13
Jan
2020

რა ღირს სუფთა ჰაერის სუნთქვა – მოწყობილობა Atmos

13 Jan 2020

veon
veon


ორ წელზე დიდი ხნის წინ, ვწერდით ქართულ სტარტაპ Treepex-ზე, რომელმაც ქართული და საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება მიიქცია. მიზეზი იყო მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ჰაერის გაფილტვრისა და „საკუთარი ტყის სუნთქვის“ დაპირებას აძლევდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსგავსი მოწყობილობა არ არსებობდა და ეს იყო სააგენტო Windfor’s-ის ერთგვარი კამპანია, საქართველოსა და მსოფლიოს ყურადღების მისაქცევად, უფრო კონკრეტულად კი ბორჯომის ტყის გადასარჩენად.

მაშინ ვამბობდით, რომ ინდივიდუალური მოხმარების მოწყობილობა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლისთვის გამოსავალი არ არის და მეტად მასშტაბური ფიქრია საჭირო. კონკრეტულად, საჭიროა ხეების დარგვა. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2020-ზე მსგავსი ფუნქციის პროდუქტი გამოჩნდა. ეს უკვე ნამდვილი მოწყობილობაა, რომელიც გარემოზე ზრუნვის პარალელურად, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, პირბადისებური Atmos-ით გვთავაზობს.

იმის შეხსენებას აღარ დავიწყებ, თუ როგორ დრამატულად მოქმედებს ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ალბათ, არც იმის შეხსენება გჭირდებათ, თუ რამდენი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება სასუნთქი გზებიდან ორგანიზმში მოხვედრილი სხვადასხვა, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი ნივთიერება. უბრალოდ, მოგიყვებით მოწყობილობის შესახებ, რომლის მიზანიც საკმაოდ ამბიციურია – სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და ადამიანებში, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია.

პროდუქტი კომპანია Ao Air-მა, საკუთარი პატენტის – PositivAir-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. სისტემა იყენებს ერთგვარ ვენტილატორებსა და ჰაერის ფილტრებს მის გასაწმენდად და თქვენთვის მოსაწოდებლად. ამ მიზნის მისაღწევად მას აქვს წნევის სენსორებიც და ამასთან, რა თქმა უნდა, მოწყობილობა სპეციალურ აპლიკაციასთან ერთად მუშაობს. მობილური აპლიკაციიდან შეგიძლიათ აკონტროლოთ ჰაერის ხარსიხი, ან შეიტყოთ კონკრეტულ გარემოში, რამდენად გიწმენდთ ჰაერს მოწყობილობა.

აღსანიშნავია, რომ არ არის საჭირო Atmos კანზე გეხებოდეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა, ტრადიციული პირბადეებისგან განსხვავებით, ის არ იწვევს ოფლიანობას, ან კანთან შეხებით გამოწვეულ სხვა დისკომფორტებს და მეტიც, კომპანიის განცხადებით, ბაზარზე არსებულ მსგავს პირბადეებთან შედარებით, Atmos 50-ჯერ უკეთ წმენდს ჰაერს. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც Atmos-ის შემქმნელებმა, დიზაინზე მუშაობისას გაითვალისწინეს მისი გამჭვირვალობაა. ამ გადაწყვეტის წყალობით, მოწყობილობა არ ფარავს ადამიანის სახეს.

მიუხედავად ამ უპირატესობებისა, გვაფიქრებს მოწყობილობის ფასი – ის 350 დოლარი ღირს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ჰაერის დაბინძურებით ეკონომიკურად ყველაზე სუსტი ფენა ზარალდება. პროდუქტი ჯერ კიდევ სიახლეა ბაზარზე და შესაბამისად, შესაძლოა მისი ფასიც საგრძნობლად შეიცვალოს, თუმცა, ალბათ ღირს დავფიქრდეთ; ინდივიდუალურ გაჯეტს შეუძლია კონკრეტული ადამიანის პრობლემის პრევენცია, თუმცა, ფასის გათვალისწინებით, რამდენად შეძლებს ის იქცეს სამომხმარებლო პროდუქტად დაბალ საფასო სეგმენტში?

პროდუქტის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია და მისი მიწოდება 2020 წლის ივლისიდან დაიწყება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწყობილობას ფილტრები ეცვლება და მაგალითად, 4 თვის სამყოფი ფილტრის ყიდვა 50 დოლარი დაგიჯდებათ. წინასწარი შეკვეთისას ეს საჩუქარი, ერთჯერადად, გათვალისწინებულია.

განხილვა