსონებს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. იუბილეს 31 იანვარს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ აღვნიშნავთ.
M: ხშირად უსვამთ ხაზს იმას, რომ კარგი გუნდი გყავთ, რომ სიამოვნებით აკეთებთ მათთან ერთად საერთო საქმეს. რას გვეტყვით ამ ადამიანებზე? რას ურჩევდით მათ, ვინც ხელმძღვანელ პოზიციაზეა და ვის დაქვემდებარებაშიც სხვა ადამიანები არიან?
გუნდი ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა. ეს ადამიანები რომ არა, არ იარსებებდა ჩვენი გამომცემლობის არცერთი პროდუქტი, სამწუხაროა, რომ ისინი არც ისე ხშირად ჩანან. ხელმძღვანელებს, და არა მარტო მათ, ვურჩევდი დისციპლინის დახვეწას, სისტემურობას, მიზანდასახულობას და თვითგანვითარებაზე ზრუნვას. ეს ყველა ადამიანს სჭირდება, მით უმეტეს მათ, ვინც რედაქციაში პერიოდულ გამოცემებზე მუშაობს.
M: წარმატება შემთხვევითობების ნაკრებია თქვენთვის თუ მიზანი, რომელსაც ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს?
ჩემთვის არ არსებობს შემთხვევითი წარმატება, ფრაზა – „ვიღაცას გაუმართლა“, ან „ბედი აქვს ასეთი“. ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ ბედს და წარმატებაც მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ცნობილ წარმატებულ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ გაუმართლა ან შემთხვევით მიაღწია წარმატებას და თუ რამე შემთხვევით ხდება, ის ყოველთვის ხანმოკლე და წარმავალია.
M: რამდენად სწრაფად რეაგირებთ ცვლილებებზე? საერთოდ, სტრესის განცდას რა იწვევს თქვენში?
ძალიან სწრაფად. სტრესს უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალი ადამიანები იწვევენ, რადგან მათი არასწორი ქმედებები აზიანებს ჩემთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა ბიზნეს პროცესს. თუმცა გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, მთავარია, არ დანებდე და შეცვალო ყველაფერი შენს სასიკეთოდ, რაც ყოველთვის შესაძლებელია, თუ მოინდომებ.
M: რუტინას, ერფეროვნებას როგორ ებრძვით? თუ საერთოდ არ გაქვთ ეს განცდა?
რუტინას და ერთფეროვნებას უინტერესობა და უმოქმედობა იწვევს. თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი, ესე იგი თავად აირჩიე ის, რადგან მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით, თითქმის ყოველთვის, ჩვენი შექმნილია.
M: ერთი რჩევის მიცემის საშუალება რომ გქონდეთ მსოფლიო აუდიტორიისთვის, რას იტყოდით?
ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით, მოძებნეთ ისინი და კარგად დააკვირდით, მაშინ იგრძნობთ, რა არის ბედნიერება.
M: თქვენთვის თუ მოუცია ვინმეს რაიმე მნიშვნელოვანი, ცხოვრების გარდამტეხი რჩევა? ვინ იყო და რა რჩევა იყო?
დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ყურადღებით უნდა უსმინო კომპეტენტურ ადამიანებს და მიიღო მათი რჩევები. ვერ ვიტყვი, რომ ცოტა ადამიანის რჩევას ვითვალისწინებ ესენი არიან: ჩემი მეუღლე, ირინა ხაკამადა, სხვადასხვა ავტორი და ბიზნესმენები. ამ ხრივ საკმაოდ გახსნილი ვარ და ვფიქრობ, ეს ჩვევა ხელს მიწყობს განვითარებაში.
M: სამომავლო გეგმები? საერთოდ, ყოველთვის ზუსტად გაქვთ განსაზღვრული რა და როგორ უნდა იყოს მომავალში თუ დინებას მიჰყვებით?
გეგმები საკმაოდ ამბიციური და ბევრი მაქვს. ახლა ორს დავასახელებ – ვაპირებ, წარმატებით გავიარო MBA თანამედროვე მენეჯმენტის განხრით, რომელზეც ერთი კვირის წინ ჩავირიცხე, დავიცვა დისერტაცია, მივიღო MBA მაგისტრის ხარისხი და დავაფუძნო „ეგოს“ ქალთა კლუბი.
დინებას არასდროს მივყვები და არ მესმის მათი, ვინც ასე ცხოვრობს; პირიქით, დინების საწინააღმდეგოდ მირჩევნია ცურვა, ასე უფრო საინტერესოა.
M: მორალი – როგორც იგავებშია…
ვფიქრობ, იმ ნარატივის გათვალისწინებით, რაც ინტერვიუშია, თავისუფლად შეგვიძლია ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები თვითნებურად შევცვალოთ და თამამად განვაცხადოთ:
როდესაც ადამიანმა იცის, საით მიდის, ზურგის ქარი მისი მუდმივი თანამდევი იქნება!