in

„ჩემი მუსიკა თვითგამოხატვაა და არა ამბიცია, რომ სამყარო შევცვალო” – ანუშკა ჩხეიძე

როდესაც ბავშვობაში, სულ მცირე ასაკიდან პირველად შეეხო ფორტეპიანოს კლავიშებს, ალბათ, მაშინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს მისი მუსიკა გასცდებოდა ტრადიციული ჟღერადობის ფარგლებს და დაკვრა მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდებოდა. ანუშკა ჩხეიძე იმ იშვიათ ხელოვანებს შორის არის, ვინც ხმების უზარმაზარ სამყაროში არ ეძებს წესებს, ის თავად ქმნის მათ. მისი ნამუშევრების დინამიკას წინასწარ ვერ გამოიცნობ. აი, ხომ არის ზოგიერთი სიმღერა, რომლის ინტროს მოსმენის დროსაც უკვე თითქოს იცი, როგორი მისამღერი ექნება, ანუშკას შემთხვევაში ეს პროგნოზები არათუ ჩვეულებრივ მსმენელს, არამედ საკმაოდ გამოცდილ მუსიკოსსაც გაუჭირდება. 

ანუშკას მუსიკა არაა მხოლოდ შესრულება, თითოეული ტრეკი რაღაც ამბავივით მოგვეწოდება, რომელიც ემბიენთპალიტრაზე იქმნება და მოაქვს სიმშვიდე, საკუთარ თავთან ჰარმონია, დადებითი ემოცია და სამყაროებში მოგზაურობის განცდა.

თუ როგორი იყო არტისტის გზა ბავშვობიდან დღემდე, რას ფიქრობს იგი თავის შემოქმედებაზე და, ზოგადად, მუსიკაზე, ამას უკვე ნარატივი აღარ სჭირდება, თავად ანუშკას ინტერვიუ მოგითხრობთ.

ანუშკა ჩხეიძე:

ძალიან პატარა ვიყავი, 3-4 წლის, როცა ფორტეპიანოზე დავიწყე დაკვრა. ხარაგაულში გავიზარდე და მაშინ არ იყო რაიმე საშუალება, რომ ამ მიმართულებით უფრო განვვითარებულიყავი, ფორტეპიანოზე სიარული საუკეთესო ვარიანტი იყო. 

დღემდე შენახული მაქვს გაზეთის მცირე ნაგლეჯი, სადაც 6 წლის ვარ და ვამბობ, რომ ჩემი ოცნებაა, კომპოზიტორი გამოვიდე. ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპები, როცა არ ვიყავი მუსიკით დაკავებული, თუმცა ქვეცნობიერად სულ მქონდა ის სურვილი და მოწოდება, რომ, საბოლოოდ, ამ საქმით დავკავდებოდი.

ცოტა უფრო მოგვიანებით ვგალობდი ეკლესიაში და გუნდში ვმღეროდი. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დამეხმარა მუსიკალურად გაზრდაში. დღემდე შემიძლია ვთქვა, რომ ჰარმონიებით სწორედ ქორალური მუსიკიდან ვიკვებები. 

მერე ცოტა ხანი შევწყვიტე მუსიკასთან ურთიერთობა, რადგან გადავერთე სწავლაზე, ჩავაბარე უნივერსიტეტში მართვასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე. მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მინდოდა. მქონდა მუსიკის წერის მრავალი იდეა, უბრალოდ ვერ მოვძებნე სწორი ფორმა, რომლითაც ამას განვახორციელებდი. ამიტომ მივედი კრეატიული განათლების სტუდიაში, სადაც ხმის ინჟინერიისა და ფროდაქშენის სწავლა დავიწყე. აქვე გავაკეთე პირველი პროექტი, რომელზეც უკვე გამოცდილი არტისტებისგან საკმაოდ კარგი უკუკავშირი მივიღე და ეს დიდი ბიძგი იყო ჩემთვის, რომლითაც მივხვდი, რომ ის, რაც მე მომწონს და ვაკეთებ, არაა მარტო ჩემი, უკვე სხვისიცაა.

ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რა დროსაც ვიგრძენი, რომ ეს ისაა, რაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო.

M: როგორც ვიცი, ახლა ემზადებით მასშტაბურ ფესტივალზე წარსადგენად „მონჰაიმის ტრიენალე”. მოგვიყევით, როგორ მოხვდით აქ და რა პროექტით გადიხართ.

მონჰაიმის ტრიენალეზე ძალიან ბევრი არტისტი მონაწილეობს და მე მიმიწვია მისმა ერთ-ერთმა კურატორმა. თავიდან ჩავედი ქალაქის დასათვალიერებლად, რადგან სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, ტრიენალეზე მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კი არ ჩახვიდე და დაუკრა, არამედ მთელი წელი ჩართული იყო საფესტივალო ცხოვრებაში და ქალაქთანაც კავშირი დაამყარო. 

როდესაც პირველად ჩავედი 2023 წელს, შემომთავაზეს საუნდინსტალაციის გაკეთება და, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ეს არ იყო ჩემი მიმართულება, მაინც ვცადე. მონჰაიმში ვნახე მიტოვებული ბაღი, რომელიც მომეწონა და იქ გავაკეთე ჩემი პირველი ინსტალაცია, რომელსაც დავარქვი Lost Lullaby. პროექტის ფარგლებში, ქალაქის მცხოვრებთაგან ჩავწერე ძველი იავნანები და ამ ნაკრებისგან გავაკეთე ინსტალაცია.

ამ პროექტით გავხდი მონჰაიმ ტრიენალეს არტისტი და მას შემდეგ, ზედიზედ მესამე წელია, ვთანამშრომლობ. მაგალითად, გასულ წელს იყო ასეთი გამოწვევა, რომ შემთხვევითობის პრინციპით გვაჯგუფებდნენ სხვადასხვა არტისტთან, სხვადასხვა ქვეყნიდან და ჟანრითაც განსხვავებულთან და უნდა გაგვეკეთებინა იმპროვიზაცია, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო გამოცდილება იყო. 

წელს არის ტრიენალეს დასკვნითი ფესტივალი, სადაც ყველა ჩვენს ინდივიდუალურ პროექტს წარვადგენთ და მისთვის ვამზადებ მუსიკას ორღანზე. ეს ინსტრუმენტი სულ მაინტერესებდა და რამდენიმე თვის წინ დავიწყე პირველად მასზე მუშაობა. ამ ტესტირების პროცესში გადავწყვიტე, რომ ის შეიძლება გამომდგომოდა, როგორც სავიზიტო პროექტი ტრიენალეზე და დავიწყე ამ კუთხით განვითარება. ვაკეთებ პროექტს, რომლიც იქნება ორღანისა და ციფრული ტექნოლოგიის ნაზავი, კერძოდ, რობოტების მეშვეობით უნდა დავუკრა და სრულიად ახალი მუსიკა შევქმნა.

ფოტო: Adrian Breuer

M: ანუშკა, როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი?

შეიძლება გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ საკმაოდ მორიდებული ადამიანი ვარ და თავდაჯერებაც მაკლია. კონცერტის მერე ბევრჯერ მიფიქრია, რომ აღარ დავუკრავ საერთოდ, რადგან რაღაც ყოველთვის მგონია, რომ დავაკელი. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი შემოქმედებითი პროცესის შესახებ, რადგან მუსიკის წერის მომენტში ეგეთი პერფექცონიზმი არ მაწუხებს და არ მიშლის ხელს. პირიქით, საკმაოდ კომფორტული მდგომარეობაა ჩემთვის. 

არ მიყვარს დიდხანს მუშაობა ერთ კომპოზიციაზე, ბევრი კირკიტი, რადგან მასე რომ ჩავუღრმავდე, შეიძლება ვერასოდეს დავასრულო და მივიყვანო ბოლომდე. 

ზოგადად, მუსიკა ძალიან დამეხმარა პიროვნების ჩამოყალიბებაში, ადამიანებთან კომუნიკაციის სწავლაში, თავდაჯერების მომატებაში. ერთგვარ თერაპიად იქცა ჩემთვის.

M: რა არის ხოლმე თქვენი შემოქმედებითი გზავნილი მსმენელისადმი?

ინსტალაციების ნაწილში ხშირად გადმოვცემ სხვადასხვა სათქმელს. მაგალითად, ახლა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვაკეთებ ერთ პროექტს, რომლის ინსპირაციაც წამოვიდა თბილისში 2025 წლის ზამთარში დაჰაკული ავტობუსების შემთხვევიდან. 

პერსონალურ მუსიკაზე მუშაობა თვითგამოხატვის საშუალებაა ჩემთვის. ამ დროს იმას ვამბობ, რასაც ინსტაგრამზე ვერ გავსთორავ, რაც უფრო შინაგანი გრძნობებიდან მოდის. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი მუსიკით სამყაროს შევცვლი, უბრალოდ მინდა, რომ გამოვხატო ის, რასაც ვგრძნობ.

M: როგორ შეაფასებდით ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას დღესდღეობით?

დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკოსები გვყავს და უხეშად რომ ვთქვათ, მასალა საკმაოდ ბევრი გვაქვს იმისთვის, რომ კარგი მუსიკა იქმნებოდეს. 

მეორე მხრივ, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია გაცვლის პროცესი. ვგულისხმობ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან, რადგან, როცა ერთი არტისტი პატარა ბაზარზეა, საკმაოდ რთულია, რომ მხოლოდ მუსიკის კეთებით იცხოვროს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ბევრი ქართველი მუსიკოსი პარალელურად სამსახურებში დადის და სხვა საქმესაც ითავსებს. 

როგორი პოპულარულიც არ უნდა იყო, იმდენად მცირე ბაზარია, მაინც შებოჭილი ხარ. სივრცეები ერთმანეთთან ახლოსაა. როგორც არ უნდა უყვარდე მსმენელს, კვირაში სამჯერ არ მოვა შენი მუსიკის მოსასმენად, რადგან ასეთი ინტენსივობით მას ვერ შესთავაზებ რაიმე განსხვავებულს. 

სწორედ ამის გამო ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაცვლა – მოგზაურობა, სხვადასხვა აუდიტორიასთან შეხვედრა და მუდამ აქტუალურად დარჩენა.

M: ანუშკა, რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორი მიმდინარე გეგმები გაქვთ?

შემოდგომაზე გამოვა ჩემი კოლაბორაციული ალბომი უცხოელ არტისტთან, თუმცა ლეიბლს ჯერ არ დაუანონსებია, ამიტომ მეც თავს შევიკავებ დეტალების დასახელებისგან.

ორღანის პრემიერა იქნება 4 ივლისს ტრიენალეზე და ძალიან მინდა, რომ სამომავლოდაც გავაგრძელო ამ ინსტრუმენტზე მუშაობა და იდეების დახვეწა. 

ასევე მაქვს დაგეგმილი ორი საუნდინსტალაცია გერმანიაში. ერთი არის, როგორც ზემოთ ვახსენე დაჰაკული ავტობუსების თემატიკაზე და მეორე ქალაქის მდინარის ხმებით იქნება აწყობილი, რომელიც მთელი ზაფხული დარჩება იმ ქალაქში საჯარო სივრცეში და ყველა გამვლელი მოისმენს.

M: ბოლო კითხვაც – რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?

დავტოვებ ქართული ფოლკლორის ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარს – „უწინარეს მას ვადიდებთ”, რომელიც ძალიან საინტერესო ტექნიკით გამოირჩევა. არის ხმის სამი ხაზი და სამივე სხვადასხვანაირია, თუმცა საოცარ ერთიანობას ქმნის. ბავშვობიდან დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე ეს სიმღერა და მას დავუტოვებ მკითხველს.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Midjourney-მ AI ვიდეო გენერატორი V1 გამოუშვა

სუხიშვილების 80-წლიანი ლეგენდა – როგორ იქცა ქართული ცეკვა მსოფლიო ბრენდად