რაღაც ახალ იდეას გთავაზობენ, თქვენი პირველი რეაქცია კი მღელვარებაა. ვერ იშორებთ თავიდან აზრებს, რომ შეიძლება რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც საჭიროა. ყოველ ჯერზე, როდესაც სიტუაცია არაერთგვაროვნად მიედინება, თქვენი დასკვნები უარყოფითია? გეცნობათ ეს მდგომარეობა? თუკი პასუხი დადებითია, უნდა გითხრათ, ეს არ არის აუცილებლად ცუდი. დიახ, შეიძლება ამ ემოციური ფონის შეცვლა ვერ შეძლოთ, მაგრამ იქნებ, არც არის საჭირო? სამაგიეროდ, თანამგრძნობიარობისა და გულითადობის უნარს შეიძენთ და შესაძლოა, დადებითი შედეგებიც მიიღოთ იმ საქმეში, რომლის გამოც ღელავთ. თუკი მაინც გსურთ, გაიგოთ, სიტუაციას მუქ ფერებში თავად უყურებთ თუ არა, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც შფოთის ამოცნობაში (და ვინ იცის, შემცირებაშიც) დაგეხმარებათ.
არასწორად აღიქვამთ სხვების შეხედულებებს სხვებზე
მშფოთვარე ადამიანები მიდრეკილნი არიან იღელვონ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე. მაგალითად, თანამშრომელი თქვენსავით თბილად არ გესალმებათ და ცდილობს, ჩქარა განაგრძოს თავისი საქმე. ასეთ დროს ფიქრობთ, რომ მას არ მოსწონხართ. სინამდვილეში კი, სხვა ვერსიებიც არსებობს. მაგალითად, შესაძლოა ის ადამიანი უფრო გახსნილია მათთან, ვისაც უკეთ იცნობს ან მას ხუმრობა უყვარს, თქვენ კი სერიოზულად აღიქვამთ. იმის გამო, რომ დადებით განწყობას ვერ გრძნობთ იმ ადამიანისგან, მას თავს არიდებთ, არადა, ახლა შესაძლოა, მან თავად იფიქროს, რომ ეს თქვენ არ მოგწონთ. ამის ნაცვლად, სჯობს გაიაზროთ, რომ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს დასაბუთების გარეშე ინტერპრეტირებთ. და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას მართლაც არ მოსწონხართ, მაინც შეგიძლიათ ნაყოფიერი ურთიერთობა გქონდეთ.
გჩვევიათ თავის მართლება
მღელვარე ადამიანები უფრო მეტად არიან მომართულები წარმატების მიღწევისკენ. მათ სურთ უკუკავშირის მოსმენა, რაც განვითარებაში დაეხმარებათ, მაგრამ მოსმენილს ხშირად კატასტროფულად ტრაგიკულად აღიქვამენ. ასეთ დროს, თვლიან, რომ წააგეს. ანუ, ისინი ითხოვენ კრიტიკას, თუმცა მისი მიღება უჭირთ. შეგიძლიათ უკუკავშირის წერილობით გამოგზავნა სთხოვოთ, ასე უფრო ნელა წაიკითხავთ და უკეთ გადახარშავთ შეფასებას.
ასევე, დააკვირდით, ის, თუ რა ფორმით გირჩევნიათ უკუკავშირის მიღება, საუბრობს იმაზე, თუ რა გიქმნით კომფორტს. მაგალითად, შეგიძლიათ, წინასწარ გქონდეთ მომზადებული სავარაუდო პასუხი უკუკავშირზე. ამგვარად, თქვენ მოამწიფებთ საკუთარ რეაქციას.
თავს არიდებთ სიტუაციას, რაც შფოთთან ასოცირდება
ჩვენ ვცდილობთ გავექცეთ იმას, რაზეც ვღელავთ, შემდეგ კი ამ გაქცევის გვრცხვენია. საერთო ჯამში, ყოველივე ეს გაურკვევლობის ღრუბელს ქმნის ჩვენ გარშემო. ეს პრობლემა ნებისმიერი მასშტაბით შეიძლება მოგვევლინოს. შესაძლოა, უხერხულად გრძნობთ თავს ელექტრონულ წერილზე პასუხისას, ამის გამო აგვიანებთ პასუხს. დაგვიანებით კი, თქვენ არაორგანიზებულ ადამიანად გთვლიან. შესაძლოა, უბრალოდ, ფრენის შიში გაქვთ, რის გამოც სამუშაო მივლინებებზე უარს ამბობთ. უმჯობესია, გულწრფელად თქვათ, რა გიქმნით ეჭვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ისე ვერ გაგიგებენ, როგორც გსურთ, მაგრამ თქვენი გულრწფელობა, გამჭვირვალობა გამბედავ ნაბიჯად აღიქმება.
მოულოდნელ იდეებზე ნეგატიურად რეაგირებთ
თუკი ახალ იდეებზე ფიქრისას პირველი რისკები, ნაკლი და მიზეზები გახსენდებათ, სავარაუდოდ, თქვენს რეაქციას ინსტინქტურად სხვებიც იგრძნობენ და ნეგატივად ჩაგითვლიან. მაშინაც კი, თუკი ეს თქვენი მხოლოდ პირველი რეაქციაა, შესაძლოა ის ადამიანები გააღიზიანოს და დააბრკოლოს, ვინც იდეაში პერსპექტივას ხედავს.
თუკი სკეპტიკოსების რიცხვს მიეკუთვნებით, გირჩევთ, ისწავლოთ უკუკავშირის დაბრუნება “სენდვიჩის” პრინციპით. დარწმუნდით, რომ იდეის მოსმენისას, პირველ რიგში, კარგზე იფიქრეთ. ეს თქვენს ტვინს დაეხმარება დააბალანსოს აზროვნება და სარგებელს მოგიტანთ. შემდეგ, შეძლებთ ისაუბროთ სავარაუდო რისკებზე, თუმცა, მსჯელობა აუცილებლად პოზიტიურ ნოტაზე დაასრულეთ. კიდევ ერთი სტრატეგიაა – პირველი რამდენიმე საათის მანძილზე, არ გამოავლინოთ რეაქცია, აწონ-დაწონოთ და მხოლოდ შემდეგ უპასუხოთ.
მღელვარებას ადამიანების მოტივირებაც ძალიან კარგად შეუძლია. მაგალითად, უარის მიღების შიშს შეუძლია გაიძულოთ უფრო ბევრი იმუშაოთ და მეტად დააფასოთ ურთიერთობები, იყოთ მგრძნობიარე, ფრთხილი და პროდუქტიული. რაც უკეთ გააცნობიერებთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი შფოთი, უფრო მარტივად შეძლებთ მასთან გამკლავებას და სამსახურებრივი გამოწვევების დაძლევას.
წყარო: HBR