in

ანზორ მანწკავა – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური იმ დროს უკავშირდება, როდესაც ნაცნობისა და ახლობლის ჩარევის გარეშე, მუშაობის დაწყება ძალიან ძნელი იყო. ჯერ კიდევ, სტუდენტი ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში UBC International მოვიდა, ახალი თანამშრომლების შესარჩევად. ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, იმ პერიოდში – 2003 წელს, საკმაოდ იშვიათი მოვლენა გახლდათ. ძალიან ორგანიზებულად მოვიდნენ, წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია, ჩაგვიტარეს ტესტირება, გაგვესაუბრნენ და მე და ჩემი მეგობარი აგვიყვანეს. სიხარულით არ ვიცოდით, რა გვექნა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, დამოუკიდებლად რომ შევძელი სამსახურის დაწყება. ასისტენტ აუდიტორი ვიყავი. პირველ წელს, ჩემი ანაზღაურება 50 ლარი იყო. ერთი წლის მანძილზე გამომზარდეს და შემდეგ, 150 ლარამდე გაზარდეს ჩემი ხელფასი.

ძალიან კარგი, მეგობრული გარემო და გუნდი დამხვდა. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ამ საოცარ ადამიანებში რომ მოვხვდი. უამრავი რამ მასწავლეს. მახსოვს, პირველ პროექტზე ნინოწმინდაში გამიშვეს, მძღოლთან ერთად. იქ ნავთობმომპოველი კომპანიის მარაგების ინვენტარიზაცია უნდა გამეკეთებინა, ვნერვიულობდი, თუმცა საქმეს შესანიშნავად გავართვი თავი. შემდეგ იყო წარმატებული ქართული კომპანიების აუდიტის პროექტები, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიაში სხვადასხვა თემის შესწავლა და შემოწმება მეხმარებოდა სწრაფ ზრდაში. იმ პერიოდში ხშირდა გვიწევდა კომპანიების ფინანსების მოწესრიგება პირველ რიგში და შემდეგ აუდიტის პროცედურების ჩატარება. ხშირად ფურცლებზე შედგენილი ანგარიშგებების excel-ში გადატანაში გამითენებია ღამეები. წელიწადში, დაახლოებით, 20 კომპანიას ვამოწმებდით, მათ შორის იყო: კანარგო, ჯეოსელი, ბანკი რესპუბლიკა, ბჟუჟჰესი, შერატონი… 

პირველმა სამსახურმა უდიდესი გავლენა იქონია ჩემი კულტურის ჩამოყალიბებაზე. ყველა ორიენტირებული იყო საქმესა და შედეგზე. სულ ვგრძნობდი მხარდაჭერას და ნამდვილ პროფესიონალიზმს.

მას შემდეგ, რაც 2005 წელს, PwC შემოვიდა საქართველოში და UBC-ის გუნდს ჩაგვიტარა გასაუბრება. ნახეს, რომ სწორად ვაკეთებდით ბევრ რამეს და მე და ჩემი მეგობრები აგვიყვანეს. რომ მითხრეს, შენი ხელფასი $440 იქნებაო, წარმოუდგენელი იყო, არ მჯეროდა. მალევე დამაწინაურეს. შემდეგ ჩემი კოლეგა შემიყვარდა, აღარ მინდოდა შეყვარებულთან ერთ ოთახში მუშაობა და დავიწყე სხვა სამსახურის ძებნა, რა დროსაც 23 წლის ასაკში თიბისი ბანკში დავიწყე მუშაობა შიდა აუდიტის უფროსის პოზიციაზე.

თიბისი ბანკში ბევრი საინტერესო წელი გავატარე ზუსტად იმ პერიოდში როდესაც საქართველოს საბანკო სფეროს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიმდინარეობდა. შიდა აუდიტის შემდეგ სხვადასხვა დროს ვხელმძღვანელობდი მომხმარებლის გამოცდილებისა და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის დეპარტამენტს და საოპერაციო რისკების განყოფილებას. Warwick Business School-ის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისთანავე TBC PAY-ის დირექტორად დავინიშნე, რა დროსაც გუნდთან ერთად კომპანია მნიშვნელოვნად გადავაკეთეთ, შემდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გადმოვინაცვლე საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე. ასევე წამოვიწყე საკუთარი ბიზნესებიც, რომელთაგან ნაწილი გაქრა, ნაწილი წარმატებულია. გამოვყოფდი, ქართული ღვინის ონლაინ მაღაზიას gvinouk.com დიდ ბრიტანეთში და shopshop.ge-ს რომელიც პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად გავუშვით. დღეს, ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიას extra.ge ვხელმძღვანელობ და ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად ვავითარებთ ელექტრონულ კომერციას საქართველოში.

ანზორ მანწკავა – Extra.ge-ის დირექტორი

“ალოკე ეკრანი და დააგემოვნე საკვები” — იაპონელი მეცნიერის ინოვაციური მოწყობილობა

ნახეთ დავით გოგიჩაიშვილის სამი NFT, რომელიც Opensea-ზე იყიდება