7
May
2013

“რა არის ადამიანი?” – ანზორ ქოქოლაძე

7 May 2013

მარკეტერი ცნობილ ქართველ ბიზნესმენს კომპანია“ელიტ–ელექტრონიქსისა“ და „ტექნო–ბუმის“ დამფუძნებელს ანზორ ქოქოლაძეს ესაუბრა.

ანზორ ქოქოლაძეგანათლება: დავამთავრე გონიოს საშუალო სკოლა. ამის შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტში ჩავაბარე, სამართლის განხრით. შემდეგ მოსკოვში წავედი და გავიარე მაგისტრატურის კურსი კერძო სამართალში.  სწორედ სტუდენტობის პერიოდიდან მქონდა პირველი მცდელობა დამეწყო ბიზნეს  საქმიანობა.

თქვენი პირველი შემოსავალი?

პირველად 1992 წელს ფირმა დავაფუძნე, მაშინ სტუდენტი ვიყავი. მცირე  სავაჭრო ოპერაციები ჩავატარე. მინდა ვთქვა, რომ კომპანიის კაპიტალი სულ რაღაც ოც დოლარს შეადგენდა, ეს იყო ის თანხა რომლითაც დავაფუძნეთ პირველი კომპანია. შემდეგ მცირე სესხი ავიღეთ. ვყიდულობდით ერთი კომპანიიდან პროდუქტს და შემდეგ ვყიდდით. ამ წამოწყებამ, ნახევარ წელიწადში, 3000 დოლარამდე კაპიტალს მიგვაღწევინა. ეს იმ დროისთვის საკმაოდ დიდი რიცხვი იყო, რადგან რთული, გაჭირვების პერიოდი იდგა, თანაც გამოუცდელებიც ვიყავით.

როგორ დაიწყო ელიტ–ელექტრონიქსი? 

1996 წელს დავაფუძნე ელიტ–ელექტრონიკსი. თავდაპირველად ძალიან პატარა ფირმა იყო, სულ სამ თანამშრომლს ითვლიდა და აუდიო–ვიდეო კასეტებს ვყიდდით ბათუმის ბაზრობაზე. 1996–წლიდან კომპანიას „ელიტა XXI” ერქვა, ხოლო 1998 წლიდან სახელწოდება შევცვალეთ და „ელიტ–ელექტრონიქსი“ დავარქვით. 2010 წლამდე ვიყავი   100%–იანი დამფუძნებელი და დირექტორი, ხოლო ამის შემდეგ იყო ტექნო–ბუმი.

ბატონო ანზორ რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში?

რთული გადაწყვეტილებები ბევრი იყო. ბოლო წლები რომ ავიღოთ, კომპანიის კუთხით, ვიტყოდი რთული არჩევანის წინაშე ვიდექით. 2007 წლიდან დაპირისპირება დაიწყო,  ან უნდა მიგვეღო ის თამაშის წესები, რომლებსაც მაშინდელი ხელისუფლება გვთავაზობდა, ან გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმე. თუ გავაგრძელებდით მათ პოლიტიკას, დაცული ვიქნებოდით ფინანსურად და კომფორტული იქნებოდა ბიზნესისათვის, მაგრამ  მეორე პრობლემა იყო ის, რომ  ვუპირისპირდებოდით საკუთარ ხალხს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მივდიოდით. ამიტომ აქ კრიტიკული გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდა. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ავირჩიეთ, რომ მინიმუმ არ ვყოფილიყავით მონაწილე იმ ჯგუფისა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ეს საკმაოდ რთულად და ტრაგიკულად გადავიტანეთ. ბრძოლის პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ კი  იმით დასრულდა, რომ კომპანია საერთოდ დავკარგეთ.  შედეგი რთული იყო, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ საკუთარ თავთან მართლები ვიყავით.  როცა ბიზნესმენი ხარ, როცა დიდ მასშტაბში ხარ, როცა რაღაც ძალაუფლება გაქვს,  შენ ქვეყანასა და ხალხს უჭირს, შენი პოზიცია უნდა გეჭიროს. ან უნდა შეცვალო, ან თანამონაწილე  გახდე.

რა არის თქვენი ცხოვრებისეული ოცნება?

ბავშობიდან ისტორია ძალიან მიყვარდა, ისტორიკოსი მინდოდა ვყოფილიყავი. ვინც ისტორიას საკუთარ თავზე იაზრებს,  ის განსაკუთრებით იმუხტება პატრიოტიზმით. ამიტომ, სკოლიდან მოყოლებული, სულ პატრიოტული მუხტი მქონდა.   ყოველთვის თან მდევდა ოცნება, რომ ძლიერი, გაბრწყინებული საქართველო მენახა. ამიტომ დღემდე ამ ოცნებით ვცხოვრობ– ვნახო ბედნიერი და გაერთიანებული საქართველო.

რა არის წარმატება და რა არის საჭირო მის მისაღწევად?

წარმატებულობა არის შინაგანი მდგომარეობა. თუ გრძნობ, რომ შენ სწორად მიდიხარ და კონკრეტულად გესმის სად და რატომ,  რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. ის დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გვინდა ის რისთვისაც ვიბრძვით და მეორე რამდენად ვიხარჯებით. რაც უფრო ძლიერია სურვილი– მიაღწიო, მით უფრო იხარჯები. გააზრებულად და სიყვარულით უნდა უდგებოდე შენ საქმეს. სამ ფაქტორს გამოვყოფდი, რაზეც წარმატებაა დამოკიებული: მოტივაცია, ჯანსაღი მორალური ღორებულებები და ცოდნა/ გამოცდილება.

kokoladze anzorთქვენს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი, რა გამოცდილება მოგცათ პატიმრობამ?

ციხემ საკუთარი ძალების უფრო მეტი რწმენა მომცა. როდესაც 2007–2008 წლებში ელიტ–ელექტრონიქსში გარკვეულ პიკს მივაღწიე, ერთ –ერთი წარმატებული კომპანია გვქონდა, ყოველთვის მეგონა სკამზე ნაკლებად ვიყავი დამოკიდებული, მაგრამ მაინც ეჭვი გეპარება სანამ არ გამოცდი. ამის შედეგად ბედნიერი ვიყავი, მივხვდი მთლიანად არ ვყოფილვარ დამოკიდებული მასზე. მივხვდი, რომ თავისუფლება ფიზიკური შეზღუდვებით არ წარმოიშობა.  შეიძლება ადამიანი ფიზიკურად შეზღუდო, მაგრამ თავისუფლება კიდევ უფრო გაუზარდო. მივხვდი, თავისუფლება ყველაზე ძლიერი და დიდია. განსაცდელი,  ყოველთვის სამკურნალო მოვლენაა  და ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო.

როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეწარმე, ბიზნესმენი?

პირველ რიგში, ბიზნესმენს უნდა ესმოდეს, რომ შენ უნდა ემსახურებოდე სხვას და არა სხვა გემსახურებოდეს შენ. იყო ხელმძღვანელი ნიშნავს, გქონდეს პასუხისმგებლობა კარგად გააზრებული.  ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის სოციალური ფუნქცია, სოციალური პასუხისმგებლობა გააზრებული უნდა გქონდეს. ქვეყანა და საკუთარი საქმე უნდა უყვარდეს.  არ უნდა აკეთოს ისეთი ბიზნესი, რაც სხვას უბედურებას მოუტანს. კონკურენცია ყოველთვის არსებობს, მაგრამ ისეთი ბიზნესი არ უნდა აკეთო, რაც სხვას მარცხს, წარუმატებლობას განაცდევინებს.

რა პრობლემები აქვს ქართულ ბიზნესს?

ვფიქრობ,  ბიზნესს  საქართველოში გამოცდილების, პროფესიონალი კადრების პრობლემა აქვს.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? 

გეგმები მომავალში ისევ ბიზნესს უკავშირდება.  უახლოეს ერთ წელში ვფიქრობ „ტექნო–ბუმი“  სწორ გზაზე დავაყენოთ, ლიდერი გახდეს, იმედი მაქვს „ელიტ–ელექტრონიქსაც „ დავიბრუნებთ. ასევე  სხვა პროექტებიც იგეგმება, ისევ საცალო მიმართულებით.

რას ურჩევდით ახალგაზრდა მეწარმეებს?

ახალგაზრდა მეწარმეებმა ძალიან უნდა მოინდომონ. უნდა ესმოდეთ რისთვის სჭირდებათ ეს,  სჭირდებათ ეს იმიტომ, რომ უკეთესად იყვნენ, ბევრი ფული ჰქონდეთ, თუ სჭირდებათ უფრო დიდი რამ, ანუ რა შეუძლიათ მოუტანონ ქვეყანას. თუ პასუხისმგებლობით მიუდგებიან,  მოტივაცია  გაცილებით დიდი იქნება. ღმერთი შენ მიერ აღებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე,  შესაბამისად გაძლევს ყველაფერს. პასუხისმგებლობა იგრძნონ  ქვეყნის, ოჯახის, მეგობრებისა და უფლის წინაშე.  თუ ეს ექნებათ კარგადაც ისწავლიან, კარგადაც შეასრულებენ და დიდ შედეგსაც მიიღებენ.

კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვთ:

რა არის ადამიანი?

 

 

 

 

 

 

განხილვა