სირბილის დაწყებას ზოგჯერ წარმოდგენა გვირთულებს, რომ ამისთვის გარკვეული აღნაგობა, გამძლეობა ან სპორტული გამოცდილებაა საჭირო. Sport in Mind-ის ახალი ფილმი „Any Run & Everyone“ სხვადასხვა მორბენალს გვაცნობს და ყურადღებას მათ ემოციურ გამოცდილებაზე ამახვილებს. ექვს ქვეყანაში მომუშავე 18 ანიმატორის ნამუშევარი აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული ტემპით, სხვადასხვა მიზეზითა და მოლოდინით დარბიან.
პროექტის იდეა კრეატიულ დირექტორ პოლ ჯორდანს ეკუთვნის. მან დაწერა ლექსიც, რომელიც ფილმის ტექსტისა და მუსიკალური თხრობის საფუძველი გახდა. ჩანაფიქრი პირადი გამოცდილებიდან წამოვიდა: პოლ ჯორდანი მთელი ცხოვრება დარბოდა და ამჩნევდა, რომ ეს განსაკუთრებით სტრესისა და სამუშაოთი გადატვირთვის დროს ეხმარებოდა, თუმცა მიზეზზე დიდად არ ფიქრობდა.
ლოკდაუნის პერიოდში ADHD-ის დიაგნოზის მიღების შემდეგ საკუთარ ჩვევას სხვაგვარად შეხედა. მისი შეფასებით, სირბილს წლების განმავლობაში გაუცნობიერებლად იყენებდა მდგომარეობასთან გასამკლავებლად. ფილმის შექმნით ამ გამოცდილების გაზიარება და სხვებისთვის იმის ჩვენება სურდა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოძრაობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„Any Run & Everyone“ სამ ნაწილად ვითარდება. თავდაპირველად მაყურებელი მორბენლის ნაცნობ, სარეკლამო სახეს ხედავს: სპორტულს, ენერგიულსა და თავდაჯერებულს. შემდეგ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ წარმოდგენას არ შეესაბამებიან. ბოლო ნაწილი კი მათ საერთო გამოცდილებას ეთმობა, იმ განცდებსა და ცვლილებებს, რომლებსაც სირბილს უკავშირებენ.
პერსონაჟების მრავალფეროვნებას ვიზუალური ფორმებიც მიჰყვება. ფილმში ერთმანეთს ენაცვლება ორგანზომილებიანი ნახატი, 3D კომპიუტერული გრაფიკა, ქაღალდის კოლაჟი, თექითა და მოდელებით შექმნილი სცენები, სტოპმოუშენი, AI-ის დახმარებით შესრულებული ანიმაცია და ცოცხალი გადაღება. ტექნიკისა და ფაქტურის ცვლილება თითოეულ მონაკვეთს საკუთარ ხასიათს აძლევს, ერთიანობას კი ტექსტი და რიტმი ინარჩუნებს.
პროექტის დასრულებას თითქმის ორი წელი დასჭირდა და მასში ანიმატორებთან ერთად მონტაჟის, ხმის დიზაინის, მუსიკისა და პოსტპროდუქციის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთ გადაღებულ სცენაში პოლ ჯორდანის ოჯახი და მათი ძაღლიც ჩნდებიან.
პოლ ჯორდანის თქმით, თანამშრომლების ჩართვაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც თემასთან პირადი კავშირი, ისე ექსპერიმენტის თავისუფლება. ამან ფილმს განსხვავებული ხელწერის მქონე ავტორების გაერთიანების შესაძლებლობა მისცა. თითოეული მათგანი საერთო ამბავს საკუთარი ტექნიკითა და ვიზუალური ენით უერთდება.












