NFT რომ სულ უფრო პოპულარული ხდება და ჯერჯერობით არ აპირებს ამ ტემპის შეჩერებას, აშკარაა… შესაბამისად, სხვადასხვა ორგანიზაცია ცდილობს, ახალ ტენდენციაში მეტად ინოვაციურად ჩაებას. ახლა კი Associated Press (AP), კომპანია Xooa-სთან პარტნიორობით, თავისი ფოტოჟურნალისტების NFT ნამუშევრების გასაყიდ პლატფორმას ქმნის.
როგორც ახალი ამბების გამოცემაში აღნიშნავენ, მისი სისტემა “მწვანე” პოლიგონის ბლოკჩეინზე აშენდება. მათი NFT-იები ორიგინალური მეტამონაცემების მდიდარ კომპლექტს მოიცავს — მაგალითად, პირველ კოლექციაში შედის სივრცის, კლიმატის, ომისა და სხვა მოვლენების ამსახველი ფოტოები.
როგორც ჩანს, AP არ ცდილობს, თავისი NFT-იები გაყიდოს, როგორც ვირტუალური მუზეუმის ან, მეტავერსის ნაწილი. ამის ნაცვლად, პროექტი მთლიანად კოლექციონერებისკენაა მიმართული, რომლებსაც სურთ, შეუფერხებლად იყიდონ და გაყიდონ ნამუშევრები. თანხის გადახდა კი შესაძლებელი იქნება საკრედიტო ბარათების ან Ethereum-ის გამოყენებით. ამასთან, MetaMask პირველი მხარდაჭერილი საფულე იქნება, მაგრამ სამომავლოდ სხვა ალტერნატივების დამატებაც იგეგმება.
მთელი პროცესი უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, აქ ვირტუალური რიგები იქნება მოწყობილი, NFT-იების შესაძენად. ყოველ ორ კვირაში ერთხელ კი “Pulitzer Drops” გაიმართება, რომელიც უფრო შეზღუდული რაოდენობის NFT-იებს შეიცვას. მყიდველებს ამ ნამუშევრების გადაყიდვა ვებგვერდის მეორად ბაზარზე შეეძლებათ.
AP-ის თანახმად, ამ ახალი წამოწყებიდან მიღებული თანხა მისი ჟურნალისტური საქმიანობის დაფინანსებას მოხმარდება. ამასთან, უცნობია, რა ოდენობის თანხას მიიღებენ უშუალოდ ფოტოგრაფები. პლატფორმაზე კი გაყიდვისთვის 10-პროცენტიანი საკომისიოა დაწესებული და, რა თქმა უნდა, ამ გადასახადს ორი კომპანია გაიზიარებს — AP და Xooa.
საგულისხმოა, რომ AP პირველი ჟურნალისტური წამოწყება არ არის, რომელიც იყენებს ან დაინტერესებულია არა-ჩანაცვლებადი ტოკენით. Quartz-მა და The New York Times-მა თავიანთი სტატიების ასლები გაყიდეს, როგორც NFT. Getty Images-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრეიგ პიტერსმა კი აღნიშნა, რომ კომპანიას რეალური შესაძლებლობა აქვს, როდესაც საქმე ამ ახალ წამოწყებას ეხება…